ახალი ამბები

რუსეთის სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე, დღე მე-2 — განახლებადი [Live]

25 თებერვალი, 2022 • 5332
რუსეთის სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე, დღე მე-2 — განახლებადი [Live]

25 თებერვალი — მე-2 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, ომის პირველი დღის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 137 ადამიანი, რომელთა შორის არიან სამოქალაქო პირებიც. უკრაინულმა ჯარმა გაანადგურა რუსეთის 160 ჯავშანტექნიკა, 5 თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი.

რუსულმა არმიამ დაბომბა არაერთი სტრატეგიული ობიექტი, დაიკავეს 1986 წელს აფეთქებული ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური.

პარალელურად, დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის, აშშ-მ განაცხადეს, რომ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ აწესებენ მძიმე ეკონომიკურ სანქციებს.

უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის პირველი დღის ქრონოლოგია ნახეთ ბმულზე:

ნეტგაზეთი განახლებად რეჟიმში გთავაზობთ 25 თებერვლის სიახლეებს უკრაინაში მიმდინარე სასტიკი რუსული აგრესიის შესახებ. სიახლეები გამოჩნდება გვერდის თქვენ მიერ განახლების (დარეფრეშების) შემდეგ.


26 თებერვალი

04:50 — უკრაინის თავდაცვის ძალების თანახმად, კიევის ოლქის ქალაქ ვასილკოვში, სადაც “ოკუპანტები დესანტის გადმოსხმას ცდილობენ”, მძიმე ბრძოლებია. ვასილკოვს კიევიდან 29 კმ-ზე ნაკლები აშორებს.

03:22 — უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანახმად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს IL-76, რომელსაც რუსული დესანტი გადაჰყავდა.

03:07 — უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართა. მან 25 თებერვლის ღამით მოსალოდნელ სიძნელეებზე ისაუბრა და დასძინა, რომ ქვეყნის მრავალი ქალაქია დარტყმის ქვეშ.

01:58 — უკრაინა  და რუსეთი მოლაპარაკებების ადგილსა და თარიღზე მსჯელობენ. ინფორმაციას Reuters უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

01:20 — ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს პერსონალურ სანქციებს დაუწესებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ დაადასტურა.

00:11 — უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თბილისში უკრაინის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებს მადლობას უხდის:

„გასაოცარი ქართველი ხალხი, რომელიც ხვდება რომ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირო.

25 თებერვალი

23:50 — ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ისინი შეთანხმდნენ, გააგრძელონ უკრაინის დახმარება და მას მიაწოდონ სამხედრო დახმარება, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემები. სტოლტენბერგს უფრო მეტად არ დაუკონკრეტებია, თუ რა ტიპის დახმარებაზეა საუბარი.

22:57 — ევროკავშირმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა.

22:18 — უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაარწმუნა, რომ იტალია რუსეთის SWIFT-დან გათიშვას მხარს დაუჭერს.

21:42 – ევროპის რაგბის ფედერაცია (Rugby Europe) გმობს რუსეთის სამხედროების შეჭრას უკრაინაში და რუსეთში აქტივობებს აჩერებს.

ფედერაცია 25 თებერვალს გავცელებულ განცხადებაში წერს, რომ გაერთიანება იზიარებს საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას ევროპაში უსაფრთხოების მხრივ არსებული მდგომარეობის გამო და „გმობს რუსეთის მიმდინარე შეჭრას უკრაინაში“.

21:19 — გერმანული გამოცემა „დოიჩე ველეს“ ცნობით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის სამხედრო ძალების მიერ მოლდოვისა და საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო აგრესიის გამო.

21:10 — უკრაინის სოლიდარობისა და ხელისუფლების მხრიდან უკრაინის საკითხზე გაკეთებული განცხადებების გასაპროტესრტებლად აქციამ მთავრობის კანცელარიიდან რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა. ხალხის სიმრავლის გამო გამზირი გადაკეტილია.

20:59 — საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთისთვის წარმომადგენლობის უფლების შეჩერება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში და საპარლამენტო ასამბლეაში (PACE).

ეს ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

20:50 — რუსეთის „ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერაციული სამსახურის“, Роскомнадзор-ის ცნობით, დღეიდან, 25 თებერვლიდან რუსეთში ფეისბუკზე წვდომა იზღუდება.

20:46 — ევროპის მაუწყებელთა კავშირი, რომელიც ყოველწლიურად მუსიკალურ კონკურს ევროვიზიას ატარებს, აცხადებს, რომ წლევანდელ კონკურსში რუსეთის წარმომადგენელი მონაწილეობას ვერ მიიღებს.

კონკურსის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მასში წარმოდგენილი იქნებოდა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ეს კონკურსის ჩაშლას გამოიწვევდა.

20:11 – რუსეთს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში და საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) წარმომადგენლობის უფლება შეუჩერდა.

19:45 – ევროკავშირი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის საგარეო აქტივების გაყინვას განიხილავს.

The Guardian-ის ცნობით, ეს ნაბიჯი ძირითადად სიმბოლურია, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთის პრეზიდენტს ჰქონდეს იდენტიფიცირებადი პირადი აქტივები საზღვარგარეთ.

19:32 —პოლონეთი და ჩეხეთი რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას გეგმავენ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტი ამზადებს რეზოლუციას, რომლის მიზანიც იქნება პოლონეთის მიერ რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა.

19:20 — თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, მოქალაქეები უკრაინის მხარდამჭერ აქციას მართავენ, სადაც გმობენ საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო არ განიხილავს შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

18:56 — ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი უკრაინაში რუსეთის ომზე განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ხელისუფლებას  რუსეთის აგრესიის შესაკავებლად ქმედითი ზომების გატარებისკენ მოუწოდებენ.

18:55 — უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღის სამი საათის მონაცემებით, რუსული აგრესიის დაწყებიდან, გაანადგურეს მტრის 2800-მდე ჯარისკაცი.

უწყების ცნობით, განადგურებული ტანკების რიცხვი 80-ს აღწევს.

18:26 — დედაქალაქთან რუსული ძალების მიახლოების პარალელურად, უკრაინის ხელისუფლება ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ, რათა წინ აღუდგნენ მოწინააღმდეგეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველ ვადიმ დენისენკოს განცხადებით, კიევში მოხალისეებს 18 000 ავტომატი გადასცეს.

18:21 — ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას უკრაინის პასიურ მხარდაჭერაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ეს საქართველოსთვისაც წამგებიანი პოზიციაა. ისინი აკრიტიკებენ “ქართული ოცნების” მიერ უკრაინის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩაშლასა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

18:11 — რუსეთის პირველ სახელმწიფო არხზე დღევადელ, 25 თებერვლის გადაცემაში “ვრემია პოკაჟეტ” [დრო გვიჩვენებს] გაემოეხმაურნენ საქართველოს  პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინისადმი არასოლიდარულ განცხადებას.

გადაცემის წამყვანების განცხადებით, რუსეთის წერტილოვანმა დარტყმებმა 14 წლის შემდეგ გამოიღო შედეგი და დააჭკვიანა საქართველოს ხელისუფლება, რომელიც დღეს აცხადებს, რომ არ შეუერთდება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

18:02 — კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქალაქი გადავიდა „თავდაცვით ფაზაში“.

„სროლები და აფეთქებები ისმის ჩვენს ზოგიეთ სამეზობლოში. დივერსანტები უკვე შემოვიდნენ კიევში. მტერს სურს, ქალაქი მუხლებზე დააჩოქოს და დაგვანგრიოს“, – განაცხადა მან.

18:04 — მიუნხენის მერი დიტერ რაიტერი (გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) წევრი) მიუნხენის სიმფონიური ორკესტრის მთავარ დირიჟორს, ვალერი გერგიევს, – რომელიც ვლადიმერ პუტინის მეგობარია, – მიმართავს და აცხადებს, რომ თუკი ის უკრაინაში რუსეთის ქმედებებს არ დაგმობს, მთავარი დირიჟორის პოსტის დატოვება მოუწევს.

17:55 — „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ უკრაინის მხარადასაჭერად პეტიცია – „Русский корабль, иди нахуй!“ შექმნა. ამ დროისათვის პეტიციას 300-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

17:35 — Facebook-ის და Twitter-ის ქართველი მომხმარებლები ემიჯნებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს და აზიარებენ უკრაინის დროშის ფერებში გადაწყვეტილ ფოტოს ინგლისურენოვანი წარწერით: sorry for our government (ბოდიში ჩვენი მთავრობისთვის). ისინი ხაზს უსვამენ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის მიუღებელია.

17:28 — რუსეთი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებების მიზნით მინსკში საკუთარი დელეგაცია გაგზავნოს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

როგორც რუსეთის სამთავრობო მედიასაშუალება „რია ნოვოსტი“ წერს, პესკოვის თქმით, მომლაპარაკებელი დელეგაცია დაკომპლექტებული იქნება თავდაცვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებით.

16:55 — ანონიმურმა ჰაკერულმა ჯგუფმა Anonymous-მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე კიბერ-შეტევა განახორციელა.

16:30 — რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მოლაპარაკებებისთვის მზად იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინელები იარაღს დაყრიან.

16:28  — უკრაინამ დაიბრუნა კუნძული ზმეინი, რომლის დაცვასაც 13 უკრაინელი მესაზღვრე შეეწირა. ინფორმაციას UNIAN ავრცელებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველზე დაყრდნობით.

16:27 — უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთს მადლობას უხდის გაწეული დახმარებისთვის.

16:26 — უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო გამოცდილების მქონე ევროპელებს მიმართა და უკრაინისა და ევროპის დასაცავად ბრძოლისკენ მოუწოდა.

„თუ გაქვთ სამხედრო გამოცდილება და არ გინდათ უყუროთ პოლიტიკოსების გაურკვევლობას, ჩამოდით ჩვენს ქვეყანაში და დაიცავით ევროპა ჩვენთან ერთად, სადაც ეს ძალიან საჭიროა. თქვენ უკვე დაგაშანტაჟეს გაზით. გამცირებენ. მათ სურთ თქვენი დაყოფა ისევე, როგორც დღეს ცდილობენ უკრაინის დაყოფას. დაიცავით თავი. ისევე, როგორც ჩვენ ვიცავთ თავს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

16:00 — დღეს, 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან “დროა” აქციას გამართავს. როგორც “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, აქციის მონაწილეებმა “სირცხვილი უნდა მოიწმინდონ, რაც გამოწვეულია საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით უკრაინაში ომთან დაკავშირებით.

15:55 — უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს მიმართავს და ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.

15:41 — რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „იტყუება“, როდესაც რუსეთთან უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე მოლაპარაკებებზე საუბრობს.

15:26 — სანქციების საპასუხოდ რუსეთმა დიდ ბრიტანულ ავიაკომპანიებს რუსეთის საჰაერო სივრცე ჩაუკეტა.

15:15  – უკრაინელი დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აკრიტიკებს უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების გამო.

„ყველაზე მეტად გასაოცარია რეაქცია უბრალო კითხვაზე: აპირებს თუ არა ღარიბაშვილი სოლიდარობის ნიშნად კიევში ჩასვლას. პრემიერის თქმით, უკრაინის თავზე ცა დაკეტილია. არა უშავს, ირაკლი. როცა ომი დამთავრდება და სამხედროების ნაცვლად სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ ჩვენს თავზე, უკვე შეგიძლია არსად წახვიდე,“ — აცხადებს გონჩარენკო.

15:03 — CNN-ის ცნობით, უკრაინულმა არმიამ მოწინააღმდეგეს ქალაქ ხერსონში უკან დაახევინა და ამჟამად რუსები ხიდს მიღმა არიან განთავსებული.

14:45 — უკრაინა ქვეყნის ნეიტრალურ სტატუზე რუსეთთან მოლარაკებების დასაწყებად მზადაა, თუმცა სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა, РБК ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაზე დაყრდნობით.

14:56 — საქართველოს სახახლო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერის განცხადებები მის პოზიციას არ გამოხატავს. ლომჯარიას თქმით, ქართველები მეგობრებს გასაჭირში არ ტოვებენ.

13:47 — უკრაინაში, ხერსონის ოლქში, საზღვაო ქვეითმა თავი აიფეთქა, რათა ხიდზე რუსულ ტანკთა კოლონა შეეჩერებინა.

როგორც გენშტაბი წერს, საუბარია ხერსონის ოლქში, ჰენიჩესკში არსებულ ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმის დანარჩენ უკრაინასთან აკავშირებს. უწყება ამბობს, რომ ხიდი დანაღმული იყო.

14:05 — ჩემპიოთა ლიგის ფინალი რუსეთის ნაცვლად პარიზში გაიმართება.

13:42 — უკრაინელმა სამხედროებმა რუსული Су-27-ს პილოტი ტყვედ აიყვანეს. ამის შესახებ გამოცემა უკრინფორმის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არეტოვიჩმა განაცხადა.

12:43 — საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა „არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს“ და „უსაფრთხოების კაბინეტთან“ მუშაობა მისი საქმიანობის ნაწილია.

მან ასევე თქვა, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს.

12:30 — ყოფილი მოკრივეები, ძმები, ვიტალი და ვლადიმერ კლიჩკოები ამბობენ, რომ რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვებიან თანამოქალაქეებთან ერთად.

ვიტალი კლიჩკომ რამდენიმე კვირის წინ ჩაეწერა უკრაინის არმიის რეზერვში და თქვა, რომ სამშობლოს სიყვარულმა აიძულა, ასე მოქცეულიყო.

50 წლის ვიტალი კლიჩკო, რომელიც 2014 წლის შემდეგ კიევის მერია, ამბობს: „სხვა არჩევანი არ მაქვს, ეს უნდა გავაკეთო. ვიბრძოლებ“.

12:25 — დამოუკიდებელი უკრაინული მედიასაშუალება The Kyiv Independent იტყობინება, რომ რუსი სამხედროები კიევის ობოლონის უბანში არიან, სადაც უკრაინელი სამხედროები ამ წუთებში ებრძვიან მათ.

12:10 – ხარკოვის ოლქში რუსეთის ჯარის მიერ საცხოვრებელი სახლის დაბომბვას 14 წლის ანტონ ტარასენკო ემსხვერპლა.

12:00 — უკრაინაში რუსეთის სასტიკ საომარ ოპერაციას ინსტაგრამზე გამოეხმაურა ჰოლივუდის ვარსკვლავი და გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს სპეციალური ელჩი.

„ბევრი თქვენგანის მსგავსად მე ვლოცულობ უკრაინელი ხალხისთვის. მე და ჩემი კოლეგები გაეროს ლტოლვილთა სააგენტოდან, ფოკუსირებულები ვართ, რათა უზრუნველვყოთ და დავიცვათ რეგიონში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულთა უფლებები,“ – განაცხადა ანჯელინა ჯოლიმ.

11:10 — „ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უკრაინაზე. მანამდე ამ სხდომის გამართვისკენ პარლამენტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მოუწოდა. სხდომა ოპოზიციის ინიციტივით იმართებოდა და იგეგმებოდა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაბარება.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას უკრაინაში მიმდინარე ომის გამოყენება უნდა შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის, რის გამოც „ოცნების“ დეპუტატები ამ სხომას არ დაესწრებიან, ოპოზიციას კი კვორუმისთვის საკმარისი ხმები არ აქვს.

10:52 — 25 თებერვალს, გამთენიისას,  ლუგანსკის ოლქში დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაჭრილებიც.

ინფორმაცია და ფოტომასალა უკრაინის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურმა გაავრცელა. საუბარია ლუგანსკის ქალაქ  სტარობილსკში ქუჩების დაბომბვაზე.

10:17 — „იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ“ – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მოსახლეობას.

ზელენსკიმ 25 თებერვალს, დილით სპეციალური ბრიფინგი გამართა და  ისაუბრა კიევის დაბომბვაზე, რომელიც დღეს დილას 04:00 საათზე დაიწყო.

10:10 — ამერიკელი ანალიტიკოსი, Heritage Foundation-ის დირექტორი ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლავე უნდა დაიწყოს საქართველოს შეიარაღება, რათა შემდეგ გვიანი არ აღმოჩნდეს.

08:45 — კიევი დილიდან იბომბება. “საშინელი რუსული სარაკეტო დარტყმა კიევზე. ბოლოს ჩვენმა დედაქალაქმა ასეთი გამოცდილება 1941 წელს მიიღო, როდესაც ნაცისტური გერმანია დაესხა თავს. უკრაინამ ის ბოროტება დაამარცხა და დაამარცხებს ამასაც“ — წერს ტვიტერზე უკრაინის მთავრობის მრჩეველი ანტონ გერაშენკო.

08:16 — უკრაინის მთავრობის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს განცხადებით, კიევში ჩამოვარდნისას რუსული თვითმფრინავი 9 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა.

მისი განცხადებით, სავარაუდოდ, დიდია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

გერაშენკო უცხოელ ჟურნალისტებსაც ესაუბრა, სადაც განაცხადა, რომ კიევი ბალისტიკური რაკეტებით იბომბება.

მასალების გადაბეჭდვის წესი