ახალი ამბები

თუ ვალერი გერგიევი პუტინის ქმედებებს არ დაგმობს, დირიჟორად ვერ დარჩება – მიუნხენის მერი

25 თებერვალი, 2022 • 1189
თუ ვალერი გერგიევი პუტინის ქმედებებს არ დაგმობს, დირიჟორად ვერ დარჩება – მიუნხენის მერი

მიუნხენის მერი დიტერ რაიტერი (გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) წევრი) მიუნხენის სიმფონიური ორკესტრის მთავარ დირიჟორს, ვალერი გერგიევს, – რომელიც ვლადიმერ პუტინის მეგობარია, – მიმართავს და აცხადებს, რომ თუკი ის უკრაინაში რუსეთის ქმედებებს არ დაგმობს, მთავარი დირიჟორის პოსტის დატოვება მოუწევს.

„მე ჩემი პოზიცია ცხადად დავაფიქსირე ვალერი გერგიევთან და ვთხოვე, ასევე ცალსახად გაემიჯნოს იმ აგრესიასა და სასტიკს ომს, რომელსაც პუტინი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ და ამჟამად, განსაკუთრებით, ჩვენი „დაძმობილებული“ ქალაქის, კიევის წინააღმდეგ“, – განაცხადა რაიტერმა 25 თებერვალს.

„თუკი ვალერი გერგიევი ცხადად არ დააფიქსირებს პოზიციას ორშაბათამდე, აღარ შეეძლება, იყოს ჩვენი სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი“, – აცხადებს ქალაქის მერი.

გერგიევი 2015 წლიდან ხელმძღვანელობს მიუნხენის ორკესტრს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა მილანის მერის, ჯუზეპე სალამის განცხადება, რომელმაც ასევე მოუწოდა გერგიევს, დაეგმო თავდასხმა უკრაინაზე, თუკი „ლა სკალას“ თეატრთან თანამშრომლობის გაგრძელება სურდა.

ასევე, მას ახლახან აეკრძალა დირიჟორობა „კარნეგი ჰოლში“.

გერგიევი მხარს უჭერდა ყირიმის ოკუპაციას.


მე-2 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი