ახალი ამბები

დაყარონ უკრაინის ძალებმა იარაღი, შემდეგ შეიძლება მოლაპარაკებები – ლავროვი

25 თებერვალი, 2022 • 947
დაყარონ უკრაინის ძალებმა იარაღი, შემდეგ შეიძლება მოლაპარაკებები – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მოლაპარაკებებისთვის მზად იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინელები იარაღს დაყრიან.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 თებერვალს ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა.

„მინდა კიდევ ერთხელ მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბრძოლა. მოდით, დავსხდეთ მოლაპარკების მაგიდასთან, რათა შევაჩეროთ ადამიანების დაღუპვა“, — თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე მოუწოდა ევროპის ქვეყნებს უკრაინის დაცვისკენ, რადგან „რუსეთის მიერ უკრაინაში შემოჭრა – ეს უბრალოდ შემოჭრა არაა, ესაა ევროპის წინააღმდეგ დაწყებული ომი“.

მანამდე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის, როდესაც „უკრაინის შეიარაღებული ძალები იარაღს დაყრიან“.

ლავროვის სიტყვებით, ამის შემდეგ უკრაინაში მცხოვრები ხალხი შეძლებს „დამოუკიდებლად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი, გარედან ყოველგვარი ზეწოლის გარეშე“.

ზელენსკიმ ამავე მიმართვისას უკრაინულად უთხრა შეიარაღებულ ძალებს, რომ მტკიცედ იდგნენ: „თქვენ ხართ ყველაფერი, რაც გაგვაჩნია. მხოლოდ თქვენ იცავთ ჩვენს სახელმწიფოს. გაუმარჯოს უკრაინას!“

მე-2 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

ვრცლად:

რუსეთის სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე, დღე მე-2 — განახლებადი [Live]

მასალების გადაბეჭდვის წესი