ახალი ამბები

უკრაინელმა სამხედრომ თავი აიფეთქა, რათა ხიდზე რუსული ტანკები შეეჩერებინა — გენშტაბი

25 თებერვალი, 2022 • 4137
უკრაინელმა სამხედრომ თავი აიფეთქა, რათა ხიდზე რუსული ტანკები შეეჩერებინა — გენშტაბი

უკრაინაში, ხერსონის ოლქში, საზღვაო ქვეითმა თავი აიფეთქა, რათა ხიდზე რუსულ ტანკთა კოლონა შეეჩერებინა.

როგორც გენშტაბი წერს, საუბარია ხერსონის ოლქში, ჰენიჩესკში არსებულ ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმს დანარჩენ უკრაინასთან აკავშირებს. უწყება ამბობს, რომ ხიდი დანაღმული იყო.

„ვიტალის თანამოძმეების თქმით, ის გამოვიდა ხაზზე და თქვა, რომ ხიდის აფეთქებას აპირებს. უმალვე გაისმა აფეთქების ხმაც. ჩვენი თანამოძმე დაიღუპა. მისმა გმირულმა საქციელმა მტრის მოძრაობის სიჩქარე განსაკუთრებულად შეამცირა, რამაც ქვედანაყოფს საშუალება მოგვცა დისლოკაციის ადგილის შეცვლისა და თავდაცვის ორგანიზებისა,“ — წერს გენშტაბი.

ჰენიჩესკის ხიდი ახლა გამოიყურება ასე:

უკვე მსჯელობენ ვიტალი სკაკუნისთვის სახელმწიფო ჯილდოს გადაცემის საკითხზე.


მე-2 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“. დღეს დილით დაიწყო კიევის დაბომბვაც.

ვრცლად:

რუსეთის სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე, დღე მე-2 — განახლებადი [Live]

მასალების გადაბეჭდვის წესი