ახალი ამბები

სამოქალაქო ორგანიზაციები ხელისუფლებას უკრაინის მხარდასაჭერად ქმედითი ზომების გატარებისკენ მოუწოდებენ

25 თებერვალი, 2022 • 1007
სამოქალაქო ორგანიზაციები ხელისუფლებას უკრაინის მხარდასაჭერად ქმედითი ზომების გატარებისკენ მოუწოდებენ

სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი უკრაინაში რუსეთის ომზე განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ხელისუფლებას  რუსეთის აგრესიის შესაკავებლად ქმედითი ზომების გატარებისკენ მოუწოდებენ.

“ამ წუთებში რუსეთის ხელისუფლება აწარმოებს ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ. ეს თავდასხმა არ არის მხოლოდ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ: დღეს წყდება საქართველოს, ისევე როგორც მთელი მსოფლიოს ბედი. დღეს წყდება დემოკრატიული, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის არსებობის საკითხი.

დღემდე, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს წარმოებულ ომზე სათანადო პასუხის არარსებობამ მწვანე შუქი აუნთო რუსეთს უკრაინაში 2014 და უკვე 2022 წელს თავდასხმისთვის. დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ 2008 წელს ომი დაიწყო სწორედ რუსეთმა და იმ შემთხვევაში, თუ დემოკრატიული სამყარო წინ არ აღუდგება რუსეთის ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯებით, მსგავსი სცენარის გამეორების საფრთხის წინაშე ვართ საქართველოშიც.

ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დაუშვებლად მივიჩნევთ სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმას და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ამასთან, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, შეუერთდეს დემოკრატიული სახელმწიფოების უდიდეს ნაწილს და გაატაროს ქმედითი ზომები უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის აგრესიის შესაკავებლად”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:

  • ღია სივრცე კავკასია
  • გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი ფაქტი“
  • საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია „SOVLAB”
  • უფლებები საქართველო
  • თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  • დემოკრატ მესხთა კავშირი
  • ასოციაცია „დეა“
  • მედია ცენტრი კახეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი