ახალი ამბები

საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს – ღარიბაშვილი

25 თებერვალი, 2022 • 4177
საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.

ეს განცხადება ღარიბაშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან გააკეთა.

„საქართველო არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. შესაბამისად, მე, როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და მთავრობის მეთაური, ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ვიხელმძღვანელებ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით“ – ამბობს ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებს თუ არა ისუკრაინაში ჩავიდეს. მას შეახსენეს, რომ 2008 წლის დროს, უკრაინის ლიდერები საქართველოში იმყოფებოდნენ – „უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის“.

დამატებით კითხვაზე, ხომ არ ჩავა კიევში სოლიდარობის გამოსახატად, ღარიბაშვილი პასუხობს, რომ სოლიდარობა „ჩვენ როგორც შეგვიძლია, გამოვხატეთ და ამის თაობაზე მოგახსენეთ“. მანამდე დასძინა, რომ საქართველო შეძლებისდაგვარად დაეხმარება უკრაინის მოქალაქეებს.

„კითხვაზე, ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას, თქვენ მოგეხსენებათ, რომ დახურული არის საჰაერო სივრცე, არათუ მე, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერები ვერ ჩადიან უკრაინაში. პასუხი შესაბამისია“, – ამატებს ის.

ამ დროისთვის, დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ აწესებენ მძიმე ეკონომიკურ სანქციებს.


რუსეთმა უკრაინაში მასობრივი, სასტიკი ომი 24 თებერვალს დაიწყო, რასაც, უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, 137-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. გარდა ამისა, განადგურებულია არაერთი რუსული სამხედრო თვითმფრინავი, ჯავშანმანქანა და ვერტმფრენი.

რუსეთმა 25 თებერვალს, გამთენიისას, დაიწყო კიევის დაბომბვა.

რუსეთის სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე, დღე მე-2 — განახლებადი [Live]

მასალების გადაბეჭდვის წესი