ახალი ამბები

აშშ სანქციებს დაუწესებს პუტინსა და ლავროვს

26 თებერვალი, 2022 • 819
აშშ სანქციებს დაუწესებს პუტინსა და ლავროვს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს პერსონალურ სანქციებს დაუწესებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ დაადასტურა.

“ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან პარტნიორობით”, — დასძინა მან.

თეთრ სახლში ამბობენ, რომ აღნიშნულ სანქციებთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ.

კითხვას, მოიცავს თუ არა სანქციები პუტინისთვის მოგზაურობის შეზღუდვას, პსაკიმ ასე უპასუხა:

“მე მჯერა, რომ ეს იქნება ამერიკული კომპონენტის ნაწილი”.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ 24 თებერვალს გამოცხადებული სანქციათა პაკეტი ვლადიმერ პუტინის მიმართ პირდაპირ სანქციებს არ მოიცავდა.

აშშ-მდე, პუტინსა და ლავროვს სანქციები ევროკავშირმა დაუწესა. საუბარი ეხება მათთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული აქტივების გაყინვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი