საზოგადოება

ხარკოვის ოლქში საცხოვრებელი სახლის დაბომბვას 14 წლის ბავშვი შეეწირა

25 თებერვალი, 2022 • 1752
ხარკოვის ოლქში საცხოვრებელი სახლის დაბომბვას 14 წლის ბავშვი შეეწირა

უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუჰუივში რუსული დაბომბვის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა.

შემთხვევა 24 თებერვალს მოხდა. როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში იუწყებიან, ცეცხლის ქვეშ 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლი მოჰყვა. ადგილზე მისვლისას შენობას ცეცხლი ეკიდა. ცეცხლმოკიდებული სახლიდან მაშველებმა 15 მოქალაქე გამოიყვანეს.

აფეთქებას 14 წლის ბიჭი შეეწირა.

მომხდარიდან მალევე ფეისბუკზე ბიჭის პასპორტის ფოტო უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ გამოაქვეყნა.

„ვაქვეყნებ მოკლული ანტონ ტარასენკოს პასპორტს. დაე, მთელმა მსოფლიომ, მთელმა რუსეთმა ჩახედოს დაღუპულ ბავშვს თვალებში. რუსეთის მოქალაქეებო, თქვენ უნდა გრცხვენოდეთ, რომ პუტინს უკრაინელი ბავშვების მოკვლის უფლება მიეცით“, – წერს ის.


რუსეთმა უკრაინაში მასობრივი, სასტიკი ომი 24 თებერვალს დაიწყო, რასაც, უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, 137-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. გარდა ამისა, განადგურებულია არაერთი რუსული სამხედრო თვითმფრინავი, ჯავშანმანქანა და ვერტმფრენი.

რუსეთმა 25 თებერვალს, გამთენიისას, დაიწყო კიევის დაბომბვა.

რუსეთის სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე, დღე მე-2 — განახლებადი [Live]

მასალების გადაბეჭდვის წესი