ახალი ამბები

ვღელავ მოლდოვასა და საქართველოზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის გამო – ლე დრიანი

25 თებერვალი, 2022 • 2280
ვღელავ მოლდოვასა და საქართველოზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის გამო – ლე დრიანი

გერმანული გამოცემა „დოიჩე ველეს“ ცნობით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის სამხედრო ძალების მიერ მოლდოვისა და საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო აგრესიის გამო.

ლე დრიანმა დღეს, France Inter Radio-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ცდილობს, გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფოებრიობა. „დოიჩე ველე“ სწორედ ამ ინტერვიუს ეყრდნობა.

„ეს არის სრულმასშტაბიანი ომი. პუტინმა გადაწყვიტა … ამოიღოს უკრაინა ქვეყნების რუკიდან“, – თქვა მან რადიოსთან ინტერვიუში.

მან განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უსაფრთხოება რისკის წინაშე დგას.

ლე დრიანმა ინტერვიუში ასევე თქვა, რომ ის „ღელავს“ რუსეთის მიერ ორი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოს, მოლდოვისა და საქართველოს, წინააღმდეგ შესაძლო შეიარაღებული შეტევის გამო.

„საქართველოს საფრთხე არ ემუქრება“ – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 23 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ძალების შეჭრამდე, განაცხადა, რომ საქართველოს დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის კრიზისის ფონზე, საქართველოს საფრთხე არ ემუქრება.

„რუსთავი 2-ის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, არსებობს თუ არა საფრთხე საქართველოსთვის, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა:

„ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით არ მაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრება“.

დღეს კი პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა „არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს“ და ყოველდღიურად აქტიურ რეჟიმში განიხილავს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს „უსაფრთხოების კაბინეტთან“.

24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მოლდოვა უკრაინას ესაზღვრება.

უკრაინაზე თავდასხმის პარალელურად, რუსეთმა მოლდოვაში, დნესტრისპირეთში (ტრანსნისტრიაში) დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე წვრთნების დაწყების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.


მე-2 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

ვრცლად:

რუსეთის სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე, დღე მე-2 — განახლებადი [Live]

მასალების გადაბეჭდვის წესი