Meydan TV-ს ცნობით, აზერბაიჯანის მოქალაქეს ელშენ ჰასანოვს ადმინისტრაციული წესით 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. მანამდე ჰასანოვმა გამოცემა Meydan TV-ს მიმართა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის გაუქმებისა და პენსიის შეწყვეტის გამო იჩივლა.

გამოცემის ინფორმაციითვე, ამ დროისთვის უცნობია, რომელი მუხლით დააკავეს ჰასანოვი.

13 ნოემბერს Meydan TV-მ ელშენ ჰასანოვის ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ის ამბობდა, რომ თავდაპირველად მისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი შეუცვალეს, მოგვიანებით კი საერთოდ გაუუქმეს.

მისი თქმით, მანამდე მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი ჰქონდა და 230 მანათის პენსიას იღებდა. მოგვიანებით სტატუსი მესამე ჯგუფამდე შეუმცირეს, პენსია კი 180 მანათამდე დაუწიეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ მესამე ჯგუფის სტატუსიც გაუუქმეს და პენსიის გადახდაც შეუწყვიტეს.

ჰასანოვის განცხადებით, შრომისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სამინისტრომ სტატუსის გაუქმების მიზეზად სამედიცინო დოკუმენტაციაში დაავადების შესახებ არასაკმარისი ინფორმაციის არსებობა დაასახელა. თუმცა, მისი თქმით, იევლახის რაიონული საავადმყოფოს ექიმმა დაუდასტურა, რომ დაავადების შესახებ ინფორმაცია სამედიცინო ჩანაწერებში იყო მითითებული. ჰასანოვის თქმით, ის ბავშვობიდან ავადმყოფობს და მუდმივი მკურნალობა სჭირდება.

მისივე ინფორმაციით, სტატუსის შეცვლისა და პენსიის შეწყვეტის საკითხზე ექვსი თვის განმავლობაში არაერთხელ მიმართა შრომისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სამინისტროს, თუმცა საჩივრებზე რეაგირება არ ყოფილა. ამის შემდეგ მან წერილებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც მიმართა. მისი თქმით, ადმინისტრაციამ წერილები კვლავ იმავე სამინისტროს გადაუგზავნა, რომლის წინააღმდეგაც ჩიოდა.

ვიდეომიმართვაში ჰასანოვი პრეზიდენტ ილჰამ ალიევსაც მიმართავდა და აცხადებდა, რომ პენსიის შეწყვეტის შესახებ არაერთი წერილი ჰქონდა გაგზავნილი.

„ილჰამ ალიევ, იქნებ ათობით წერილი მოგწერე, რატომ შემიწყვიტეთ პენსია-მეთქი? ჩემს წერილებს რატომ უგზავნი საჰილ ბაბაევს? პენსია ხომ საჰილ ბაბაევმა შემიწყვიტა. საჰილ ბაბაევიც შენ დანიშნე მინისტრად. წერილს ისევ მას უგზავნი, ის კი არ იძიებს, ყურადღებას არ აქცევს. ჩვენთან თამაშობ? გვატყუებ, საკუთარ თავსაც ატყუებ?“ – ამბობდა ის.

ჰასანოვი პენსიის შეწყვეტას სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების მცდელობას უკავშირებდა და ხელისუფლებას მოსახლეობის ხარჯზე ბიუჯეტის შევსებაში ადანაშაულებდა.

„ფიქრობ, რომ შიმშილით დავიხოცებით და შენი შეგვეშინდება? არა, ილჰამ ალიევ, შენ ჩვენ მოთმინებას გვიკარგავ. გვაიძულებ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოვიდეთ, ვიბრძოლოთ. თუ მოვკვდები, დაე, შენთან ბრძოლაში მოვკვდე, ილჰამ ალიევ“, – განაცხადა მან.

Meydan TV-ის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარის მიღება ვერ მოხერხდა.