საზოგადოება

რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო — 24 თებერვლის ქრონოლოგია

24 თებერვალი, 2022 • 16542
რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო — 24 თებერვლის ქრონოლოგია

რუსეთმა დღეს, 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

ნეტგაზეთი განახლებად რეჟიმში გთავაზობთ ცნობებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. სიახლეები გამოჩნდება გვერდის თქვენ მიერ განახლების (დარეფრეშების) შემდეგ.


04:40 — უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 თებერვლის ღამით გახმიანებული მიმართვისას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნების პოზიციებსა და ქვეყნის უსაფრთხოებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველას ეშინია, პასუხი გასცეს კითხვას, გახდება თუ არა უკრაინა ალიანსის წევრი.

03:50 — უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. განკარგულება მომდევნო 90 დღის მანძილზე იმოქმედებს.

03:20 — უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემდეგ 137 უკრაინელი დაიღუპა. მათ შორის არიან როგორც სამხედროები, ისე სამოქალაქო პირები.

02:51 — უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარები ომის პირველ დღეს აჯამებს.

01:57 — უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს მოუწოდებს, დაეხმარონ უკრაინას და შეაჩერონ აგრესორი.

01:14 — უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველ ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, უკრაინამ გოსტომელის აეროპორტზე კონტროლი დაიბრუნა.

23:12 — ბაიდენი ამბობს, რომ ევროპას არ სურს რუსეთის SWIFT-დან გათიშვა. წაიკითხეთ, რა არის ეს სისტემა და რა ეფექტი ექნება SWIFT-დან რუსეთის გათიშვას:

22:58 — აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ სანქციების მორიგი ტალღის დაწესების შესახებ განაცხადა.

22:00 — რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ „Украинская правда“-ს ინფორმაციით პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა დაუდასტურა.

21:22 — რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის გეგმებშია არა უკრაინის ოკუპაცია, არამედ მისი „დემილიტარიზაციია და დენაციფიკაცია”.

21:12 — რუსეთის ქალაქებში პუტინის ხელისუფლების მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს. BBC-ის რუსული ბიუროს თანახმად, ძირითად შემთხვევებში, დემონსტრაციები მრავალრიცხოვანი არ არის, თუმცა ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და პეტერბურგში, უკვე ათობით დემონსტრანტია დაკავებული.

20:18 – უკრაინა ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, სასწრაფოდ მიაწოდონ საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, ასევე, გამოიყენონ „ყველა საშუალება“ რუსული სატელიტური სიგნალების დასაბლოკად.

19:40 — თბილისში  უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები, რომელთაგან არაერთს უკრაინისა და საქართველოს დროშები უჭირავს, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადავიდნენ.

ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ აქ.

19:30 – რუსეთის მოქალაქე ანტონ მიხალჩუკმა დღეს თბილისში, უკრაინის საელჩოსთან, თავისი პასპორტი დაწვა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გასაპროტესტებლად.

19:10 — უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ცდილობენ ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის ხელში ჩაგდებას.

19:02 — ამერიკული CNN-ის ცნობით, რუსულმა სადესანტო ძალებმა დაიკავეს ანტონოვის აეროპორტი, რომელიც კიევის სიახლოვეს, ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

17:45 — უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომისადმი წინააღმდეგობა არაერთმა რუსმა ჟურნალისტმა, მეცნიერმა, ხელოვანმა თუ აქტივისტმა გამოხატა.

17:14 — რუსეთის მეიერჰოლდის სახელობის სახელმწიფო თეატრის დირექტორი ელენა კოვალსკაია რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ თეატრის დირექტორმა ინფორმაცია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დღეს, 24 თებერვალს გამოაქვეყნა.

17:09 — რუსეთში უკრაინასთან ომის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და ორგანიზატორებს აკავებენ.

17:01 — გაართიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს, უკრაინელ ხალხს უცხადებს და ევროპის ქვეყნებს სანქციებისკენ და რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შემცირებისკენ მოუწოდებს.

16:52 — უკრაინაში შეჭრის და ომის დაწყების ერთ-ერთი მიზანი, რუსეთისთვის უკრაინის „ნაცისტებისგან გაწმენდა“ და მისი “სამხედრო პოტენციალის ნეიტრალიზებაა”. ამის შესახებ ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უთხრა.

16:39 — უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე ნატომ თავდაცვის გეგმები გაააქტიურა და უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების კიდევ უფრო გაძლიერებას აანონსებს.

16:37 — UEFA ჩემპიონთა ლიგის ფინალს რუსეთში აღარ გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

15:59 — უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასაზღვრო დაცვის სამსახური იუწყებიან, რომ რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცებმა გადაკვეთეს კიევის ოლქის საზღვარი, სადაც უკრაინულ ძალებთან დაპირისპირება მოხდა.

15:53 – უკრაინაში რუსეთის ომს, მშვიდობის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, რუსეთის დამოუკიდებელი გაზეთის, „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი დმიტრი მურატოვი ვიდეო მიმართვით გამოეხმაურა.

15:40 — თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებელს უწოდებს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ სამხედრო მოქმედებებს და მიმართავს მოსკოვს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს აღნიშნული პროცესი.

15:32 — საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ხელს მოაწერს უკრაინასთან დაკავშირებით პარლამენტში რიგგარეშე სხდომის ჩატარების მოთხოვნას.

15:07 – ბელგია მიმართავს ევროკავშირს და სთხოვს შეწყვიტოს რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა. მათ შორის, სტუდენტებზე, დასაქმებულებსა და ტურისტებზე. ინფორმაციას ბელგიის ლტლოვილთა მინისტრზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.

14:30 — უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის (თბილისის დროით 14:30) დადასტურებულია 40-მდე უკრაინელი სამხედრო და 10-მდე სამოქალაქო პირის დაღუპვა. დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი.

14:29 — გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართავს და მოუწოდებს, რომ უკრაინიდან ძალები გაიყვანოს.

14:12 — უკრაინის ხელისუფლება მზადაა, იარაღი დაურიგოს ყველას, ვინც ქვეყნის დაცვას გადაწყვეტს.

14:07 — თურქეთში უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ უკრაინის მთავრობამ თურქეთის ხელისუფლებას სთხოვა, რუსულ ხომალდებს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები დაუხუროს.

13:55 — უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, ლიეტუვა საგანგებო მდგომარეობას აცხადებს.

13:54 — პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკის თქმით, უკრაინა წყვეტს რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს.

13:40 — უკრაინის თავდაცვის სამინისტროს უახლესი ინფორმაციით, აგრესიის დაწყების მომენტიდან ჩამოგდებულია 6 რუსული თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი.

13:00 — მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი განცხადებით, მოლდოვა მზადაა მიიღოს ათობით ათასი ლტოლვილი უკრაინიდან.

12:06 — უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის განცხადებით, პირველადი ცნობებით, რუსეთის სამხედრო ქვემედებებს, კერძოდ, დაბომბვას, უკრაინაში ამ დროისთვის 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 9 დაშავდა.

11:59 — საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ომის დაწყებას Twitter-ზე გამოეხმაურე. მისი სიტყვებით, “ქართველი ერი შოკირებულია რუსეთის აგრესიით უკრაინაში”.

11:14 — უკრაინის სახმელეთო ძალებში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება, “უკრაინის მცველებს შორის კი დანაკარგები არ არის”.

10:53 – საფრანგეთი პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება უკრაინასთან ომის წამოწყების შესახებ.

„რუსეთმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები. საფრანგეთი სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. ის დგას უკრაინელებთან და მუშაობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ომის დასასრულებლად“, — დაწერა მაკრონმა Twitter-ზე.

10:28 – უკრაინაში ომის დაწყებას უკვე გამოეხმაურნენ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მთავრობის ლიდერები, თუმცა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე (10:28) არ გაუკეთებიათ. შეტევის დაწყებიდან რამდენიმე საათია გასული. ნეტგაზეთი დაუკავშირდა როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ისე მთავრობის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს. სამივე უწყებაში გვიპასუხეს, რომ თუ განცხადებები გაკეთდება, შეგვატყობინებენ.

10:25 – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თანახმად საჭიროა 5 ნაბიჯის გადადგმა

1. რუსეთისთვის გამანადგურებელი სანქციების დაწესება ახლა! SWIFT-ის ჩათვლით;
2. რუსეთის სრული იზოლაცია ყველა საშუალებით, ყველა ფორმატში;
3. იარაღი, აღჭურვილობა უკრაინისთვის;
4. ფინანსური დახმარება;
5. ჰუმანიტარული დახმარება;

10:24 — უკრაინის შსს-ს თანახმად, რუსმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში ორი დასახლებული პუნქტი დაიკავეს.

10:06 – უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე მორიგ განცხადებას ავრცელებს და პარტნიორებთან ერთად „ანტიპუტინური კოალიციის“ შექმნაზე საუბრობს.

09:55 — უკრაინის გენშტაბის თანახმად, ჩამოაგდეს რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი

09:41 — რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ უკრაინაში “მშვიდობიან მოსახლეობას არაფერი ემუქრება” და დარტყმები სამხედრო ობიექტებზე ხორციელდება “მაღალი სიზუსტის იარაღით”.

09:21 — უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურის თანახმად, ქვეყანას თავს არამხოლოდ რუსეთის ტერიტორიიდან, არამედ ბელარუსიდანაც დაესხნენ.

09:08 — დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება „ნოვაია გაზეტა“ იტყობინება, რომ პუტინის ვიდეომიმართვა უკრაინაში ომის დაწყების შესახებ, სამი დღის წინ არის ჩაწერილი.

9:06 — გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაზე თავდასხმით, „სისხლისღვრისა და ნგრევის“ გზა აირჩია.

„გაერთიანებული სამეფო და ჩვენი მოკავშირეები გადამწყვეტად უპასუხებენ (რუსეთს)“, – აცხადებს იგი ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.

09:05 — ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

08:55 — „პუტინმა დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, მსოფლიოს შეუძლია მისი შეჩერება“, — განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

08:42 — უკრაინულ ვებსაიტებზე მასშტაბური კიბერთავდასხმა მიმდინარეობს.

08:33 — აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას ეხმაურება და დასძენს, რომ მხოლოდ მოსკოვია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და ნგრევაზე, რომელსაც ეს შეტევა მოიტანს. მისი თქმით, „მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს“.

08:19 — უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის, კიევზე მასობრივი თავდასხმა დაიწყო, ისმის აფეთქებების ხმები. ადგილზე მომუშავე ჟურნალისტების ცნობით, იბომბება სტრატეგიული სამხედრო ობიექტები.

07:09 — პუტინმა გამოაცხადა, რომ უკრაინაში იწყებს „სამხედრო ოპერაციას“, რომლის მიზანი სეპარატისტული დონბასისა და ლუგანსკის დაცვა, ასევე „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი