ახალი ამბები

ლავროვი: ზელენსკი იტყუება, როცა ნეიტრალურ სტატუსზე საუბრობს

25 თებერვალი, 2022 •
ლავროვი: ზელენსკი იტყუება, როცა ნეიტრალურ სტატუსზე საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „იტყუება“, როდესაც საუბრობს რუსეთთან უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე მოლაპარაკებების შესახებ.

„ის [ზელენსკი] თქვენ უბრალოდ ტყუილს გეუბნებათ, გატყუებთ, – გულწრფელად გეუბნებით, – როცა აცხადებს, რომ მზადაა [უკრაინის] ნეიტრალური სტატუსი განიხილოს“, – განაცხადა ლავროვმა ლუგანსკისა და დონეცკის დე ფაქტო ლიდერებთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ლავროვის თანახმად, რუსეთის ფედერაციამ ცხადად თქვა, რომ ნატოს გაფართოება მიუღებელია, თუმცა დააყენა მოლაპარაკებების საკითხი ისეთი სცენარისთვის, რაც „მისაღები იქნებოდა უკრაინისთვის, ევროპული ქვეყნებისთვის და, რა თქმა უნდა, რუსეთისათვის“, თუმცა უარი მიიღო.

„ასე რომ, ზელენსკისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ხელიდან გაუშვა ეს შესაძლებლობა“, – თქვა მან.

საერთაშორისო მედიის ცნობით, უკრაინა მზადაა ქვეყნის ნეიტრალურ სტატუზე რუსეთთან მოლარაკებების დასაწყებად, თუმცა უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება. ნეიტრალიტეტზე წუხელ გვიან ღამით კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.

ზელენსკის თქმით, უკრაინას რუსეთთან სახელმწიფო უსაფრთხოების გარანტიებზე და ნეიტრალურ სტატუსზე საუბრის არ ეშინია, „მაგრამ რა უსაფრთხოების გარანტია გვექნება? რომელი ქვეყნები მოგვცემენ მათ?“ – იკითხა პრეზიდენტმა.


2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ორი შეთანხმების პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — ნატოს.

რუსეთი აშშ-სა და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე“, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.

მოსკოვის მოთხოვნაა:

  • „არ განთავსდეს დამატებითი ძალები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებამდე იყო;
  • არ განთავსდეს რაკეტები იქ, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება;
  • უარი ითქვას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სამხედრო საქმიანობაზე“.

შეერთებული შტატების საპასუხო წერილში დასაწყისშივეა ხაზგასმული, რომ:

„ვაშინგტონი აგრძელებს ნატოს ღია კარის პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერას“ და, შესაბამისად, უარს არ ამბობს უკრაინისა და საქართველოს ალიანში გაერთიანების პერსპექტივაზე.


რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია 24 თებერვალს დაიწყო, რასაც, უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, 137-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.

25 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის ფედერაციამ კიევის დაბომბვა დაიწყო.

რუსეთის სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე, დღე მე-2 — განახლებადი [Live]

მასალების გადაბეჭდვის წესი