საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ პარტია „ლელოს“ წევრებს ჰკითხა, მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირების მოთხოვნა ხომ არ შეიძლება იყოს სახელმწიფოსკენ წინააღმდეგ მიმართული.
ამის შესახებ კითხვა მოსამართლემ საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 16 ნოემბერს დასვა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვისას.
„თუ მაღალი თანამდებობის პირი ამბობს, რომ ამას [სანქციებს] ჩემზე ეფექტი ვერ ექნება, მუდმივად დასანქცირების მოთხოვნა ხომ არ შეიძლება იყოს სახელმწიფოსკენ წინააღმდეგ მიმართული? მე პოლიტიკაზე არ გელაპარაკებით. კონკრეტულ პერსონებზე არც გელაპარაკებით. ზოგადად, მაღალი თანამდებობის პირები, მიუხედავად სახელისა და გვარისა, თუ აცხადებენ, რომ სანქციები ჩემზე გავლენას ვერ მოახდენს და ეფექტი ვერ ექნება, მაინც მათი დასანქცირების მოთხოვნა, საბოლოო ჯამში ხომ არ არის ბევრი ასპექტით სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული?“, – იკითხა რევაზ ნადარაიამ.
პასუხად „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ თანამდებობის პირების დასანქცირების მოთხოვნა ხალხის ან სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არ ყოფილა და ეს ამ პირების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგია.
„ცალსახად და კატეგორიულად არა. ჩვენი ყველა საგარეო კომუნიკაცია ყოველთვის ამბობდა, რომ უნდა დაწესდეს მიზნობრივი სანქციები, რადგან მათ [„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა] უღალატეს საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყნის ინტერესებს.
ის კომუნიკაცია, რაც „ლელო – ძლიერი საქართველოს“ სახელით ოფიციალურად ყოფილა წარმოებული, ყოველთვის იყო თანხვედრაში საქართველოს კანდიდატის სტატუტის მისწრაფებასთან და კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, არცერთი კომუნიკაცია არასოდეს არ აზარალებდა არც ქართველ ხალხს და არც ქართულ სახელმწიფოს… არასოდეს ჩვენ არ მოგვითხოვია ხალხის ან ჩვენი სახელმწიფოს დაზარალება. თუკი ვინმეს სანქცია დაუწესდა, დააბრალოს მისივე პოლიტიკას“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
21 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, დაიწყო „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ.
სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.
სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].
