საზოგადოება

ვრცელდება ცნობები აფეთქებებზე კიევში, მძიმე ბრძოლებზე მის გარშემო

26 თებერვალი, 2022 • 2461
ვრცელდება ცნობები აფეთქებებზე კიევში, მძიმე ბრძოლებზე მის გარშემო

ღამის განმავლობაში არაერთი ცნობა გავრცელდა უკრაინის დედაქალაქ კიევის გარშემო მძიმე ბრძოლების შესახებ. იტყობინებიან რთულ ვითარებასა და აფეთქებებზე კიევის შიგნითაც.

უკრაინის თანახმად, რუსმა სამხედროებმა კიევში, ქალაქის ცენტრის დასავლეთით, გამარჯვების გამზირზე, ერთ-ერთ სამხედრო ნაწილს შეუტიეს, თუმცა აღნიშნული შეტევა  უკრაინელებმა მოიგერიეს.

CNN-ის ცნობით, გათენებამდე კიევის ცა აფეთქებებმა გაანათა მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალებმა, უკრაინის მთავრობის ცნობით, რაკეტები დაუშინეს ქალაქს.

ამასთან, ტელეარხის ჟურნალისტებმა ორი აფეთქების ხმა გაიგეს კიევის ცენტრში და მესამეს ხმა — მოშორებით, რასაც კიდევ სამი აფეთქება მოჰყვა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით.

“ყველაფერი ეს ახლა ქალაქის საზღვრებს შიგნით ხდება”, — ამბობდა  CNN-ის ჟურნალისტი კლარისა ვარდი პროცესების გაშუქებისას.

“…ჩვენ გვესმის მრავალი აფეთქების [ხმა] სხვადასხვა მიმართულებიდან”, — დაამატა მან.

შაბათს, გამთენიისას გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, აფეთქებებს ჰქონდა ადგილი კიევის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რაიონშიც, სადაც სამხედრო ბაზაა.

ტელეკომპანია CNN ასევე იტყობინებოდა “ხმამაღალ აფეთქებებზე” კიევის დასავლეთით და სამხრეთით. მცირე ხნის შემდეგ, უკრაინის სპეციალური კომუნიკაციების სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ შეტაკებები მიმდინარეობდა აღმოსავლეთ გარეუბანშიც.

BBC-ის უკრაინული სამსახურის თანახმად, კიევის მარჯვენა სანაპიროზე იყო აფეთქებების სერია და ისმოდა სროლის ხმა. ტელეარხი წერდა ცნობებზეც, რომელთა თანახმადაც ქუჩის ბრძოლებს ჰქონდა ადგილი ერთ-ერთი მეტროსადგურის, ბერესტეისკას მიმდებარედ.

ამასთან, ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსული სამხედრო ძალები უტევდნენ კიევის ჩრდილოეთით მდებარე თბოელექტროსადგურს.

ღამის განმავლობაში იტყობინებოდნენ მძიმე ბრძოლებზე კიევის ოლქის ქალაქ ვასილკოვში. უკრაინის თავდაცვის ძალებში აცხადებდნენ, რომ ადგილზე “ოკუპანტები დესანტის გადმოსხმას ცდილობენ”.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, სწორედ ვასილკოვთან შეძლეს IL-76-ის ჩამოგდება, რომელსაც რუსული დესანტი გადაჰყავდა.

ქალაქის მერის თქმით[07:56], ვასილკოვის შუაგულში მძიმე ბრძოლა გრძელდება. მისივე ცნობით, უკრაინის მხარეს დანაკარგებია. ვასილკოვს კიევიდან 35 კმ აშორებს.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დედაქალაქის მოსახლეობა კიევის ქალაქის ადმინისტრაციამ გააფრთხილა.

“ჩვენს ქალაქში ახლა აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს. გთხოვთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იყავით მაქსიმალურად ფრთხილად”, — მიმართავს ადმინისტრაცია მოქალაქეებს.

ხსენებულ მოვლენებამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ 25 თებერვლის ღამე ძალიან რთული იქნებოდა:

“ჩვენ, ყველას უნდა გვესმოდეს, რა გველის. უნდა გავუძლოთ. უკრაინის ბედი სწორედ ახლა წყდება”.

მე-3 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი