ახალი ამბები

უსაფრთხოების საბჭოს გამართვა, პიარი და შოუ ჩემი ხელწერა არაა – პრემიერი

25 თებერვალი, 2022 • 877
უსაფრთხოების საბჭოს გამართვა, პიარი და შოუ ჩემი ხელწერა არაა – პრემიერი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა „არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს“ და „უსაფრთხოების კაბინეტთან“ მუშაობა მისი საქმიანობის ნაწილია.

„ჩვენი, ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი მთავრობა, ჩემი მეთაურობით, ეროვნულ პოლიტიკას ვატარებთ. უსაფრთხოების საბჭოს გამართვა, პიარის თანხლებით და რაღაც შოუს დადგმა არ არის ჩემი ხელწერა. მე საქმესა და ჩემი ქვეყნის ინტერესებზე ვფიქრობ ხოლმე“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს კითხვაზე, რატომ არ გაიმართა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა.

„ბუნებრივია, მე გუშინ მთელი დღის განმავლობაში უსაფრთხოების კაბინეტთან მქონდა განხილვა „ლაივ რეჟიმში“ იმ ინფორმაციებისა, რომელიც ჩვენს სამსახურებს მოეწოდებოდა. ეს არის ჩემი ყოველდღიური მუშაობის შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, ჩემი პასუხი არის შემდეგი: უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა დღეს, ამ ვითარებაში, არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, არც პარლამენტის მიერ უკრაინის საკითხზე რიგგარეშე სხდომის ჩატარების საჭიროებას ხედავს.

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე  აცხადებს, რომ უკრაინაში „ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის“ და ამას არ გეგმავს.

მისი თქმით, საქართველო არც სანქციებს შეუერთდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი