ახალი ამბები

რუსეთში ფეისბუკზე წვდომა იზღუდება – „FB არღვევს რუსების ფუნდამენტურ უფლებებს“

25 თებერვალი, 2022 •
რუსეთში ფეისბუკზე წვდომა იზღუდება – „FB არღვევს რუსების ფუნდამენტურ უფლებებს“

რუსეთის „ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერაციული სამსახურის“, Роскомнадзор-ის ცნობით, დღეიდან, 25 თებერვლიდან რუსეთში ფეისბუკზე წვდომა იზღუდება.

რუსული მედიასაშუალება РИА Новости წერს, რომ Роскомнадзор-ის თანახმად, „25 თებერვალს გენერალურმა პროკურატურამ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, სოციალური ქსელი ფეისბუკი მიიჩნია ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე რუსეთის მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დამრღვევად“.

გამოცემა ირწმუნება, წინა დღეს ფეისბუკმა „უმიზეზოდ დააწესა შეზღუდვები РИА Новости-ს“ გვერდზე.

Роскомнадзор კი ამტკიცებს, რომ ფეისბუკმა მოახდინა რუსული გამოცემების, Звезда-ს, Лента.ру-სა და Газета.ру-ს „ცენზურა“.


რუსული სამთავრობო და პროსამთავრობო მედიასაშუალებები რუსეთის მთავრობის პროპაგანდისტულ გზავნილებს კრიტიკის გარეშე ავრცელებენ უკრაინასთან დაკავშირებით. ამასთან, ისინი არ ახსენებენ სიტყვა „ომს“ და უკრაინაში შეჭრას მოიხსენიებენ, როგორც „სპეცოპერაციას“.


მე-2 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

ვრცლად:

რუსეთის სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე, დღე მე-2 — განახლებადი [Live]

მასალების გადაბეჭდვის წესი