ახალი ამბები

უკრაინაზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომა „ოცნებამ“ ჩაშალა

25 თებერვალი, 2022 • 1918
უკრაინაზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომა „ოცნებამ“ ჩაშალა

„ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უკრაინაის საკითხზე. მანამდე ამ სხდომის გამართვისკენ პარლამენტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მოუწოდა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, სხდომას უმრავლესობის 82 დეპუტატიდან არცერთი არ დაესწრება. დარჩენილი 61 ოპოზიციონერი დეპუტატი კი ვერ შეკრავს ქვორუმს, ანუ ვერ მოაგროვებს 76 ხმას.

როგორც პაპუაშვილი მბობს, ოპოზიციის მიერ რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა არა უკრაინისადმი სოლიდარობის გამოცხადება, არამედ „უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა“.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მიმართა პრეზიდენტს, დღეს, 25 თებერვალს, მათ მიერ წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით. ხაზს ვუსვამ, რომ საუბარია რიგგარეშე სხდომაზე და არა საგანგებო სხდომაზე, რომელიც, მხოლოდ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ იმართება.

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღნიშნული სხდომის მოწვევის განკარგულებას, რაც, თავის მხრივ, განვმარტავ, რომ წარმოადგენს პრეზიდენტის ფორმალურ უფლებამოსილებას, ვინაიდან კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი არ შედის მოთხოვნილი სხდომის დღის წესრიგის პარლამენტის რეგლამენტთან შესაბამისობის თუ მისი მიზანშეწონილობის განხილვაში.

როგორც იცით, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინვე განაცხადა, რომ ის არ დაესწრება რიგგარეშე სხდომას ორი მიზეზის გამო:

1. რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ორივე საკითხი ეწინააღმდეგება პარლამენტის რეგლამენტს. კერძოდ, პირველი საკითხი ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრის დაბარებას, რაც არა ამ ფორმით, არამედ თავად პარლამენტის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს, ხოლო მეორე საკითხი საერთოდ არ ჯდება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ რომელიმე ფორმატში;

2. ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის ნაწილისგან ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ამ სხდომის გამართვის რეალური მიზანი არა საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვა და უკრაინელ ხალხთან სოლიდარობაა, არამედ უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და პარლამენტის სხდომის საზოგადოებაში განხეთქილების და დაპირისპირების გამოწვევის სურვილია“, – ამბობს შალვა პაპუაშვილი.


რიგგარეშე სხდომა დღეს, 25 თებერვალს, 12 საათზე უნდა გამართულიყო. ცნობილია, რომ ოპოზიციას სხდომაზე უნდა მოეთხოვა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა.

თუმცა, როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებდა, პრემიერი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან რეგლამენტი მისი დაბარების განსხვავებულ წესს ითვალისწინებს.

რუსეთმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო და ამ დრომდე უტევს სხვადასხვა ქალაქს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი