ახალი ამბებისაზოგადოება

სტუდენტების პროტესტი – მოვლენათა ქრონოლოგია

15 მარტი, 2016 • 3562
სტუდენტების პროტესტი – მოვლენათა ქრონოლოგია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სასწავლო პროცესი რამდენიმე დღით სრულიად ჩაიშალა – სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტში არ უშვებდნენ, ნაწილი კი შენობის შიგნით რამდენიმე დღე აქციებს მართავდა. რა ხდება უნივერსიტეტში? რა სურს სტუდენტურ გაერთიანება აუდიტორია #115-ს და რა სურს თსუ-ს სტუდენტურ თვითმმართველობას? ნახეთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები უნივერსიტეტში:


 

07.03.2016 – „ყველა სტუდენტი თანასწორია, არა სტუდენტური თვითმმართველობის პრივილიეგიებს“ – ამ ლოზუნგით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115-ის აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა 2 ამბავი გააპროტესტეს: 1. სტუდენტური თვითმმართველობის წევრებისთვის ბაკურიანში ჩატარებულ ტრენინგში უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან  24 600 ლარის დახარჯვა და თსუ-ს აკადემიურის საბჭოს მიერ უნივერსიტეტის კანცლერის კანდიდატად გიორგი გაფრინდაშვილის არჩევა.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ გაფრინდაშვილი თვითმმართველობის პირველი და მეორე მოწვევის წევრი იყო, ხოლო 2010-დან 2012 წლმადე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწედ მუშაობდა. მათი თქმით, 2011 წელს, სტუდენტური მოძრაობა “თარგმნეს” მიერ დაგეგმილი პრეზენტაციისას, თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობის აქტივისტებს. ჟურნალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ არავინ არავის სცემდა.


 

08.03.2016 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატმა, გიორგი გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ  სტუდენტურ პროტესტთან დაკავშირებით მას რექტორი ვლადიმერ პაპავა ესაუბრა, თუმცა ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, მოხსნის თუ არა თავის კანდიდატურას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ რეგიონში მის სახლში (სადაც იგი ამჟამად არ ცხოვრობს) სავარაუდოდ ძალოვანი უწყებების ორი თანამშრომელი მივიდა და მისი, ასევე, ოჯახის წევრების შესახებ “ყველა ტიპის” ინფორმაცია მოითხოვა. კუპრაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამ ფაქტს მასზე ზეწოლად აფასებს.


 

09.03.2016 – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერის შესაძლო არსებობას გამოეხმაურა. ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის შესაძლო მუშაობის ფაქტი და მისი მხრიდან საუნივერსიტეტო/სასწავლო და მმართველობით პროცესებზე აქტიური გავლენის მოხდენის მცდელობა განსაკუთრებით საგანგაშოა საგანმანათლებლო სივრცეში.

 

სოციალური ქსელის საშუალებით გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ თავისი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს. სტუდენტების ნაწილთან შეხვედრისას რექტორმა აღიარა, რომ უნივერსიტეტში არსებობს ოდეერის ინსტიტუტი, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ივა კავსაძე, გიორგი გაფრინდაშვილის კურსელი იყო.


 

10.03.2016 – თსუ-ს კანცლერობის კანდიდატის არჩევნები სტუდენტების აქციის ფონზე გაიმართა. მათ სენატის სხდომაზე დასწრება სურდათ, სადაც კანცლერი უნდა აერჩიათ, თუმცა უნივერსიტეტის დაცვამ და შემდეგ პოლიციამ სტუდენტებს არ მისცა საშუალება, აუდიტორიამდე მისულიყვნენ. საბოლოოდ, თსუ-ში სენატის სხდომა ჩაიშალა. სტუდენტები სენატის შეთავაზებას არ დათანხმდნენ და მათმა ნაწილი ღამით უნივერსიტეტში დარჩა.

თსუ-ს სტუდენტი ნუცა დოლიძე უნივერსიტეტში პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტზე საუბრობს. სტუდენტი ასევე ამბობს, რომ მან დაინახა, როგორ ძალადობდა 11 სტუდენტზე პატრულის 35 თანამშრომელი.


 

11.03.2016 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა თსუ-ში მიმდინარე პროცესებზე მიმართვა გაავრცელეს, რომლითაც ისინი აცხადებენ, რომ უნივერსიტეტებში ცენზურა მიუღებელია.

თსუ-ში სტუდენტებთან სოლიდარობის გამოსაცხადებლად დავით ბერძენიშვილი მივიდა, თუმცა სტუდენტებმა განაცხადეს, რომ პროცესის პოლიტიზება არ სურდათ. უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ საუნივერსიტეტო საქმეებში არ ჩარეულიყვნენ.


 

11.03.2016 – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გაფრინდაშვილს სთხოვა, რომ თსუ-ს კანცლერის პოსტზე კანდიდატურა მოეხსნა. სტუდენტები პრემიერ-მინისტრის განცხადებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას 14 მარტს მიიღებდა.

პაპავამ განაცხადა, რომ ივა კავსაძე, რომელიც არის “ოდეერი”, უნივერსიტეტში კანცლერის თანაშემწედ მუშაობს. მისი თქმით, სანამ სტუდენტებმა არ გამოთქვეს პროტესტი კანცლერობის პოსტზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის წინააღმდეგ და არ დაიწყეს აქციები, მანამდე არ იცოდა, რომ უნივერსიტეტში “ოდეერი” მუშაობდა.


 

12.03.2016 – აუდიტორია #115-ში შეკრებილმა სტუდენტებმა განაცხადეს, რომ სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ შესრულდება, საპროტესტო აქციები გაგრძელდება. ისინი ე.წ. ოდეერის საქმის გამოძიებას, გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას კანცლერის არჩევნებიდან და თსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის რეორგანიზებას მოითხოვდნენ.

სტუდენტები, რომლებიც გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას ითხოვენ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, თამარ სანიკიძესთან შეხვედრას დათანხმდნენ.


 

13.03.2016 – თსუ-ს სტუდენტების საპროტესტიო აქციის მონაწილეებმა, სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115-ის წევრებმა “რუსთავი 2”-ს ბოიკოტი გამოუცხადეს. სტუდენტთა ნაწილი ტელეკომპანიის დირექტორის, ნიკა გვარამიას ფეისბუკზე გამოქვეყნებულმა პოსტებმა გააღიზიანა.


 

13.03.2016 – თსუ-ს გაზეთის რედაქტორმა, ნინო კაკულიამ, სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მას უნივერსიტეტის პრობლემების შესახებ ზოგიერთი სტატიის გამოქვეყნების უფლებას არ რთავდნენ. ერთ-ერთ იმ პირებიდან კი, ვინც, მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების დროს გაზეთს აკონტროლებდა, უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი იყო.


 

14.03.2016 – თსუ-ს პირველი კორპუსის წინ აუდიტორია #115-ის წევრებისა და სტუდენტური თვითმმართველობის აქციები პარალელურად დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში სიტყვიერი დაპირისპირებით მიმდინარეობდა.

სტუდენტური გაერთიანების წევრი, გიორგი არობელიძე აცხადებს, რომ გარკვეულ ჯგუფებს ხელს აძლევს უნივერსიტეტში დესტაბილიზაცია. ხოლო სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტის და სენატის წევრის, პაატა ბახტურიძის განცხადებით, უნივერსიტეტის კანცლერი სამართლებრივი პროცედურით უნდა აირჩიონ და არა აქციებით.

სტუდენტური თვითმართველობის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა რექტორის კაბინეტის წინ გადაინაცვლეს და ვლადიმერ პაპავას გადადგომას მოითხოვეს.

სტუდენტური გაერთიანების წევრის, ნათია ქარჩილაძის თქმით, თვითმმართველობის მხარდამჭერებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და არიან დაზარალებულები. იმავეს ამბობს ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი, ხატია ტყავაშვილი. თვითმმართველობის პრეზიდენტი, შალვა საბაური აცხადებს, რომ ეს არის დეზინფორმაცია და პირველად აუდიტორია #115-ის აქტივისტების მიერ განხორციელდა ზეწოლა.

შალვა საბაურმა განაცხადა, რომ ისინი კომპრომისზე მიდიან და 15 მარტიდან მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებისათვის არც ერთი ღონისძიება არ ჩატარდება, ასევე დაწესდება ბიუჯეტზე ზედა ზღვარი.


 

14.03.2016 – გიორგი გაფრინდაშვილმა თსუ-ს კანცლერობის არჩევნებიდან ტავისი კანდიდატურა მოხსნა. მან განაცხადა, რომ უკან იხევს. აუდიტორია #115-ში და უნივერსიტეტის ეზოში გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას სტუდენტთა ნაწილი ოვაციებით შეხვდა.

თსუ-ს თვითმმართველობის წევრებმა, რომლებიც უნივერსიტეტში აქციას 12 საათიდან მართავენ, ცადეს რექტორის კაბინეტის კარი შეემტვრიათ, თუმცა პოლიციამ ისინი ძალის გამოყენებით მოაცილა კაბინეტს.

თსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის წევრები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ რექტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატთან. ისინი აცხადებდნენ, რომ არ აპირებენ დაშლას, სანამ აკადემიური საბჭო არ მიიღებდა რექტორის გადაყენების გადაწყვეტილებას. მეორე მხარეს იმყოფებოდნენ აუდიტორია #115-ის აქციების მონაწილე სტუდენტებიც, რომლებიც პაპავას თანამდებობაზე დარჩენას თხოვდნენ.

აკადემიური საბჭოს სხდომის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სადაც თვითმმართველობის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დილიდან აქციას მართავდნენ, “ლიბერალის” ფოტოგრაფს ბასტი მგალობლიშვილს კამერა დაუზიანეს, ხოლო ნეტგაზეთის რეპორტიორ გიორგი დიასამიძეს ის ტელეფონი წაართვეს, რომლითაც აქციას იღებდა. ლიბერალის კიდევ ერთ ჟურნალისტს, სოფო გოგიშვილს, რომელიც ასევე მობილურით იღებდა უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესს, გაურკვეველმა პირმა ყელში ხელი წაუჭირა და ტელეფონი ჩამოართვა.

თსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის აქციის მონაწილეებსა და უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლების კორდონებს შორის კიდევ ერთი შეტაკება მოხდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმდჯომარე, შალვა საბაური ამბობს, რომ შექმნილი კრიზისი რექტორის, ვლადიმერ პაპავას დამსახურებაა. თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა პაპავას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. სტუდენტები, რომლებიც თვითმმართველობის დაფინანსების შეწყვეტასა და უნივერსიტეტის ავტონომიას ითხოვენ, რექტორს მოუწოდებენ, რომ არ გადადგეს თანამდებობიდან. ლადო პაპავამ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომას გამორიცხავს. რექტორმა უნივერსიტეტი დატოვა, რასაც სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია #115-ის წევრების შეძახილები მოჰყვა – “არ გადადგე!”

თსუ-ს წინ შეკრებილი სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115-ის წევრები და მათი მხარდამჭერები დაიშალნენ. მათი ნაწილი უნივერსიტეტის შენობაში დარჩა. შენობის წინ და უნივერსიტეტში მყოფ სტუდენტებს გაერთიანება სურდათ, თუმცა პოლიცია მათ პირველ კორპუსში არ უშვებდა.


 

15.03.2016 – თსუ-ს სტუდენტურმა თვითმმართველობამ განცხადება გაავრცელა. მათი მტკიცებით, სტუდენტებს შორის არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა.  მათი თქმით, გავრცელებულ ვიდეოებში ნულოვან სართულზე შეიმჩნეოდა გაურკვეველი ჯგუფი, რომლის ქმედებასაც სტუდენტური თვითმმართველობა კატეგორიულად ემიჯნება და აცხადებს, რომ ისინი მათ არ მიუყვანიათ. მათი განცხადებით, ეს ჯგუფი უნივერსიტეტში სპეციალურად იყო შეგზავნილი პროვოცირებისთვის.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომას გამორიცხავს.


 

15.03.2016 – თსუ-ს რექტორის, ვლადიმერ პაპავას კაბინეტი თვითმმართველობის აქციის მონაწილეებმა დაიკავეს. ერთ-ერთი პროფესორის, დიანა ძიძიგურის განცხადებით, პოლიციამ მათ ხელი არ შეუშალა. საბაურის განცხადებთ, სამართლებრივი წესრიგის დაცვა უნივერსიტეტში შეუძლებელია და ამ სივრცეში დარჩებიან, სანამ პაპავა გადადგომის გადაწყვეტილებას არ მიიღებს. თსუ-ს თვითმმართველობის წევრებმა უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტის წინ სტუდენტების მხარდამჭერების დამონტაჟებული პლაკატები გამოაკრეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აპირებს შიმშილობის დაწყებას რექტორ ლადო პაპავას გადადგომის მოთხოვნით. თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა 2015 წლის ოქტომბერშიც დაიწყეს, თუმცა მანამდე ვლადიმერ პაპავამ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებდა. სტუდენტური თვითმმართველობის შიმშილობა რამდენიმე დღით გაგრძელდა, ხოლო პაპავა თანამდებობაზე დარჩა.


 

15.03.2016 – პაპავა თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ თვითმმართველობის წევრები აკადემიური საბჭოს ოთახში დარჩებოდნენ და შიმშილობას გააგრძელებდნენ. რექტორის თქმით, მან პირობა მისცა სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს, რომ პოლიცია და უნივერსიტეტის დაცვა აკადემიური საბჭოს ოთახის დატოვებას მათ არ მოსთხოვდნენ.


 

15.03.2016 – აუდიტორია #115 სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად თსუ-ს აკადემიური საბჭოს დაშლასაც მოითხოვს. როგორც ერთ-ერთმა სტუდენტმა, რევაზ კარანაძემ განაცხადა, ეს მათი ახალი მოთხოვნაა, რომელსაც დღევანდელ პრესკონფერენციაზე გაახმოვანებენ.


 

15.03.2016 – საქართველოს პრემირ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პრემიერის  თქმით, მან შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა, სასწრაფოდ განმუხტოს ვითარება და გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები. პრემიერის განცხადების შემდეგ განათლების სამინისტროში სპეციალური შეხვედრა დაიგეგმა.

სტუდენტური გაერთიანების, აუდიტორია #115-ის წევრებმა კენჭისყრის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრას არ დააწრებოდნენ. სამინისტროში შეხვედრაზე მიწვეული იყო ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელი, რათა პრობლემის შესახებ ემსჯელათ, თუმცა ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას არც ერთ განხილვაში, სადაც თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები იქნებოდნენ. აუდიტორია #115-ის წარმომადგენლებმა ახალი, 5-პუნქტიანი მოთხოვნები საჯაროდ წაიკითხეს თსუ-ს პირველი კორპუსის წინ. ისინი, სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად, აკადემიური საბჭოს დაშლის მოთხოვნას გეგმავდნენ, თუმცა საბოლოო მოთხოვნების წარდგენისას ეს საკითხი სიიდან ამოღებული იყო.

განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრას თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა, რექტორის მოადგილე, აკადემიური საბჭოსა და სენატის წევრები, ასევე თვითმმართველობის ორი წარმომადგენელი დაესწრნენ. სანიკიძემ განაცხადა, რომ უნივერსიტეტი ვერ ახერხებს ელემენტარული უსაფრთხოების ზომების მიღებას, ამიტომ საჭიროა გამოსავლის მოძებნა. პაპავას თქმით, თუ არ დასხდებიან დიალოგის მაგიდასთან და მინისტრი ყველა მხარის მოსაზრებას არ მოისმენს, საერთო ენის გამონახვა ძნელი იქნება. რექტორმა აღნიშნა, რომ სამინისტროში შეხვდრა და პრემიერის განცხადება არ არის უნივერსიტეტის ავტონომიურობის დარღვევა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორები საინიციატივო ჯგუფის შექმნას აპირებენ, რომლის მიზანი უნივერსიტეტში მდგომარეობის განმუხტვა იქნება. თსუ-ს პროფესორის, დიანა ძიძიგურის განცხადებით, 15 მარტს პროფესორთა ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ 16 მარტს, 12 საათზე, მეორე კორპუსის ქიმიის დიდ აუდიტორიაში შეიკრიბონ და იმსჯელონ ვითარების განმუხტვის შესახებ.


 

15.03.2016 – თბილისში მოქმედი უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობების ლიდერები თსუ-ში განვითარებული მოვლენების შესახებ საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ. სტუდენტური თვითმმართველობების ლიდერებმა თსუ-ს თვითმმართველობას სოლიდარობა გამოუცხადეს.

 


 

15.03.2016 – არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, იმ პირობებში, როცა უნივერსიტეტის შენობაში „აუდიტორია 115″-ის მხარდამჭერებს პოლიცია თსუ-ს შენობაში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევს, თვითმმართველობასთან ასოცირებული ცალკეული ჯგუფები, მათ შორის, ნიღბიანი აგრესიული ჯგუფები, ახერხებენ უნივერსიტეტის შენობაში შეღწევას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტუდენტური თვითმმართველობის და მათი მხარდამჭერი წრეების მხრიდან დაფიქსირდა არაერთი ძალადობრივი ინციდენტი, მათ შორის, ჟურნალისტებზე თავდასხმა და მათი საქმიანობისთვის ხელშეშლა.

16 არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თსუ-ს უსაფრთხოების სამსახურს, უნივერსიტეტის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ უზრუნველყოს უსაფრთხოება და მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისთვის შეკრების თავისუფლების  რეალიზება; საქართველოს მთავრობამ დაიწყოს გამოძიება საუნივერსიტეტო სივრცეში ე.წ. ოდეერების უკანანო საქმიანობის შესახებ; მთავრობამ დააფიქსიროს მკაფიო პოლიტიკური ნება, რომ ითვალისწინებს სტუდენტთა ლეგიტიმურ მოთხოვნას, დაიწყოს აკადემიურ თავისუფლებაზე დაფუძნებული განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა.


 

15.03.2016 – თსუ-ს პირველი კორპუსის წინ მდგარი სტუდენტების ნაწილი შენობაში შევიდა ნულოვანი სართულიდან, სადაც იმ დროისთვის დაცვის ცოტა თანამშრომელი იმყოფებოდა. სტუდენტები პირველ კორპუსში შესვლას ორი დღის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.


 

16.03.2016 – თსუ-ს სტუდენტური პროტესტის, აუდიტორია #115-ის წარმომადგენლები უნივერსიტეტის რექტორს და განათლების მინისტრის მოადგილეს გიორგი შერვაშიძეს შეხვდნენ. სტუდენტური გაერთიანების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა შეწყვეტს აქციას ლადო პაპავას მიერ რექტორის თანამდებობის დატოვების მოთხოვნით, აუდიტორია #115-ის წარმომადგენლები გამოთქვამენ მზაობას, რომ მათაც შეაჩერონ პროტესტი და აუდიტორია დატოვონ. სტუდენტი სანდრო ტაბატაძე ამბობს, რომ ეს არ ნიშნავს პლატფორმის დასრულებას და პირიქით, ეს ახალი სტუდენტური ტალღის, პროტესტის, საუნივერსიტეტო საზოგადოების დაწყების პროცესია.

აუდიტორია #115-ის განცხადების მიუხედავად, თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის, შალვა საბაური ამბობს, რომ ისინი აქციას არ წყვეტენ და კვლავ ითხოვენ რექტორის თანამდებობიდან გადადგომას.

“ავტონომია, თავისუფლება, თანასწორობა უნივერსიტეტს” – სკანდირებენ სტუდენტური გაერთიანების წევრები თსუ-ს პირველი კორპუსის აუდიტორია 115-დან. ისინი ფანჯრიდან მიმართავენ ეზოში შეკრებილ მხარდამჭერებს, რომლებიც უნივერსიტეტთან აქციას მართავენ. ლევან ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მათი ღონისძიება არ არის თვითმმართველობის აქციის კონტრაქცია, რომელიც პარალელურად პირველი კორპუსის ეზოში იმართება. მისი თქმით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება და შენობის შიგნით დარჩენილები უსაფრთხოდ არ იქნებიან.


 

16.03.2016 – თსუ-ს სტუდენტურმა თვითმმართველობამ ლადო პაპავას ულტიმატუმი წაუყენა და ერთ საათში გადადგომა მოსთხოვა. ნეტგაზეთის კითხვაზე, რას მოიმოქმედებენ სტუდენტები იმ შემთხვევაში, თუ რექტორი არ გადადგება, სტუდენტური თვიმმართველობის წევრმა გიორგი ინაშვილმა უპასუხა, რომ შემდგომ დაგეგმავენ.

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის მიერ პაპავასთვის გადადგომისათვის მიცემული 1-საათიანი ვადა ამოიწურა, თუმცა რექტორი არ გადადგა. სტუდენტური თვითმმართველობის აქციის მონაწილეები პირველი კორპუსის ეზოდან მეორე კორპუსში ინაცვლებენ, სადაც, როგორც თვითონ ამბობენ, სამოქმედო გეგმას დასახავენ.


 

16.03.2016 – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის მტკიცებით, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროცესებს სუს-ი მართავს. მისი თქმით, პროცესები შესაჩერებელია და ყველაფერია გასაკეთებელი იმისათვის, რომ უნვიერსიტეტის ავტონომია და სტუდენტები იყვნენ დაცული.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ კორძაია თსუ-ს საზოგადოებას ვლადიმერ პაპავას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, პაპავა არის რექტორი, რომელმაც კანონის დაცვისთვის ამოიღო ხმა და რომელმაც პირველმა განაცხადა ე.წ. ოდეერის მანკიერი პრაქტიკის არსებობის შესახებ.

 


 

16.03.2016 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ლადო პაპავამ განაცხადა, რომ პატრიარქს შეხვდა და მას უნივერსტეტში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა – “ითქვა, რომ ეს არის მძიმე მარხვის კვირა და რჩევა არის სტუდენტებისათვის, რომ ილოცონ.” რექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ურყევი პოზიცია აქვს და გადადგომას არ აპირებს.


 

16.03.2016 – აუდიტორია #115-ის წევრების განცხადებით, მათ სხვადასხვა წყაროდან მიღებული აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “უნივერსიტეტში ვიღაცები პროვოკაციებს გეგმავენ”. სტუდენტები პოლიციას და პრემიერ-მინისტრს თსუ-ში სტუდენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ მოუწოდებენ.


 

16.03.2016 – საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იგი ერთი მხრივ, ეთანხმება სტუდენტების მოთხოვნებს იმის შესახებ, რომ უმაღლესი განათლების სისტემა რეფორმებს საჭიროებს, მაგრამ მეორე მხრივ, არ შეიძლება გადაწყვეტილების მიღება სიტუაციის ესკალაციით.

განათლების მინისტრ თამარ სანიკის განცხადებით, თსუ-ს აკადემიურ საბჭოს კონკრეტული შეთავაზება აქვს სტუდენტებთან. კერძოდ ისინი რექტორის საკითხზე მსჯელობისთვის გონივრულ ვადას მოითხოვენ. მისი თქმით, მიზეზი არ არსებობს იმისათვის, რომ განსაკუთრებით #115-ის სტუდენტები იდგნენ ქუჩაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრმა, ნუგზარ სურგულაძემ თამარ სანიკიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დღეს უნივერსიტეტში არის უმართავი სიტუაცია. მისი თქმით, დღეს საბჭო იკვლევს იმ მიზეზებს, თუ რამ მიიყვანა უნივერსიტეტი ამ მდგომარეობამდე. თსუ-ს აკადემიური საბჭო სტუდენტებს გონივრულ ვადას სთხოვს ამ მიზეზების საკვლევად. სურგულაძის თქმით, სხვა საკითხებთან ერთად, საბჭო უნივერსიტეტის რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადაყენების საკითზეც იმსჯელებს.

განათლების სამინისტროში შეხვედრის შემდეგ თსუ-ში აკადემიური საბჭო შეიკრიბა. შეკრებას აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავაც ესწრება. თსუ-ში აკადემიური საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლადო პაპავამ ნეტგაზეთს უპასუხა, რომ პატრიარქი უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებში არ ჩარეულა. მისი თქმით, ილია მეორეს რექტორისგან უნდოდა მოესმინა, თუ რა ვითარებაა უნვერსიტეტში. პაპავა ამბობს, რომ საპატრიარქო უნივერსიტეტის საქმეებში არავის ჩაურევია.


 

16.03.2016 – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თვითმმართველობის ვიცე პრეზიდენტმა, ნინო ჩუხრუკიძემ და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნატო კვირიკაშვილმა პროტესტის ნიშნად თვითმმართველობა დატოვეს. ჩუხრუკიძის განცხადებით, ისინი მოძალადე სტუდენტურ თვითმმართველობებს ემიჯნებიან.


 

16.03.2016 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115-ის აქციები დასრულდა. სტუდენტებმა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ მათ მიერ შედგენილი მანიფესტი წაიკითხეს, რომლის მიხედვითაც, აუდიტორია #115 მიზნად ისახავს გრძელვადიან თანამონაწილეობას განათლების სისტემის რეფორმის პროცესში.

მანიფესტის მიხედვით, მათ მიერ მომზადებულ ხელშეკრულებას ხელი უნდა მოაწერონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, უნივერსიტეტის რექტორმა და სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია #115-ის წარმომადგენელმა. იმ შემთხვევაში, თუ 16 აპრილამდე ვერ მოხერხდება ნახსენები ხელშეკრულების გაფორმება სამინისტროს და უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, აუდიტორია #115 საერთო სტუდენტური გაფიცვის ორგანიზების უფლებას იტოვებს.


 

16.03.2016 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა, მარიამ გერსამიამ თსუ-ს აკადემიური საბჭო რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში ჩართვისას დატოვა. პროფესორის თქმით, მას ისეთი სტუდენტობის ნახვა სურს, რომელიც დაყოფილი არ არის.


 

17.03.2016 – საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმა სტუდენტების გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციების შეწყვეტასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მათი აზრი განათლების სისტემის რეფორმის პროცესში მნიშვნელოვანი იქნება. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, სტუდენტურ თვითმმართველობაზე საზოგადოებაში ნეგატიური აზრი შეიქმნა წარსულში არსებული პრეცედენტების გამო, როდესაც თვითმმართველობის და სტუდენტების გულწრფელ პროტესტს პოლიტიკოსები საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებდნენ.

მარიამ გერსამიას შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კიდევ ერთმა პროფესორმა, გოგი გოგსაძემ დატოვა. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს აკადემიურ საბჭოში გიორგი გოგსაძე და მარიამ გერსამია წარმოადგენდნენ. შესაბამისად, ამ ფაკულტეტს აკადემიურ საბჭოში წარმომადგენელი აღარ ჰყავს.


 

18.03.2016 – კონსერვატორიის სტუდენტების ნაწილმა გამოაქვეყნა მანიფესტი, რომლის მიხედვითაც, სოლიდარობას უცხადებენ “აუდიტორია 115”-ს და საგანამანათლებლო სისტემის ცვლილებებს ითხოვენ. სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი მხარს უჭერენ ინიციატივას თვითმმართველობის სასწრაფო რეორგანიზაციას, განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის გზით. სტუდენტების თქმით, კონსერვატორიის თვითმმართველობის პრეზიდენტმა, სიმონ ჩაჩანიძემ დეზინფორმაცია გაავრცელა, როდესაც კონსერვატორიის ყველა სტუდენტის სახელით, მხარი დაუჭირა თსუ-ს იმ სტუდენტურ თვითმმართველობას.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შეხვდა. მინისტრი ამბობს, კონსერვატორიაში მისვლა თსუ-ში განვითარებული მოვლენების გამო გადაწყვიტა. მისი თქმით, სტუდენტებთან შეხვედრა დაუგეგმავად გადაწყვიტა და მოთხოვნების პირადად მოსმენა სურდა. გიორგაძემ კონსერვატორიის სტუდენტებს სთხოვა, რომ მათი მსჯელობა არ დამსგავსებოდა “ღია კარის მტვრევას”.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თვითმმართველობის პრეზიდენტი, სიმონ ჩაჩანიძე საჯაროდ ბოდიშის მოხდას აპირებს. მან სტუდენტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბოდიშის მოხდის ფორმას მოიფიქრებს, თუმცა ნეტგაზეთთან ამის შესახებ დამატებით კომენტარის გაკეთება აღარ ისურვა. სიმონ ჩაჩანიძემ 16 მარტს თსუ-ს თვითმმართველობის წევრებს მიმართა, რომ კონსერვატორიის სტუდენტობა მათ სრულ თანადგომას უცხადებდა, რასაც კონსერვატორიის სტუდენტთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა.


18.03.2016 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ რექტორის გადაყენების საკითხი განიხილება. ვლადიმერ პაპავას თანამდებობის დატოვება მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობა მხარს დაუჭერს მისი გადაყენების საკითხს. თსუ-ს აკადემიურ საბჭოში ახლა 11 წევრია. რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრით მიიღება.

 


 

20.03.2016 – საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს პოზიტიურად აფასებს. მისი თქმით, ახალგაზრდების ჩართულობა სოციალურ საკითხებში მნიშვნელოვანია და მიესალმება სტუდენტების აქტიურობას. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საპროტესტო აქციებში ჩართული სტუდენტები მომავალში ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდებიან. მარგველაშვილი ასევე ეხმაურება უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერების არსებობის ფაქტს და ამბობს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაითხოვა მსგავსი პირები.

 


 

21.03.2016 – არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს პარლამენტს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ, კერძოდ კი უნივერსიტეტში „ოდეერის“ არსებობის შესახებ არაერთხელ გაჟღერებულ ინფორმაციაზე და საკითხის შესწავლის მიზნით შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი