კომენტარი

“ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ქართული აკადემიური საზოგადოება” – თსუ-ის პროფესორი “ოცნების” განათლების რეფორმაზე

17 თებერვალი, 2026 •
“ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ქართული აკადემიური საზოგადოება” – თსუ-ის პროფესორი “ოცნების” განათლების რეფორმაზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) პროფესორი, პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი ქეთევან ჭკუასელი ეხმაურება უნივერსიტეტში პედაგოგიკის პროგრამების გაუქმებას. პროფესორმა რეფორმას, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტთა დიდ ნაწილში გაუქმდა ფაკულტეტები და პროგრამები, “კატასტროფული ცვლილებები” უწოდა.

“თავისუფლების მოედნის” მიერ თსუ-ის ეზოში გამართულ შეხვედრაზე მან ისაუბრა პედაგოგიკის მიმართულების ისტორიის შესახებ თსუ-ში.

“ჩემი აქ მოსვლის მიზეზი არის ის ძალიან დიდი და სერიოზული, მე ვიტყოდი, კატასტროფული ცვლილებები, რომელიც ახლა უმაღლესი განათლების მიმართულებით ხდება საქართველოში. თავისთავად, ყველა პროფესია და ყველა უნივერსიტეტის ყველა პროგრამა ძალიან ღირებულია, იმიტომ, რომ ის არის დაკავშირებული ადამიანების შრომასთან, ფიქრთან, განცდასთან. ის არის დაკავშირებული სტუდენტებთან. ყველა პროგრამის უკან დგას ფიქრი იმის შესახებ, რომ რაღაცით გააუმჯობესოს უნივერსიტეტი და სასწავლო პროცესი.

ამ ფონზე, როდესაც თითქოს უხილავი ხელი ერევა და უნდა, რომ შენი ნაშრომი, ნაფიქრი და ნაღვაწი ერთი ხელის მოსმით გააქროს ისე, რომ არ შეგეკითხოს არაფერი, ცხადია, ეს ძალიან მტკივნეულია. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია მთელი ქართული აკადემიური საზოგადოება.

უშუალოდ ჩემი წუხილი, ცხადია, ეხება მასწავლებლებს. იმიტომ, რომ მე განათლების მეცნიერებების სპეციალისტი ვარ.  უფრო სწორად, როგორც ახლა მთავრობა ამბობს, პედაგოგიკის სპეციალისტი ვარ. ეს მიმართულება, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს არა მხოლოდ მასწავლებლის მომზადების, არამედ პედაგოგიკის, როგორც მეცნიერების, სამეცნიერო ბაზის განვითარების 107 წლის ისტორია, უცებ მოწყვიტეს უნივერსიტეტს. მასწავლებლის მომზადების პროგრამა მთლიანად გადაიტანეს უნივერსიტეტიდან.

[…] ივანე ჯავახიშვილმა დიმიტრი უზნაძეს დაავალა, რომ უნივერსიტეტში შემოეტანა ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის დარგი. ასეც მოხდა. პედაგოგიური ინსტიტუტი 1918 შემოუერთდა ამ უნივერსიტეტს და 1919 წლიდან ჩვენი უნივერსიტეტი ამზადებს მასწავლებლებს. ეს ხდებოდა მთელი საუკუნის განმავლობაში. ძალიან ბევრი ცვლილება განიცადა […] ივანე ჯავახიშვილი იყო საშუალო სკოლების კურიკულუმების შემქმნელი საბჭოს თავმჯდომარე. მთელი გუნდი, უნივერსიტეტის დამაარსებლები მუშაობდნენ საშუალო სკოლის სახელმძღვანელოების შექმნაზე. ამას რატომ ვყვები? მიტომ, რომ აი ,ეს ტრადიცია უნდათ, რომ ახლა გაუუქმონ უნივერსიტეტს.

[…] მე კოლეგები მხვდებიან და მისამძიმრებენ, მირეკავენ სხვადასხვა ქვეყნებიდან. მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის პირადად ჩემი ტკივილი. ეს არის უნივერსიტეტის ტკივილი […] სახელმწიფო, რომელიც აცხადებს, რომ ტრადიციებს იცავს და დედაუნივერსიტეტი უნდა აღადგინოს ძველი სახით და ტრადიციების და ქართული კულტურის მატარებელი უნდა იყოს, ამ ფონზე, ყველა ძირითად ტრადიციას, როგორიც არის მასწავლებელი [მასწავლებლის მომზადება], ამ დედაუნივერსიტეტიდან ჭრის”.

“ქართული ოცნების” განათლების რეფორმის მიხედვით, უნივერსიტეტების დიდ ნაწილში უქმდება სასწავლო პროგრამები. 12 თებერვალს “ქართული ოცნების” განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა მონაცემები იმის შესახებ, რომელ სახელმწიფო უნივერსიტეტს რომელ მიმართულებებზე ექნება სტუდენტების მიღების შესაძლებლობა.

“ოცნების” გადაწყვეტილებით:

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები პედაგოგიკის გამოკლებით, სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები;
  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე;
  • სამედიცინო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადება მედიცინის სპეციალობებზე;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე;
  • სოხუმის უნივერსიტეტში – აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზურ ენასა და ლიტერატურაზე, პედაგოგიკის სპეციალობებზე;
  • სახელოვნებო უნივერსიტეტები სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე;
  • ბათუმისა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას;
  • ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი