ახალი ამბები

თსუ-ს წინ მყოფი სტუდენტები დაიშალნენ, ისინი 15 მარტს 11 საათიდან შეიკრიბებიან

15 მარტი, 2016 •
თსუ-ს წინ მყოფი სტუდენტები დაიშალნენ, ისინი 15 მარტს 11 საათიდან შეიკრიბებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ შეკრებილი სტუდენტები დაიშალნენ. სტუდენტები ხვალ, 11 საათზე კვლავ შეიკრიბებიან.

აუდიტორია #115-ის წევრმა რატი რატიანმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ უნივერსიტეტის შენობის გარეთ მყოფმა სტუდენტებმა გადაწყვეტეს, რომ დაიშალონ და ხვალ, 15 მარტს, 11 საათიდან ისევ შეიკრიბონ უნივერსიტეტში.

რატიანის თქმით,  პოლიციას არ განუმარტავს, თუ რა მოტივით არ უშვებენ მათ უნივერსიტეტის შენობაში. შენობის წინ და უნივერსიტეტში მყოფ სტუდენტებს გაერთიანება სურდათ.

აუდიტორია #115-ის წევრი სტუდენტების მეორე ნაწილი აპირებს, რომ ღამე უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაათიონ.

სტუდენტების ერთი ნაწილი უნივერსიტეტის შენობაშია, ხოლო მეორე ნაწილი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ არიან შეკრებილი და ელოდებიან, როდის შეუშვებს პოლიცია შენობაში.

პოლიცია, რომელიც, დღეს, 14 მარტს, მთელი დღის განმავლობაში იყო უნივერსიტეტში მობილიზებული, კვლავ შენობაში რჩება და არ აძლევს გარეთ მყოფ სტუდენტებს უნივერსიტეტში შესვლის უფლებას.

უნივერსიტეტის შენობაში რჩებიან სტუდენტური თვითმმართველობის წევრები, რომლებიც უნივერსიტეტის რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომას ითხოვენ. თვითმმართველობის მხარდამჭერებმა დღეს, 12 საათზე კონტრაქცია გამართეს უნივერსიტეტში აუდიტორია #115-ის აქციის პარალელურად.

უნივერსიტეტში პოლიცია იყო გამოძახებული. თითმმართველობის წევრებმა ცადეს, რომ რექტორის კაბინეტში შეჭრილიყვნენ, თუმცა ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.

სტუდენტების პროტესტი თსუ-ში 7 მარტს დაიწყო, მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატად მხოლოდ გიორგი გაფრინდაშვილი დასახელდა. აუდიტორია #115-ის წევრმა სტუდენტებმა აქცია გამართეს გაფრინდაშვილის საწინააღმდეგოდ. დღეს გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ იგი მოხსნის საკუთარ კანდიდატურას.

გაფრინდაშვილის კანდიდატურის გარდა, აუდიტორია #115-ის წევრები აცხადებენ, რომ მათ ასევე სურთ, საუნივერსიტეტო სივრცე გათავისუფლდეს უშიშროების სამსახურის კონტროლისგან და არ იყოს სტუდენტებს შორის უთანასწორობა, რაშიც გულიხსმობენ თვითმმართველობის ხარჯებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი