ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “ოდეერის” შესაძლო არსებობას ეხმაურება.
ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის შესაძლო მუშაობის ფაქტი და მისი მხრიდან საუნივერსიტეტო/სასწავლო და მმართველობით პროცესებზე აქტიური გავლენის მოხდენის მცდელობა განსაკუთრებით საგანგაშოა საგანმანათლებლო სივრცეში:
“სასწავლო დაწესებულებები თავისი ბუნებით არ წარმოადგენს უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმის სუბიექტებს და ისინი სრულიად თავისუფალი უნდა იყვნენ მსგავსი პოლიციური კონტროლის მექანიზმებისგან. ”
ასევე, გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ EMC მნიშვნელოვანად მიიჩნევს, უნივერსიტეტის რექტორმა გააკეთოს ამომწურავი განმარტება, თუ:
“როდიდან და რამდენი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მოქმედებს დღეს უნივერსიტეტში, არსებობს თუ არა რაიმე სპეციალური უსაფრთხოების რეჟიმი, რასაც ექვემდებარება უნივერსიტეტი, და გამომდინარე აქედან, რა საფუძვლით და ლეგიტიმური მიზნით შეიძლება ახორციელებდნენ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები თავიანთ უფლებამოსილებებს სასწავლო დაწესებულებაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მიმართოს შესაბამის სამართლებრივ მექანიზმს და დაუყოვნებლივ აღკვეთოს აღნიშნული მავნე პრაქტიკა.”
EMC სახელმწიფოს მოუწოდებს, უზრუნველყოს ყველა იმ პირის უსაფრთხოება, რომელიც ჩართულია საუნივერსიტეტო პროტესტში და რომელთა აქტიურობასაც მოჰყვა შედეგად “ოდეერების” არსებობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებაში:
“აღნიშნულ პირებს უნდა ჰქონდეთ დაცულობის გარანტიები და პროტესტის უსაფრთხოდ გამოხატვის შესაძლებლობა, ხოლო მათი, ან მათი ოჯახის წევრების/ახლობლების მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლისა თუ შევიწროების ფაქტები უნდა გახდეს გამოძიების დაწყების და დაუყოვნებლივი რეაგირების საფუძველი.”
სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის 9 მარტს გავრცელებული განცხადებით კი, პაპავას მიერ დასახელებული ივა კავსაძე სუსის თანამშრომელი არ არის. სუსი აცხადებს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სუსის თანამშრომელი საერთოდ არ არის წარმოდგენილი და „ოდეერების“ ინსტიტუტთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებაზე საუბრობს:
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონით განისაზღვრა სრულიად ახალი და გამჭვირვალე უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა ინსტიტუტის ფუნქციონირების საკითხი, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ძველი ე.წ. ოდეერების ინსტიტუტისაგან.
კერძოდ, ცვლილებების შესაბამისად, ახალი ინსტიტუტი ემყარება ნებაყოფლობით საწყისებს. სამსახურის მიერ შესაბამის სუბიექტში წარმომადგენლის მივლენისა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განისაზღვრება ორმხრივი ხელშეკრულებით, რომლის გაფორმებაზე სამსახურისათვის მიმართვის უფლებამოსილება გააჩნია თავად დაინტერესებულ სუბიექტს.
ამასთან, კონკრეტული სუბიექტების ჩამონათვალს, რომელშიც შესაძლებელია მივლენილ იქნეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, განსაზღვრავს არაერთპიროვნულად უწყების ხელმძღვანელი, არამედ საქართველოს მთავრობა. აღნიშნული ნუსხა არის ყველასათვის ღია, გამჭვირვალე და მოიცავს 25 სუბიექტს, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით მაღალი რისკის შემცველია. ამ ჩამონათვალში საგანმანათლებლო დაწესებულებები არ შედის. შესაბამისად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სუსის თანამშრომელი არ არის წარმოდგენილი”, – აცხადებს სპეციალური უსაფრთოხების სამსახური.
ბოლო დღეების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, სტუდენტი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ რეგიონში მის სახლში (სადაც იგი ამჟამად არ ცხოვრობს) სავარაუდოდ ძალოვანი უწყებების ორი თანამშრომელი მივიდა და მისი, ასევე, ოჯახის წევრების შესახებ “ყველა ტიპის” ინფორმაცია მოითხოვა. კუპრაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამ ფაქტს მასზე ზეწოლად აფასებს.
როგორც კუპრაძემ ნეტგაზეთს 8 მარტს განუცხადა, ზემოხსენებული პირები მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს ესაუბრნენ და უთხრეს, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა კონკრეტული სამსახური არ დაუსახელებიათ. კუპრაძე ვარაუდობს, რომ საუბარია უშიშროების ან პოლიციის წარმომადგენლებზე.