ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს პოზიტიურად აფასებს

20 მარტი, 2016 •
საქართველოს პრეზიდენტი თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს პოზიტიურად აფასებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გასულ კვირას თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი თქმით, ახალგაზრდების ჩართულობა სოციალურ საკითხებში მნიშვნელოვანია და მიესალმება სტუდენტების აქტიურობას.

“ჩემი მრჩევლები მთელი დღე ერთმანეთს ცვლიდნენ უნივერსიტეტში, რადგან მე მინდოდა მცოდნოდა, არა მხოლოდ მედიიდან, რას გრძნობენ სტუდენტები. აქტიურად ვიყავით ჩართული ამ პროცესში. ნება მომეცით, დავაფიქსირო ჩემი პოზიტიური დამოკიდებულება ამ პროცესების მიმართ. მე ყოველთვის მახარებს და ხშირად მაკლდა სოციალურად აქტიური ახალგაზრდები […] იყო ხოლმე პერიოდი, როდესაც მიკვირდა, ბევრ პრობლემაზე უნივერსიტეტის შიგნით თუ გარეთ, რატომ არ არის სტუდენტების აქტიური ჩართულობა,” – ამბობს მარგველაშვილი.

პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საპროტესტო აქციებში ჩართული სტუდენტები მომავალში ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდებიან:

“სასიამოვნო იყოს იმის მოსმენა, როგორ ლაპარაკობენ ახალგაზრდები, როგორ აყალიბებენ თავიანთ აზრს და პოზიციას, როგორ ორგანიზდებიან. ამდენად, ეს პროცესი იყო პოზიტიური. მეტიც, ეს ეტაპიც, როდესაც მათ გაიაზრეს, რომ რაღაც პროცესი პიკამდე მიიყვანეს და აქვთ პოლიტიკური ალღო იმის მისახვედრად, რომ რაღაც შეცვალეს – აი, ეს პოლიტიკური ალღო ბევრ პოლიტიკოსს საქართველოში არ აქვს. ვერ გრძნობენ ხოლმე, სად არის პიკი და სად უნდა გაჩერდნენ. აი, ამ პროცესში ჩვენ დავინახეთ, რომ ადამიანებს, რომლებიც საუბრობდნენ უნივერსიტეტის პრობლემებზე, ძალიან კარგი ალღო აქვთ და ძალიან კარგად ურთიერთობენ მედიასთან.

მე ვისურვებდი, რომ როდესაც ისინი უნივერსიტეტს დაამთავრებენ, ჩაერთვებიან ქართულ პოლიტიკაში აქტიურად. უნივერსიტეტიდან გადმოინაცვლონ და სახელმწიფოზე იფიქრონ,” – აცხადებს პრეზიდენტი.

მარგველაშვილი ასევე ეხმაურება უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერების არსებობის ფაქტს და ამბობს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაითხოვა მსგავსი პირები.

“თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეუძლია “ოდეერის” გარეშე არსებობა, მაშინ უნივერსიტეტიც შეძლებს.”

თემაზე საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის, პირველი არხის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სასწავლო პროცესი რამდენიმე დღით ჩაიშალა – სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტში არ უშვებდნენ, ნაწილი კი შენობის შიგნით რამდენიმე დღე აქციებს მართავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი