თსუ-ს რექტორი, ვლადიმერ პაპავა გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ მან დღეს, 15 მარტს სტუდენტებთან და უნვიერსიტეტის პროფესორებთან შეხვედრისას განაცხადა:
“რექტორი აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას, ვაცნობიერებ სრულად, რას ნიშნავს დღეს იყო რექტორი. და იქიდან გამომდინარე, რომ ინსტიტუციურად რექტორი არის პირველი პირი, რექტორი გადადგომას არ აპირებს.”
რექტორი გადადგომას არ აპირებს.
Posted by netgazeti.ge on Tuesday, March 15, 2016
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმდჯომარე, შალვა საბაური ამბობს, რომ შექმნილი კრიზისი რექტორის, ვლადიმერ პაპავას დამსახურებაა. თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა პაპავას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. სტუდენტები, რომლებიც თვითმმართველობის დაფინანსების შეწყვეტასა და უნივერსიტეტის ავტონომიას ითხოვენ, რექტორს მოუწოდებენ, რომ არ გადადგეს თანამდებობიდან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გუშინაც განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომას გამორიცხავს.
მოვლენების მოკლე ქრონოლოგია
07.03.2016 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115-ის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა 2 ამბავი გააპროტესტეს: 1. სტუდენტური თვითმმართველობის წევრებისთვის ბაკურიანში ჩატარებულ ტრენინგში უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 24 600 ლარის დახარჯვა და თსუ-ს აკადემიურის საბჭოს მიერ უნივერსიტეტის კანცლერის კანდიდატად გიორგი გაფრინდაშვილის არჩევა.
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ გაფრინდაშვილი თვითმმართველობის პირველი და მეორე მოწვევის წევრი იყო, ხოლო 2010-დან 2012 წლმადე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწედ მუშაობდა. მათი თქმით, 2011 წელს, სტუდენტური მოძრაობა “თარგმნეს” მიერ დაგეგმილი პრეზენტაციისას, თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობის აქტივისტებს. ჟურნალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ, გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ არავინ არავის სცემდა.
09.03.2016 – თსუ-ს რექტორმა ლადო პაპავა განაცხადა, რომ უნივერსიტეტში არსებობს ე.წ. “ოდეერის ინსტიტუტი”, რაც სპეციალური უსაფრთხოების სამსახურმა უარყო.
10.03.2016 – თსუ-ს კანცლერის არჩევნები სტუდენტების პროტესტის გამო ჩაიშალა. სტუდენტებს უნივერისტეტის სენატის სხდომაზე დასწრება სურდათ, თუმცა უნივერსიტეტის დაცვამ და შემდეგ პოლიციამ სტუდენტებს არ მისცა საშუალება აუდიტორიამდე მისულიყვნენ. საბოლოოდ, თსუ-ში სენატის სხდომა ჩაიშალა. სტუდენტების ნაწილმა ღამე თსუ-ს პირველი კორპუსში გაათენეს.
11.03.2016 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა თსუ-ში მიმდინარე პროცესებზე მიმართვა გაავრცელეს, რომლითაც ისინი აცხადებენ, რომ უნივერსიტეტებში ცენზურა მიუღებელია.
11.03.2016 თსუ-ში სტუდენტებთან სოლიდარობის გამოსაცხადებლად რესპუბლიკური დავით ბერძენიშვილი მივიდა, თუმცა სტუდენტებმა განაცხადეს, რომ პროცესის პოლიტიზირება არ სურდათ. უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ საუნივერსიტეტო საქმეებში არ ჩარეულიყვნენ.
11.03. 2016 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გაფრინდაშვილს სთხოვა, რომ თსუ-ს კანცლერის პოსტზე კანდიდატურა მოეხსნა. სტუდენტები პრემიერ-მინისტრის განცხადებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას 14 მარტს მიიღებდა.
12.03.2016 – აუდიტორია #115-ში შეკრებილმა სტუდენტებმა განაცხადეს, რომ სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ შესრულდება, საპროტესტო აქციებიგაგრძელდებოდა. ისინი ე.წ. ოდეერის საქმის გამოძიებას, გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას კანცლერის არჩევნებიდან და თსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის რეორგანიზებას მოითხოვდნენ.
13.03.2016 თსუ-ს გაზეთის რედაქტორმა, ნინო კაკულიამ, სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მას უნივერსიტეტის პრობლემების შესახებ ზოგიერთი სტატიის გამოქვეყნების უფლებას არ რთავდნენ. ერთ-ერთ იმ პირებიდან კი, ვინც, მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების დროს გაზეთს აკონტროლებდა, უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი იყო. სტუდენების აქცია 13 მარტსაც გაიმართა. სტუდენტების ნაწილმა ღამე კვლავ უნივერსიტეტში გაათია.
14.03.2016 – თსუ-ს პირველი კორპუსის წინ აუდიტორია #115-ის წევრებისა და სტუდენტური თვითმმართველობის აქციები პარალელურად დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში სიტყვიერი დაპირისპირებით მიმდინარეობდა. თვითმართველობის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ვლადიმერ პაპავას გადადგომას მოითხოვეს. აქცია საღამოს რექტორის კაბინეტთან გაგრძელდა, სადაც სტუდენტური თვითმმართველობის აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ “გადადექი”, ხოლო სხვა სტუდენტები “არ გადადგე”. კაბინეტი საღამოს დატოვა რექტორმა ლადო პაპავამ და განაცხადა, რომ არ გადადგება.
იმავე საღამოს თვითმართველობის აქციის მონაწილეებმა ცადეს რექტორის კაბინეტის კარი შეემტვრიათ, თუმცა პოლიციამ ისინი ძალის გამოყენებით მოაცილა კაბინეტს. მანამდე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობაში გაურკვეველი პირები შევიდნენ, რომლებსაც სახე ნაწილობრივ ჰქონდათ დაფარული და თვითმმართველობის აქციის მონაწილეებთან იდგნენ. მათგან რამდენიმემ ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალა.
პოლიციამ უნივერსიტეტის კარი ჩაკეტა და გარეთ დარჩენილმა სტუდენტებმა შესვლა ვეღარ მოახერხეს, ნაწილმა კი ღამე კვლავ თსუ-ს შენობაში გაათენა.
14.03.2015 გიორგი გაფრინდაშვილმა თსუ-ს კანცლერობის არჩევნებიდან მისი კანდიდატურა მოხსნა.
15.03.2016 -თსუ-ს რექტორის, ვლადიმერ პაპავას კაბინეტი თვითმმართველობის აქციის მონაწილეებმა დაიკავეს. პროფესორ დიანა ძიძიგურის განცხადებით, პოლიციამ მათ ხელი არ შეუშალა. საბაურის განცხადებთ, სამართლებრივი წესრიგის დაცვა უნივერსიტეტში შეუძლებელი და ამ სივრცეში დარჩებიან, სანამ პაპავა გადადგომის გადაწყვეტილებას არ მიიღებს. თსუ-ს თვითმმართველობის წევრებმა უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტის წინ სტუდენტების მხარდამჭერების დამონტაჟებული პლაკატები გამოაკრეს და შიმშილობის აქცია დაანონსეს.
15.03.2016 ლადო პაპავასა თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ თვითმმართველობის წევრები აკადემიური საბჭოს ოთახში დარჩებიან და შიმშილობას გააგრძელებენ. პაპავამ კვლავ განაცხადა, რომ არ გადადგება. ხოლო აუდიტორია #115 სტუდენტურ თვითმმართველობის გარდა თსუ-ს აკადემიური საბჭოს დაშლაცმოითხოვა.
15.03.2015 პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა სასწრაფოდ განმუხტოს ვითარება უნივერსიტეტში და გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები. პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო პროცესების მშვიდ ვითარებაში ჩატარება, ამიტომაც მოუწოდა განათლების მინისტს, რომ შეხვდეს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს. პრემიერის განცხადების შემდეგ ეს შეხვედრა დაინიშნა.