თსუ-ს სტუდენტი ნუცა დოლიძე საუბრობს პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში. სტუდენტი ასევე ამბობს, რომ მან დაინახა, როგორ ძალადობდა 11 სტუდენტზე პატრულის 35 თანამშრომელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ პოლიციის მხრიდან “არანაირი ძალადობა არ ყოფილა”. “უნივერსიტეტში პატრული გამოიძახა უნივერსიტეტის დაცვის სამსახურმა იმისთვის, რომ არჩევნების ჩატარებას არავინ არ შეუშალოს ხელი და უსაფრთხოება იყოს დაცული”.
თსუ-ში სტიდენტური აქცია 10 მარტს, 16:00 საათზე დაიწყო. ისინი კანცლერის არჩევნების დაწყებამდე კიდევ ერთხელ მოუწოდებდნენ გიორგი გაფრინდაშვილს, რომ მოეხსნა საკუთარი კანდიდატურა და არ მიეღო მონაწილეობა უნივერსიტეტის კანცლერის არჩევნებში.
უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატად გიორგი გაფრინდაშვილია დასახელებული, რომელსაც აკადემიური საბჭო ასარჩევად სენატს დღეს წარუდგენს.
სტუდენტები, რომლებიც გაფრინდაშვილის არჩევას ეწინააღმდეგებიან, აცხადებენ, რომ გიორგი გაფრინდაშვილი თვითმმართველობის პირველი და მეორე მოწვევის წევრი იყო. 2012 წლამდე მუშაობდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწედ.
სტუდენტები აცხადებენ, რომ მისი საქმიანობის პერიოდში, 2011 წელს, სტუდენტური მოძრაობა “თარგმნეს” მიერ დაგეგმილი პრეზენტაციისას, თვითმმართველობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობის აქტივისტებს. ჟურნალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ გიორგი გაფრინდაშვილმა მათ განუცხადა, რომ არავინ არავის სცემდა.
გიორგი გაფრინდაშვილი სტუდენტების ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ კანდიდატურას არ მოხსნის.
17:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები და დაცვა ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე მივიდნენ ასევე პატრულის თანამშრომლები. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლევან ლორთქიფანიძემ და ირაკლი კუპრაძემ, რომლებიც უნივერსიტეტის სენატის წევრები არიან, სტუდენტების გარეშე სენატში შესვლაზე უარი განაცხადეს. დაცვამ მათ შიგნით შეღწევის უფლება არ მისცა. ნეტგაზეთის ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად კანცლერის არჩევნები შესაძლოა გადაიდოს. ამ ეტაპზე პოლიცია სენატის დარბაზში არავს უშვებს.