ახალი ამბები

“აუდიტორია #115” აქციას შეწყვეტს, თუ იმავეს სტუდენტური თვითმმართველობაც გააკეთებს

16 მარტი, 2016 •
“აუდიტორია #115” აქციას შეწყვეტს, თუ იმავეს სტუდენტური თვითმმართველობაც გააკეთებს

თსუ-ს სტუდენტური პროტესტის, აუდიტორია #115-ის წარმომადგენლების შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორატთან და განათლების მინისტრის მოადგილე გიორგი შერვაშიძესთან დასრულდა.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტური თვითმმართველობა შეწყვეტს აქციას ლადო პაპავას მიერ რექტორის თანამდებობის დატოვების მოთხოვნით, აუდიტორია #115-ის წარმომადგენლები გამოთქვამენ მზაობას, რომ მათაც შეაჩერონ პროტესტი და აუდიტორია დატოვონ.

“ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს პლატფორმა სრულდება. პირიქით, ახალი სტუდენტური ტალღის, პროტესტის, საუნივერსიტეტო საზოგადოების დაწყების პროცესია. ჩვენ პერიოდულად შევიკრიბებით #115-ე აუდიტორიაში, ეს არის თანამონაწილეობის, გამჭვირვალობის, თავისუფლებისა და სოლიდარობის სიმბოლური გამოხატულება და თავის ადგილს შეინარჩუნებს”, – ამბობს სტუდენტი სანდრო ტაბატაძე ნეტგაზეთთან საუბარში.

სტუდენტი აუდიტორია #115-დან, სანდრო ტაბატაძე, საუბრობს იმაზე, თუ რაზე შეჯერდნენ სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, გია შერვაშიძე და რექტორატი. #TSU16

Posted by netgazeti.ge on Tuesday, March 15, 2016

რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომლებზეც აუდიტორია #115 რექტორატთან და განათლების სამინისტროსთან შეჯერდა – საუბარია იმის შესახებ, რომ უნდა მოხდეს სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურული რეფორმირება უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის სახით, რაც ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველობას ფინანსებზე ხელი არ უნდა მიუწვდებოდეს.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მხარეებმა იმსჯელეს, არის უნივერსიტეტში ოდეერის ინსტიტუტის არსებობის გამოძიების თემა, რაზეც განათლების მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ მათ პარლამენტს უკვე მიმართეს საგამოძიებო კომისიის შექმნის თხოვნით.

განათლების მინისტრის მოადგილებ განაცხადა, რომ სამინისტრო მხარს დაუჭერს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც სტუდ…

Posted by აუდიტორია #115 on Tuesday, March 15, 2016

02:40 – ამ დროისთვის რექტორატი და შერვაშიძე სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს ხვდებიან, სადაც გაირკვევა, დათანხმდებიან თუ არა ისინი საკუთარ მოთხოვნაზე [რექტორის გადადგომა] უარის თქმასა და აქციის შეწყვეტას.


მოვლენების მოკლე  ქრონოლოგია

07.03.2016 –  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115-ის აქცია გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა 2 ამბავი გააპროტესტეს: 1. სტუდენტური თვითმმართველობის წევრებისთვის ბაკურიანში ჩატარებულ ტრენინგში უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან  24 600 ლარის დახარჯვა და თსუ-ს აკადემიურის საბჭოს მიერ უნივერსიტეტის კანცლერის კანდიდატად გიორგი გაფრინდაშვილის არჩევა.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ გაფრინდაშვილი თვითმმართველობის პირველი და მეორე მოწვევის წევრი იყო, ხოლო 2010-დან 2012 წლმადე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწედ მუშაობდა. მათი თქმით, 2011 წელს, სტუდენტური მოძრაობა “თარგმნეს” მიერ დაგეგმილი პრეზენტაციისას, თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობის აქტივისტებს. ჟურნალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ, გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ არავინ არავის სცემდა.

09.03.2016 თსუ-ს რექტორმა ლადო პაპავამ განაცხადა, რომ უნივერსიტეტში არსებობს ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი, რაც სპეციალური უსაფრთხოების სამსახურმა უარყო.

10.03.2016თსუ-ს კანცლერის არჩევნები სტუდენტების პროტესტის გამო ჩაიშალა. სტუდენტებს უნივერისტეტის სენატის სხდომაზე დასწრება სურდათ, თუმცა უნივერსიტეტის დაცვამ და შემდეგ პოლიციამ სტუდენტებს არ მისცა საშუალება აუდიტორიამდე მისულიყვნენ. საბოლოოდ, თსუ-ში სენატის სხდომა ჩაიშალა. სტუდენტების ნაწილმა ღამე თსუ-ს პირველი კორპუსში გაათენა.

11.03.2016ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა თსუ-ში მიმდინარე პროცესებზე მიმართვა გაავრცელეს, რომლითაც ისინი აცხადებენ, რომ უნივერსიტეტებში ცენზურა მიუღებელია.

11.03.2016  თსუ-ში სტუდენტებთან სოლიდარობის გამოსაცხადებლად რესპუბლიკური დავით ბერძენიშვილი მივიდა, თუმცა სტუდენტებმა განაცხადეს, რომ პროცესის პოლიტიზება არ სურდათ. უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ საუნივერსიტეტო საქმეებში არ ჩარეულიყვნენ.

11.03. 2016 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გაფრინდაშვილს სთხოვა, რომ თსუ-ს კანცლერის პოსტზე კანდიდატურა მოეხსნა.  სტუდენტები პრემიერ-მინისტრის განცხადებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას 14 მარტს მიიღებდა.

12.03.2016აუდიტორია #115-ში შეკრებილმა სტუდენტებმა განაცხადეს, რომ სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ შესრულდებოდა, საპროტესტო აქციები გაგრძელდებოდა. ისინი ე.წ. ოდეერის საქმის გამოძიებას, გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას კანცლერის არჩევნებიდან და თსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის რეორგანიზებას მოითხოვდნენ.

13.03.2016 თსუ-ს გაზეთის რედაქტორმა, ნინო კაკულიამ სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მას უნივერსიტეტის პრობლემების შესახებ ზოგიერთი სტატიის გამოქვეყნების უფლებას არ რთავდნენ. ერთ-ერთ იმ პირებიდან კი, ვინც, მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების დროს გაზეთს აკონტროლებდა, უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი იყო. სტუდენების აქცია 13 მარტსაც გაიმართა. სტუდენტების ნაწილმა ღამე კვლავ უნივერსიტეტში გაათია.

14.03.2016თსუ-ს პირველი კორპუსის წინ აუდიტორია #115-ის წევრებისა და სტუდენტური თვითმმართველობის აქციები პარალელურად დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.  თვითმართველობის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ვლადიმერ პაპავას გადადგომას მოითხოვეს. აქცია საღამოს რექტორის კაბინეტთან გაგრძელდა, სადაც სტუდენტური თვითმმართველობის აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ “გადადექი”, ხოლო სხვა სტუდენტები- “არ გადადგე”.  კაბინეტი საღამოს დატოვა რექტორმა ლადო პაპავამ და განაცხადა, რომ არ გადადგება.

იმავე საღამოს თვითმართველობის აქციის მონაწილეებმა ცადეს რექტორის კაბინეტის კარი შეემტვრიათ, თუმცა პოლიციამ ისინი ძალის გამოყენებით მოაცილა კაბინეტს. მანამდე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობაში გაურკვეველი პირები შევიდნენ, რომლებსაც სახე ნაწილობრივ ჰქონდათ დაფარული და თვითმმართველობის აქციის მონაწილეებთან იდგნენ. მათ შორის ზოგიერთმა ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალა.

პოლიციამ უნივერსიტეტის კარი ჩაკეტა და გარეთ დარჩენილმა სტუდენტებმა შესვლა ვეღარ მოახერხეს, ნაწილმა კი ღამე კვლავ თსუ-ს შენობაში გაათენა.

14.03.2015 გიორგი გაფრინდაშვილმა თსუ-ს კანცლერობის არჩევნებიდან თავისი კანდიდატურა მოხსნა.

15.03.2016 -თსუ-ს რექტორის, ვლადიმერ პაპავას კაბინეტი თვითმმართველობის აქციის მონაწილეებმა დაიკავეს. პროფესორ დიანა ძიძიგურის განცხადებით, პოლიციამ მათ ხელი არ შეუშალა. საბაურის განცხადებთ, სამართლებრივი წესრიგის დაცვა უნივერსიტეტში შეუძლებელი იყო და ამ სივრცეში დარჩებოდნენ, სანამ პაპავა გადადგომის გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. თსუ-ს თვითმმართველობის წევრებმა უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტის წინ სტუდენტების მხარდამჭერების დამონტაჟებული პლაკატები გამოაკრეს და შიმშილობის აქცია დააანონსეს.

15.03.2016 ლადო პაპავა თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ თვითმმართველობის წევრები აკადემიური საბჭოს ოთახში დარჩებოდნენ და შიმშილობას გააგრძელებდნენ. პაპავამ კვლავ განაცხადა, რომ არ გადადგება.  ხოლო აუდიტორია #115-მა სტუდენტურ თვითმმართველობის გარდა  თსუ-ს აკადემიური საბჭოს დაშლაც მოითხოვა.

15.03.2015 პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა,  სასწრაფოდ განემუხტა ვითარება უნივერსიტეტში და გაეძლიერებინა უსაფრთხოების ზომები. პრემიერმა ასევე განაცხადა,  რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო პროცესების მშვიდ ვითარებაში ჩატარება, ამიტომაც  მოუწოდა განათლების მინისტრს, რომ შეხვედროდა სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს. პრემიერის განცხადების შემდეგ ეს შეხვედრა დაინიშნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი