ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო ითხოვს განათლების რეფორმაში ცვლილებების შეტანას. საქმე ეხება საკანონმდებლო ცვლილებების იმ ნაწილს, რომლითაც მცირდება როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო სწავლების ხანგრძლივობა და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა.
ფაკულტეტის საბჭო ითხოვს, ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა არ შემცირდეს 1 წლამდე. ასევე, “გაიზარდოს საბაკალავრო კონტინგენტის 150-ადგილიანი კვოტა და გადაიხედოს სამაგისტრო საფეხურზე 5-5 ადგილით შეზღუდვა”.
ფაკულტეტის საბჭოს განცხადების ადრესატები არიან როგორც განათლების სამინისტროს გადაწყვეტილების მიმღები პირები, ისე უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია.
“ფსიქოლოგია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებასთან ერთად. უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესორებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ცენტრის შექმნაში, რაც 107 წლის არსებობის მანძილზე უამრავი წარმატება და მიღწევით აღინიშნა. თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ფსიქოლოგიის განათლების სისტემის განვითარება ეფუძნება პროფესიული სტანდარტების დაცვას და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებას.
დღეს ქართული ფსიქოლოგიური სკოლა მნიშვნელოვან გამოწვევას წინაშე დგას: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 20 თებერვლის ბრძანება №20/6 განსაზღვრავს ფსიქოლოგიის განათლების 150- კრედიტიან პროგრამას, მინიმუმად კი დაწესებულია კლინიკური ფსიქოლოგიის (მათ შორის, პრაქტიკის) 5-წლიანი პროგრამა, ხოლო 120-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამა ფსიქოლოგიის სფეროში აღარ იარსებებს.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სერიოზულ გავლენას მოახდენს ფსიქოლოგიის პროფესიულ განვითარებაზე და დააზარალებს ფსიქოლოგიის განათლების სისტემას, სტუდენტებსა და პროფესიონალებს”, – წერია თსუ-ის პროფესორების განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ მსგავსი მიმართვა გაავრცელეს პრაქტიკოსმა ფსიქოლოგებმა და ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებმაც. მათი შეფასებით, სწავლების დროის შემცირება “გამოიწვევს ნაკლები და არაკვალიფიცირებული, არაკონკურენტურიანი ფსიქოლოგების მომზადებას, რაც დაგვაშორებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და პროფესიულ სტანდარტს”.
4 თებერვალს “ქართული ოცნების” პარლამენტში დამტკიცებული კანონპროექტი უმაღლესი განათლების შესახებ, სხვა ცვლილებებთან ერთად, გულისხმობს უმაღლესი განათლების დაფუძნებას 3+1 კონცეფციაზე, საიდანაც 3 წელი ბაკალავრს ეთმობა და 1 წელი მაგისტრატურას. 20 თებერვალს, “ქართული ოცნების” მინისტრმა, გივი მიქანაძემ გამოაქვეყნა ბრძანება, რომელშიც განსაზღვრა იმ მიმართულებების სია, სადაც სწავლა ძველი პრაქტიკით გაგრძელდება. მათ შორისაა, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, ფარმაცია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ბიოქიმია, საავიაციო ინჟინერია და ა.შ. ჩამონათალში ვერ მოხვდა ვერცერთი პროგრამა ჰუმანიტარული, სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამებიდან. მათ შორის, ვერც ფსიქოლოგია.
ამავე თემაზე:
