ახალი ამბები

მიხეილ გორგაძე კონსერვატორიის სტუდენტებს: მოგყვებით ბოლომდე, თვითმმართველობა არ არის პრობლემა

18 მარტი, 2016 •
მიხეილ გორგაძე კონსერვატორიის სტუდენტებს: მოგყვებით ბოლომდე, თვითმმართველობა არ არის პრობლემა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შეხვდა.

მინისტრი ამბობს, რომ იმ ყველაფრის ფონზე, რაც თსუ-ში მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში, საჭიროდ ჩათვალა კონსერვატორიაში მისვლა.

მინისტრის თქმით, სტუდენტებთან შეხვედრა დაუგეგმავად გადაწყვიტა, უბრალოდ, მათი მოთხოვნების პირადად მოსმენა სურდა. გიორგაძემ კონსერვატორიის სტუდენტებს სთხოვა, რომ მსჯელობა არ დაემსგავსოს “ღია კარის მტვრევას”.

“არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა. ნებისმიერ საკითხზე, რაც არ უნდა პრობლემური ან უმნიშვნელო იყოს, მზად ვარ, ასეთ არაფორმალურ გარემოში მოვისმინო. აქ საუბარი იყო იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს თვითმმართველობა სისტემურად. მოთხოვნა საჭირო არ არის, საჭიროა საკითხის დაყენება. ფორმატს თქვენ გიტოვებთ. თქვენი მიდგომა ამ საკითხისადმი, მეგობრულად გთხოვთ, ნუ დაემსგავსება ღია კარის მტვრევას. მოგყვებით ბოლომდე. ვფიქრობ, თვითმმართველობა არ არის პრობლემა. ის არის ინსტრუმენტი, რომელიც სტრატეგიულ და სამოქმედო მიდგომებს განსაზღვრავს უნივერსიტეტში,” – განუცხადა სტუდენტებს გიორგაძემ.

მინისტრი სტუდენტებისგან ელოდება დროის და ფორმატის შეთავაზებას, რომლის ფარგლებშიც პედაგოგებთან ერთად განხილვებში მიიღებს მონაწილეობას.

სტუდენტებმა მინისტრს მოუსმინეს. ისინი დღეს მანიფესტს გამოაქვეყნებენ, სადაც საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ. სტუდენტები მინისტრს მოუწოდებენ, რომ თვითმმართველობის საკითხი დაარეგულირონ კანონის დონეზე. ისინი მზად არიან, რომ ამ პროცესებში მათთან ერთად იმუშაონ.

“სამწუხაროდ, თვითმმართველობა არ გამოხატავს ჩვენს ინტერესებს. როგორც სხვა უნივერსიტეტებში, აქაც პრივილეგირებული ჯგუფია,” – ამბობს კონსერვატორიის სტუდენტი, ანო მაჭავარიანი.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თვითმმართველობის პრეზიდენტი, სიმონ ჩაჩანიძე საჯაროდ ბოდიშის მოხდას აპირებს.

#კონსერვატორია #სტუდენტებისპროტესტი #თვითმმართველობა #TSU16 #აუდიტორია115

Posted by netgazeti.ge on Friday, March 18, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი