ახალი ამბები

თსუ-ს აკადემიური საბჭო ადასტურებს, რომ პაპავას გადაყენების საკითხი განიხილება

18 მარტი, 2016 •
თსუ-ს აკადემიური საბჭო ადასტურებს, რომ პაპავას გადაყენების საკითხი განიხილება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს წევრებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ რექტორის გადაყენების საკითხი განიხილება.

თსუ-ის პრესამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე სტუდენტური თვითმმართველობის მიერ უნივერსიტეტის რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადადგომასთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნის შესახებ ისაუბრეს.

თვითმმართველობის პრეზიდენტის, შალვა საბაურის განცხადებით, შეხვედრაზე კონკრეტული არგუმენტები წარადგინეს, თუ რატომ უნდა მოხდეს რექტორის მოვალეობის ვადაზე ადრე შეწყვეტა. თვითმმართველობის წარმომადგენლები ძირითად ორ მიმართულებას გამოყოფენ, რომელიც, მათი აზრით, შეიძლება გახდეს საფუძველი აკადემიური საბჭოსთვის, რომ დაიწყონ რექტორის იმპიჩმენტის პროცესი.

თვითმმართველობის პრეზიდენტის განცხადებით, პირველი მიმართულება რექტორის მიერ ჯეროვნად ვერ შესრულებული სამუშაოა, რომელიც წარმომადგენლობითი ორგანოს – სენატის სხდომის ჩატარების ვერ უზრუნველყოფას ეხება, ხოლო მეორე მიმართულება უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის არსებობაა, რომელიც საბაურის განცხადებით, კანონით აკრძალულია სასწავლო დაწესებულებაში, და თუ რექტორმა ამის შესახებ იცოდა, მას ეს ინფორმაცია შესაბამისი სტრუქტურებისთვის დროულად უნდა მიეწოდებინა.

შალვა საბაური, თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი © თსუ

„ჩვენ შევთავაზეთ აკადემიურ საბჭოს სამართლებრივი გეგმა-გამოსავალი. უნივერსიტეტის საზოგადოებაში გავრცელდა ასეთი აზრი, რომ რექტორის წასვლის შემდეგ უნივერსიტეტი შედის ჩიხში, ვინაიდან სანამ მოვალეობის შემსრულებელს აირჩევენ, უნივერსიტეტს არ ეყოლება მმართველი იმ პირობებში, როცა არ გვყავს კანცლერი. ჩვენ შევთავაზეთ გამოსავალი, რომლის მიხედვითაც რექტორი აანონსებს გარკვეულ პერიოდში წასვლას და ამ პერიოდში ხდება მოვალეობის შემსრულებლის არჩევა, რის შემდეგაც რექტორი დატოვებს თავის პოსტს,“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თვითმმართველობის პრეზიდენტმა.

სხდომას ესწრებოდა აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა, რომელმაც შეხვედრაზე განხილული მთავარი საკითხი შეაფასა:

„აღნიშნული შეხვედრა თვითმმართველობის მოთხოვნით შედგა, სადაც განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი. მთავარი მათგანი, რა თქმა უნდა, იყოს ისევ მათი ძირითადი მოთხოვნა რექტორის გადადგმომის შესახებ. ასევე, ვისაუბრეთ ამ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზეც. მე მზად ვარ ამ პროცესისთვის, მომხრე ვარ, შესწავლილ იქნეს რექტორის საქმიანობა.“

ვლადიმერ პაპავა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი © თსუ

აკადემიური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოს გადაწყვეტილება გახმოვანდა, რომლის მიხედვითაც თვითმმართველობამ თავისი არგუმენტები ერთი კვირის ვადაში დოკუმენტურად უნდა წარმოადგინოს. საბჭოს წარმომადგენლების განცხადებით, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტს საბჭო, განიხილოს თუ არა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის იმპიჩმენტის საკითხი.

აკადემიური საბჭოს წევრის, რამაზ ქურდაძის განცხადებით, რექტორის მოვალეობის ვადამდე შეწყვეტის საკითხი დაისვა 16 მარტის აკადემიური საბჭოს სხდომაზე და შესწავლის პროცესი დაწყებულია.

„მიმდინარეობს მოკვლევა და კონკრეტული საფუძვლების გარკვევა. ამას ჭირდება დრო, ჩაერთვებიან შესაბამისი სამსახურები და, რაც მთავარია, ეს საქმიანობა წარიმართება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით,“ – განაცხადა ქურდაძემ.

რევაზ ქურდაძე, თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი

 

რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრით მიიღება. ვლადიმერ პაპავას თანამდებობის დატოვება მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა მხარს დაუჭერს მისი გადაყენების საკითხს. თსუ-ს აკადემიურ საბჭოში ახლა 11 წევრია. ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო საბჭო თავისი სურვილით დატოვა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორმა პროფესორმა, მარიამ გერსამიამ და გიორგი გოგსაძემ, ხოლო მანამდე საბჭოს კიდევ ერთი წევრი დეკანი გახდა და ამის გამო შეუწყდა სტატუსი.

 


 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების ქრონოლოგია იხილეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი