ახალი ამბები

მარიამ გერსამიამ თსუ-ს აკადემიური საბჭო დატოვა

17 მარტი, 2016 •
მარიამ გერსამიამ თსუ-ს აკადემიური საბჭო დატოვა

მარიამ გერსამიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო დატოვა. ამის შესახებ მან გადაცემა “არჩევანში” საუბრისას განაცხადა.

“მე, მარიამ გერსამია, აკადემიური საბჭოს წევრი, დღეს იქ ვდგები, სადაც არასოდეს მოხდება სტუდენტების გაყოფა თვითმმართველობად და დაპირისპირებულ მხარედ. ეს არის აუდიტორია, სადაც მე ხვალ შევალ და წავიკითხავ ლექციას პროფესორის და არა აკადემიური საბჭოს წევრის სტატუსით. ეს არის ჩვემი გადაწყვეტილება. მე ვრჩები უნივერსიტეტის პროფესორად იქ, სადაც ჩემი და ჩემი სტუდენტების ადგილია, იქ, სადაც ადამიანების დაქსაქსვა და დაყოფა არ ხდება. მე ჩემს როლს ვხედავ სტუდენტების გვერდით, სადაც არანაირი დაყოფა არ არის, არამედ არის ერთიანობა, სოლიდარობა ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე. ყველა სტუდენტს, განურჩევლად მათი შეხედულებისა, ვუცხადებ სოლიდარობას,”- განაცხადა გერსამიამ.

მარიამ გერსამიას თქმით, ისეთი სტუდენტობის ნახვა სურს, რომელიც დაყოფილი არ არის:

“ამ დღეებში სულ მახსენდებოდა 13 ივნისის შემდეგ ჩვენი სტუდენტების სახე. მე უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ ფანტასტიკურ ახალგაზრდობას და ახალგაზრდულ მუხტს ვხედავდი, რომელიც ქვეყნის დასახმარებლად გვერდიგვერდ მუშაობდა. არავინ ლაპარაკობდა იქ, ვინ იყო თვითმმართველობის წარმომადგენელი, ვინ იყო მწვანე მუშტის წარმომადგენელი, 115-ე აუდიტორიის, “ნაციონალების” ან “ქართული ოცნების” მომხრე, მე ასეთი საქართველო მინდა, ასეთ სტუდენტობას ვუჭერ მხარს.”

სტუდენტების პროტესტის მოვლენათა ქრონოლოგიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი