ახალი ამბები

აუდიტორია #115 განათლების სამინისტროში შეხვედრას არ ესწრება

15 მარტი, 2016 •
აუდიტორია #115 განათლების სამინისტროში შეხვედრას არ ესწრება

კენჭისყრის შედეგად სტუდენტური გაერთიანების, აუდიტორია #115-ის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრას არ დაესწრებიან. სამინისტროში შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელი, რათა პრობლემის შესახებ ემსჯელათ.

როგორც სტუდენტთა ჯგუფის წარმოამდგენელი ლევან ლორთქიფანიძე აცხადებს, ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას არც ერთ განხილვაში, სადაც თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები იქნებიან.

“ჩვენ შევხვდებით ყველას, გარდა თვითმმართველობისა, ვინც განათლების სამინისტროში იკრიბება. ყველას შეუძლია მოვიდეს და შეგვხვდეს აქ. თვითმმართველობის წევრები ჩვენთვის ლეგიტიმური პირები არ არიან, მხარედ არ ვაღიარებთ. ისინი არიან პროვოკატორები,” – ამბობს ლორთქიფანიძე.

უნივერსიტეტის რექტორი, ვლადიმერ პაპავა განათლების სამინისტროში შხვედრაზე უკვე წავიდა.

ლადო პაპავა განათლების სამინისტროში წავიდა შეხვედრაზე. აუდიტორია 115_ის მხარდამჭერები სკანდირებენ: არ გადადგე”, შეგვიშვით

Posted by netgazeti.ge on Tuesday, 15 March 2016

 

განათლების მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი შერვაშიძე სტუდენტების დაყოლიებას ცდილობს, რომ ისინი განათლების სამინისტროში წავიდნენ შეხვედრაზე. სტუდენტებმა უთხრეს, რომ არავითარ დიალოგზე არ წავლენ, თუკი უნივერსიტეტის შენობის წინ მდგარ სტუდენტებს შენობაში შესვლის უფლებას არ მისცემენ. შენობაში სტუდენტები 14 მარტის შემდეგ ვეღარ შედიან. 15 მარტს თსუ-ს პირველ კორპუსში სასწავლო პროცესი მთლიანად ჩაიშალა.

შეხვედრა განათლების სამინისტროში დღეს, 20:00 საათზე, პრემიერის განცხადების შემდეგ დაიგეგმა.


მოვლენების მოკლე  ქრონოლოგია

07.03.2016 –  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115-ის აქცია გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა 2 ამბავი გააპროტესტეს: 1. სტუდენტური თვითმმართველობის წევრებისთვის ბაკურიანში ჩატარებულ ტრენინგში უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან  24 600 ლარის დახარჯვა და თსუ-ს აკადემიურის საბჭოს მიერ უნივერსიტეტის კანცლერის კანდიდატად გიორგი გაფრინდაშვილის არჩევა.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ გაფრინდაშვილი თვითმმართველობის პირველი და მეორე მოწვევის წევრი იყო, ხოლო 2010-დან 2012 წლმადე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწედ მუშაობდა. მათი თქმით, 2011 წელს, სტუდენტური მოძრაობა “თარგმნეს” მიერ დაგეგმილი პრეზენტაციისას, თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობის აქტივისტებს. ჟურნალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ, გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ არავინ არავის სცემდა.

09.03.2016 თსუ-ს რექტორმა ლადო პაპავა განაცხადა, რომ უნივერსიტეტში არსებობს ე.წ. “ოდეერის ინსტიტუტი”, რაც სპეციალური უსაფრთხოების სამსახურმა უარყო.

10.03.2016თსუ-ს კანცლერის არჩევნები სტუდენტების პროტესტის გამო ჩაიშალა. სტუდენტებს უნივერისტეტის სენატის სხდომაზე დასწრება სურდათ, თუმცა უნივერსიტეტის დაცვამ და შემდეგ პოლიციამ სტუდენტებს არ მისცა საშუალება აუდიტორიამდე მისულიყვნენ. საბოლოოდ, თსუ-ში სენატის სხდომა ჩაიშალა. სტუდენტების ნაწილმა ღამე თსუ-ს პირველი კორპუსში გაათენეს.

11.03.2016ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა თსუ-ში მიმდინარე პროცესებზე მიმართვა გაავრცელეს, რომლითაც ისინი აცხადებენ, რომ უნივერსიტეტებში ცენზურა მიუღებელია.

11.03.2016  თსუ-ში სტუდენტებთან სოლიდარობის გამოსაცხადებლად რესპუბლიკური დავით ბერძენიშვილი მივიდა, თუმცა სტუდენტებმა განაცხადეს, რომ პროცესის პოლიტიზირება არ სურდათ. უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ საუნივერსიტეტო საქმეებში არ ჩარეულიყვნენ.

11.03. 2016 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გაფრინდაშვილს სთხოვა, რომ თსუ-ს კანცლერის პოსტზე კანდიდატურა მოეხსნა.  სტუდენტები პრემიერ-მინისტრის განცხადებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას 14 მარტს მიიღებდა.

12.03.2016აუდიტორია #115-ში შეკრებილმა სტუდენტებმა განაცხადეს, რომ სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ შესრულდება, საპროტესტო აქციებიგაგრძელდებოდა. ისინი ე.წ. ოდეერის საქმის გამოძიებას, გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას კანცლერის არჩევნებიდან და თსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის რეორგანიზებას მოითხოვდნენ.

13.03.2016 თსუ-ს გაზეთის რედაქტორმა, ნინო კაკულიამ, სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მას უნივერსიტეტის პრობლემების შესახებ ზოგიერთი სტატიის გამოქვეყნების უფლებას არ რთავდნენ. ერთ-ერთ იმ პირებიდან კი, ვინც, მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების დროს გაზეთს აკონტროლებდა, უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი იყო. სტუდენების აქცია 13 მარტსაც გაიმართა. სტუდენტების ნაწილმა ღამე კვლავ უნივერსიტეტში გაათია.

14.03.2016თსუ-ს პირველი კორპუსის წინ აუდიტორია #115-ის წევრებისა და სტუდენტური თვითმმართველობის აქციები პარალელურად დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში სიტყვიერი დაპირისპირებით მიმდინარეობდა.  თვითმართველობის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ვლადიმერ პაპავას გადადგომას მოითხოვეს. აქცია საღამოს რექტორის კაბინეტთან გაგრძელდა, სადაც სტუდენტური თვითმმართველობის აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ “გადადექი”, ხოლო სხვა სტუდენტები “არ გადადგე”.  კაბინეტი საღამოს დატოვა რექტორმა ლადო პაპავამ და განაცხადა, რომ არ გადადგება.

იმავე საღამოს თვითმართველობის აქციის მონაწილეებმა ცადეს რექტორის კაბინეტის კარი შეემტვრიათ, თუმცა პოლიციამ ისინი ძალის გამოყენებით მოაცილა კაბინეტს. მანამდე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობაში გაურკვეველი პირები შევიდნენ, რომლებსაც სახე ნაწილობრივ ჰქონდათ დაფარული და თვითმმართველობის აქციის მონაწილეებთან იდგნენ. მათგან რამდენიმემ ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალა.

პოლიციამ უნივერსიტეტის კარი ჩაკეტა და გარეთ დარჩენილმა სტუდენტებმა შესვლა ვეღარ მოახერხეს, ნაწილმა კი ღამე კვლავ თსუ-ს შენობაში გაათენა.

14.03.2015 გიორგი გაფრინდაშვილმა თსუ-ს კანცლერობის არჩევნებიდან მისი კანდიდატურა მოხსნა.

15.03.2016 -თსუ-ს რექტორის, ვლადიმერ პაპავას კაბინეტი თვითმმართველობის აქციის მონაწილეებმა დაიკავეს. პროფესორ დიანა ძიძიგურის განცხადებით, პოლიციამ მათ ხელი არ შეუშალა. საბაურის განცხადებთ, სამართლებრივი წესრიგის დაცვა უნივერსიტეტში შეუძლებელი და ამ სივრცეში დარჩებიან, სანამ პაპავა გადადგომის გადაწყვეტილებას არ მიიღებს. თსუ-ს თვითმმართველობის წევრებმა უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტის წინ სტუდენტების მხარდამჭერების დამონტაჟებული პლაკატები გამოაკრეს და შიმშილობის აქცია დაანონსეს.

15.03.2016 ლადო პაპავასა თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ თვითმმართველობის წევრები აკადემიური საბჭოს ოთახში დარჩებიან და შიმშილობას გააგრძელებენ. პაპავამ კვლავ განაცხადა, რომ არ გადადგება.  ხოლო აუდიტორია #115 სტუდენტურ თვითმმართველობის გარდა  თსუ-ს აკადემიური საბჭოს დაშლაცმოითხოვა.

15.03.2015 პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა  სასწრაფოდ განმუხტოს ვითარება უნივერსიტეტში და გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები. პრემიერმა ასევე განაცხადა,  რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო პროცესების მშვიდ ვითარებაში ჩატარება, ამიტომაც  მოუწოდა განათლების მინისტს, რომ შეხვდეს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს. პრემიერის განცხადების შემდეგ ეს შეხვედრა დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი