ახალი ამბები

პრემიერი: ვიზიარებ სტუდენტების პროტესტს, რომ უნივერსიტეტი რეფორმებს საჭიროებს

16 მარტი, 2016 •
პრემიერი: ვიზიარებ სტუდენტების პროტესტს, რომ უნივერსიტეტი რეფორმებს საჭიროებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ერთი მხრივ, ეთანხმება სტუდენტების მოთხოვნებს იმის შესახებ, რომ უმაღლესი განათლების სისტემა რეფორმებს საჭიროებს, მაგრამ, მეორე მხრივ, არ შეიძლება გადაწყვეტილების მიღება სიტუაციის ესკალაციით.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების აზრი და სტუდენტების აზრი აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული იმ რეფორმებში, რომელიც არის შემადგენელი ნაწილი ჩვენი მთავრობის ახალი ოთხპუნქტიანი რეფორმების. როგორც უნივერსიტეტი, ასევე საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა საჭიროებს ფუნდამენტურ რეფორმებს და, რა თქმა უნდა, მე მე ვიზიარებ, ერთი მხრივ, სტუდენტების პროტესტს ამის თაობაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, არ შეიძლება სიტუაციის ესკალაციით და ასეთ დაძაბულ რეჟიმში რაიმე გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც დაწყნარდება სტუაცია და მე მინდა კიდევ ერთხელ არა მოვუწოდო, არამედ ვთხოვო ჩვენს შვილებს, ჩვენს ახალგაზრდებს, რომ მოგვცენ საშუალება, გავატაროთ ის ცვლილებები, რომლებსაც ისინი ითხოვენ და რომლებშიც მე აბსოლუტურად ვიზიარებ მათ სულისკვეთებას,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ, 15 მარტსაც გაავრცელა. ამ განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო დავალება, სასწრაფოდ განემუხტა ვითარება და გაეძლიერებინა თსუ-ში უსაფრთხოების ზომები. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო პროცესების მშვიდ ვითარებაში ჩატარება და მოუწოდა განათლების მინისტს, შეხვედროდა სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს.

დღეს სტუდენტების ორმა ჯგუფმა- აუდიტორია #115-მა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა- თსუ-სთან პარალელურ აქციები გამართა. აუდიტორია #115-ის წევრებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის, თვითმმართველობის სისტემის სტრუქტურული რეფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტურ თვითმმართველობას უნივერსიტეტის ფინანსებზე დაშვების უფლება არ უნდა ჰქონდეთ. ასევე, უნდა გამოიძიონ თსუ-ში მომუშავე ოდეერის საკითხი.

რაც შეეხება სტუდენტურ თვითმმართველობას, ისინი კვლავ რექტორის, ლადო პაპავას გადადგომას მოითხოვენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი