სამართალი

თსუ-ში გამართული აქციების მონაწილე სტუდენტი ზეწოლის ფაქტზე საუბრობს

8 მარტი, 2016 •
თსუ-ში გამართული აქციების მონაწილე სტუდენტი ზეწოლის ფაქტზე საუბრობს

ბოლო დღეების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, სტუდენტი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ რეგიონში მის სახლში (სადაც იგი ამჟამად არ ცხოვრობს) სავარაუდოდ ძალოვანი უწყებების ორი თანამშრომელი მივიდა და მისი, ასევე, ოჯახის წევრების შესახებ “ყველა ტიპის” ინფორმაცია მოითხოვა. კუპრაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამ ფაქტს მასზე ზეწოლად აფასებს.

როგორც კუპრაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, ზემოხსენებული პირები მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს ესაუბრნენ და უთხრეს, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა კონკრეტული სამსახური არ დაუსახელებიათ. კუპრაძე ვარაუდობს, რომ საუბარია უშიშროების ან პოლიციის წარმომადგენლებზე.

“უკვე მეორე კვირაა ჩართული ვართ უნივერსიტეტში მიუღებელი, მოძალადეების მფარველი, თვითმმართველობის ყოფილი ერთ-ერთი თავმჯდომარის, გიორგი გაფრინდაშვილის კანცლერად არჩევის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის პარალელურად სახელით და გვარებით ვამხილეთ უშიშროების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც უხეშად ერევიან საუნიევრსიტეტო შიდა საქმეებში და კანცლერის არჩევნებში (უნივერსიტეტში ჩანერგილი უშიშროების თანამშრომელი ივა კავსაძე გიორგი გაფრინდაშვილის ჯგუფელი და მეგობარია). ეს ყველაფერი კამერების წინაშე კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ დაადასტურა უნივერსიტეტის რექტორმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა დაადასტურა უნივერსიტეტში ე.წ ოდეერის არსებობა უყურეთ რეალურ სივრცეს ახლა პირველზე ან ონლაინ – https://youtu.be/MObBp5N36lc

Posted by რეალური სივრცე • ყოველდღე on Tuesday, March 8, 2016

დღეს გამოქვეყნებული კადრების მიხედვით დამტკიცდა, რომ მე და ლევან ლორთქიფანიძეს გვითვალთვალებენ კიდეც, ტელეფონის მოსმენაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

რამდენიმე დღის წინ ჩემს სახლში მივიდა ორი უშიშროების/პოლიციის (უფორმოდ იყვნენ) სამსახურის თანამშრომელი, რომლებიც პიკაპის ჯიპით იყვნენ და პირადად მე მომიკითხეს, მოითხოვეს ყველა ტიპის ინფორმაცია ჩემზე და ოჯახის სხვა წევრებზე ისე, რომ არაფერი არ აუხსნიათ, რა ხდებოდა… ვისაც შესაძლებლობა გაქვთ, ძალიან გთხოვთ, ეგებ გამორკვევაში დამეხმაროთ, ვინ იყვნენ და რა უნდოდათ.

ეს არის ზეწოლა ყველა ჩვენგანზე, გვირტყამენ იქ, სადაც ყველაზე მეტად გვტკივა და რაც ყველაზე მეტად ძვირფასია. ჩემთვის ეს ოჯახია”, – აცხადებს კუპრაძე.

ნეტგაზეთი სტუდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სადაც განაცხადეს:

“არ ვადასტურებთ, რომ სუს-ის თანამშრომლები იყვნენ მისულები”.

თსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ კანცლერის კანდიდატად სენატზე წარსადგენად გიორგი გაფრინდაშვილის არჩევამ თსუ-ის სტუდენტებში პროტესტი გამოიწვია. მათი თქმით, გაფრინდაშვილი არ არის ამ თანამდებობისათვის მისაღები კანდიდატი, რადგან ის იყო სტუდენტური თვითმმართველობის წევრი.

7 მარტს გამართულ აქციაზე ვლადიმერ პაპავამ სტუდენტებს უთხრა, რომ მას გაფრინდაშვილისთვის ხმა არ მიუცია.

„მანამდე ამ თანამდებობისთვის არჩეული იყო ერთი პიროვნება, ბ-ნი არჩვაძე, რომელსაც აკადემიური საბჭოს 8 წევრმა დაუჭირა მხარი, თუმცა მან სენატზე წარდგენამდე მოხსნა თავისი კანდიდატურა. ამის შემდეგ შეირჩა გიორგი გაფრინდაშვილი, რომელსაც საბჭოს 8 წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 4 ადამიანი, მათ შორის მეც, წავიდა წინააღმდეგ,“ – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ სტუდენტებთან საუბრისას.

სტუდენტები ამბობენ, რომ გიორგი გაფრინდაშვილი იმ ძალადობრივი სისტემის ნაწილი იყო, რომელიც ხელს უწყობდა სტუდენტების ჩაგვრას და ფიზიკურ ზეწოლას. მათ ამის არგუმენტად სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიება მოჰყავთ. ვიდეოში ჩანს 2012 წელს „თარგმნეს“ პრეზენტაციაზე თვითმმართველობის მიერ ნაცემი სტუდენტები და გიორგი გაფრინდაშვილის სიტყვები „არავინ არავის არ სცემს“. გაფრინდაშვილი იმ დროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწე იყო.

სტუდენტების მოთხოვნით გუშინ, 7 მარტს რექტორმა სასწრაფო წესით მოიწვია აკადემიური საბჭოს კრება, რომელსაც 8 წევრი დაესწრო. სტუდია “მონიტორის” გამოძიების ნახვის შემდეგ საბჭოს წევრებმა განაცხადეს, რომ მათ არაფერი იცოდნენ ზემოხსენებულის შესახებ, მაგრამ რომც სცოდნოდათ, არ იციან, მაინც მისცემდნენ თუ არა ხმას.

გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას სენატზე 10 მარტს განიხილავენ. წარმომადგენლობითი ორგანო შედგება 42 წევრისაგან. გიორგი გაფრინდაშვილს კანცლერად ასარჩევად 22 ხმა სჭირდება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი, გიორგი გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ გუშინდელ სტუდენტურ პროტესტთან დაკავშირებით მას რექტორი ვლადიმერ პაპავა ესაუბრა, თუმცა ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, მოხსნის თუ არა თავის კანდიდატურას:

„გუშინ შევხვდი უნივერსიტეტის რექტორს, ასევე კონსულტაციები მექნება აკადემიური საბჭოს წევრებთან, ფაკულტეტის წამომადგენლებთან, ვისი მხრიდანაც მოხდა ჩემი კანდიდატურის ინიცირება, რის შემდგომაც მივიღებ გადაწყვეტილებას და აუცილებლად შეგატყობინებთ,“ – აცხადებს გიორგი გაფრინდაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი