ახალი ამბები

სტუდენტები სენატის შეთავაზებას არ დათანხმდნენ და თსუ-ში ღამის გათენებას გეგმავენ

10 მარტი, 2016 •
სტუდენტები სენატის შეთავაზებას არ დათანხმდნენ და თსუ-ში ღამის გათენებას გეგმავენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ნაწილმა, რომელიც გიორგი გაფრინდაშვილის კანცლერად არჩევას ეწინააღმდეგება, გადაწყვიტა, რომ ღამე უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაათენოს.

 თსუს-ს სენატის წარმომადგენლებმა და რექტორმა საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებს შესთავაზეს, რომ დღეს დაშლილიყვნენ და ორშაბათს ჩატარებულიყო ღია სამუშაო შეხვედრა, რომელსაც დაესწრებოდნენ სტუდენტების წარმომადგენლები, გიორგი გაფრინდაშვილი და სენატის წევრები. ხოლო სამშაბათს გამართულიყო იგივე სამუშაო შეხვედრა, ოღონდ უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. რექტორის თქმით, სწორედ ამ ორი შეხვედრის შემდეგ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას.
სტუდენტები შემოთავაზებულ წინადადებას არ დაეთანხმდნენ და განაცხადეს, რომ  შეხვედრა უნდა შემდგარიყო ყველა მათგანთან და არა მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელთან.
აქციის მონაწილე სტუდენტთა ერთი ნაწილი დღეს თსუ-ში აპირებს დარჩენას და ღამის გათენებას. ხვალ კი, მათი განცხადებით, კიდევ ერთი აქცია გაიმართება. მათი მოთხოვნები უცვლელია, გიორგი გაფრინდაშვილმა მოხსნას თავისი კანდიდატურა, ან შეხვდეს მათ ღიად, სადაც მონაწილეობას ყველა სტუდენტი მიიღებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატის სხდომა დღეს, 10 მარტს, სტუდენტთა საპროტესტო აქციის გამო ჩაიშალა.

სტიდენტური აქცია 16:00 საათზე დაიწყო. ისინი არჩევნების დაწყებამდე კიდევ ერთხელ მოუწოდებდნენ გიორგი გაფრინდაშვილს, რომ მოეხსნა საკუთარი კანდიდატურა და არ მიეღო მონაწილეობა უნივერსიტეტის კანცლერის არჩევნებში.

უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატად გიორგი გაფრინდაშვილია დასახელებული, რომელსაც აკადემიური საბჭო ასარჩევად სენატს წარუდგენს.

სტუდენტები, რომლებიც გაფრინდაშვილის არჩევას ეწინააღმდეგებიან, აცხადებენ, რომ გიორგი გაფრინდაშვილი თვითმმართველობის პირველი და მეორე მოწვევის წევრი იყო. 2012 წლამდე მუშაობდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწედ.

სტუდენტები აცხადებენ, რომ მისი საქმიანობის პერიოდში, 2011 წელს, სტუდენტური მოძრაობა “თარგმნეს” მიერ დაგეგმილი პრეზენტაციისას, თვითმმართველობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობის აქტივისტებს. ჟურნალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ გიორგი გაფრინდაშვილმა მათ განუცხადა, რომ არავინ არავის სცემდა.

 

გიორგი გაფრინდაშვილი სტუდენტების ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ კანდიდატურას არ მოხსნის.

თსუ-ში დღეს განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიას შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი