ახალი ამბები

ვლადიმერ პაპავა: ვთხოვ პოლიტიკოსებს, არ ჩაერიონ საუნივერსიტეტო საქმეებში

11 მარტი, 2016 •
ვლადიმერ პაპავა: ვთხოვ პოლიტიკოსებს, არ ჩაერიონ საუნივერსიტეტო საქმეებში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ვლადიმერ პაპავა პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომ არ ჩაერიონ საუნივერსიტეტო საქმეებში. მისი თქმით, უნივერსიტეტი აპოლიტიკური ორგანიზაციაა.

როგორც პაპავა აცხადებს, ერთადერთი, რითიც შეიძლება პოლიტიკოსები უნივერსიტეტს დაეხმარონ, არის ცვლილებების შეტანა კანონში, რომელიც უმაღლესი განათლების საკითხს არეგულირებს.

“უნივერსიტეტი არის აპოლიტიკური ორგანიზაცია და როცა უნივერსიტეტში გარკვეული პროტესტია, არის გარკვეული მოძრაობა, მე ვთხოვ ყველა პოლიტიკოსს, რომ არ ჩაერიონ საუნივერსიტეტო საქმეებში, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს. ეს არის პრინციპული. გუშინ გაკეთდა შესანიშნავი განცხადება. განცხადება გაავრცელა უნივერსიტეტის ღვაწლმოსილმა 14-მა პროფესორმა, რომელებმაც მოსთხოვეს ყველას და, პირველ რიგში, პოლიტიკურ ძალებს, რომ უნივერსიტეტს სცენ პატივი და არ ჩაერიონ უნივერსიტეტის საქმეში – ეს არ შეიძლება. მე, როგორც რექტორი, ასევე მოვუწოდებ და თხოვნით მივმართავ ყველა პოლიტიკურ ძალას, ნუ ჩაერევიან უნივერსიტეტის საქმეში. ერთადერთი, რითიც შეიძლება უნივერსიტეტებს დაეხმარონ პოლიტიკოსები, შესაბამის კანონში, რომელიც უმაღლესი განათლების საკითხს არეგულირებს, მიიღონ ისეთი ცვლილებები, რომელიც გაზრდის უნივერსიტეტის ავტონომიურობას და კონსტრუქციული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას,” – განაცხადა თსუ-ს რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ.

დაიწყოს გამოძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “ოდეერის” ინსტიტუტის არსებობის შესახებ, მოხდეს კანცლერის არჩევის სისტემის რეფორმირება, შეწყდეს თვითმმართველობის პრივილეგიების წახალისება ადმინისტრაციისა და რექტორატის მხრიდან, მოხდეს თვითმმართველობის ფუნქციის და ადმინისტრაციული უფლებების მინიმალიზაცია, – ამ მოთხოვნებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების აქცია გრძელდება.

დღეს, 11 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მივიდა და სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადა. სტუდენტებმა სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადეს, თუმცა მასთან საუბრის გაგრძელება არ ისურვეს.

თსუ-ს ერთ-ერთ სტუდენტის, გიორგი კოხოძის თქმით, სტუდენტებს არ სურთ, რომ ვინმემ პოლიტიკური ქულები დაიწეროს სტუდენტების ხარჯზე. თუმცა დავით ბერძენიშვილმა შეხვედრისას სტუდენტებს უთხრა, რომ იქ არ მისულა იმისთვის, რომ პოლიტიკური ქულები სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი