ახალი ამბები

სტუდენტური თვითმმართველობისა და აუდიტორია #115-ის აქციები თსუ-ში

14 მარტი, 2016 •
სტუდენტური თვითმმართველობისა და აუდიტორია #115-ის აქციები თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ ორი აქცია- სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115-ის წევრებისა და  სტუდენტური თვითმმართველობის – 12 საათზე დაიწყო.

უნივერსიტეტის დაცვა აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის დგას.  აუდიტორია #115-ის წევრების მოწოდებებს უნივერსიტეტის ავტონომიურობის შესახებ თვითმმართველობის აქციის მონაწილეები სტვენით პასუხობენ.

პაატა ბახტურიძე, სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი და სენატის წევრი, აცხადებს, რომ უნივერსიტეტის კანცლერი სამართლებრივი პროცედურით უნდა აირჩიონ და არა აქციებით.

ბახტურიძე აცხადებს, რომ კანცლერობის კანდიდატზე არ უნდა მიმდინარეობდეს ზეწოლა პრემიერ-მინისტრის, უნივერსიტეტის რექტორის ან სტუდენტების ჯგუფების მხრიდან, რაც მისთვის მიუღებელია.

“გვინდა, რომ თსუ-ში პროცესები დაბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოებში. როდესაც ადამიანები ითხოვენ ავტონომიას, ავტონომია იმაშიც გამოიხატება, რომ კონკრეტულ კანდიდატზე, ამ შემთხვევაში გიორგი გაფრინდაშვილზე არ უნდა ხდებოდეს ზეწოლა და ამ ზეწოლით კანდიდატურის მოხსნა აიძულო”, – ამბობს ბახტურიძე.

ბახტურიძის თქმით, სამართლებრივი პროცედურა უნდა გაგრძელდეს ისე, როგორც არის გაწერილი უნივერსიტეტის წესდებით და სენატს უნდა მისცენ საშუალება, რომ აირჩიონ კანცლერი.

ბახტურიძე ასევე საუბრობს უნივერსიტეტის რექტორის პასუხისმგებლობის საკითხზე იმ შემთხვევაში, თუ იგი სამი წელი “მალავდა” ოდეერს უნივერსიტეტში.

თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ სტუდენტების იმ ჯგუფს, რომელიც ეწინააღმდეგება გაფრინდაშვილის კანდიდატურას, ეთანხმებიან იმაში, რომ უნივერსიტეტში არ უნდა იყოს არც ერთი სტრუქტურის წარმომადგენელი და არ უნდა განსაზღვრავდეს უნივერსიტეტის პოლიტიკას, ხოლო უნივერსიტეტი უნდა იყოს ავტონომიური.

Posted by netgazeti.ge on Monday, March 14, 2016

გიორგი არობელიძე, თსუ-ს სტუდენტი ამბობს, რომ გარკვეულ ჯგუფებს ხელს აძლევს ყუნივერსიტეტში დესტაბილიზაცია. 
“თქვენ შეგიძლიათ იხილოთ აუდიტორია #115-ის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი, სადაც ჩვენ 3 დღით ადრე დავაანონსეთ ეს აქცია. ფაქტია ისიც, რომ ივენთი შეიქმნა დაახლოებით 4 საათით ადრე, ვიდრე შეიქმნებოდა თვითმმართველობის ივენთი. შესაბამისად, ამ ორ აქციას შორის რომელი შეიძლება ჩაითვალოს კონტრაქციად, ვფიქრობ, ნათელია. ჯერ იყო ჩვენს მიერ დაგეგმილი აქცია, ხოლო შემდეგ იმის გამო, რომ უნივერსიტეტში გარკვეულ ჯგუფებს აწყობთ დესტაბილიზაცია/დაპირისპირება, ღიად ახდენენ პროვოკაციას. თუმცა ჩვენ, ვფიქრობთ, გვაქვს იმდენი სამოქალაქო შეგნება, რომ ეს ყველაფერი ავიცილოთ თავიდან.”
არობელიძე ამბობს, რომ მათი საპროტესტო აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ სტუდენტების თითოეული მოთხოვნა არ შესრულდება: ჩვენი მთავარი მოთხოვნა არ არის მხოლოდ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნები და სანამ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, პროტესტი გაგრძელდება უწყვეტად.”.

 

სტუდენტური თვითმმართველობის აქცია თბილისის უნივერსიტეტთან, 14/03/2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

სტუდენტური თვითმმართველობის აქცია თბილისის უნივერსიტეტთან, 14/03/2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

აუდიტორია #115-ის აქცია თბილისის უნივერსიტეტთან, 14/03/2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

აუდიტორია #115-ის აქცია თბილისის უნივერსიტეტთან, 14/03/2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

აქცია თბილისის უნივერსიტეტთან, 14/03/2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

აქცია თბილისის უნივერსიტეტთან, 14/03/2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი უკვე რამდენიმე დღეა, აქცებს მართავს. ისინი მოითხოვენ:

  • დაუყოვნებლივ დაიწყოს უნივერსიტეტებში ე.წ. ოდეერების სისტემის საქმის გამოძიება.
  • აკადემიურ საბჭოს მოუწოდებენ, კანცლერობის კანდიდატ გიორგი გაფრინდაშვილთან შეხვედრის დროს, მოუწოდოს მას, მოხსნას თავისი კანდიდატურა.
  • დაიწყოს საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურისა და რეორგანიზების შესახებ.

10 მარტს სტუდენტების პროტესტის გამო ჩაიშალა უნივერსიტეტის სენატის სხდომა, რომელზეც კანცლერი უნდა აერჩიათ.

უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ საუნივერსიტეტო სივრცეში ე.წ. ოდეერების მუშაობის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

12 მარტს სტუდენტებს შეხვდა განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე. ხოლო პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გაფრინდაშვილს თხოვა, რომ მოეხსსნა თავისი კანდიდატურა. გიორგი გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ ის ორშაბათს მიიღებს გადაწყვეტილებას, მოხსნის თუ არა თავის კანდიდატურას.

მასალების გადაბეჭდვის წესი