ახალი ამბები

თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი: პაპავას გადაყენების საკითზეც ვიმსჯელებთ

16 მარტი, 2016 •
თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი: პაპავას გადაყენების საკითზეც ვიმსჯელებთ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრმა, ნუგზარ სურგულაძემ თამარ სანიკიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დღეს უნივერსიტეტში არის უმართავი სიტუაცია. მისი თქმით, დღეს საბჭო იკვლევს იმ მიზეზებს, თუ რამ მიიყვანა უნივერსიტეტი ამ მდგომარეობამდე. თსუ-ს აკადემიური საბჭო სტუდენტებს გონივრულ ვადას სთხოვს ამ მიზეზების საკვლევად. სურგულაძის თქმით, სხვა საკითხებთან ერთად, საბჭო უნივერსიტეტის რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადაყენების საკითზეც იმსჯელებს.

“პირველ რიგში, მთავარია სტუდენტების ორი ჯგუფი, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა მოთხოვნები. უნდა განვიხილოთ ეს მოთხოვნები, რომ როგორმე ჩაგვექრო ასეთი სიტუაცია უნივერსიტეტში. დღეს შეკრებილმა აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა და ჩვენ ახლა ვაპირებთ, მივიდეთ სტუდენტებთან და ვთხოვოთ, ყველა იმ პრობლემაზე, რომლებიც დასმულია ორივე მხარის სტუდენტების მიერ, ყველა ამ პრობლემას განვიხილავთ, ოღონდ საჭიროა გარკვეული დრო, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას. მათ შორის, დღეს ერთ-ერთი მთავარი იყო ერთი ჯგუფის სტუდენტების რექტორის გადადგომის მოთხოვნა. იქ მართლა არის გარკვეული პრობლემები, რომლებიც შესაწავლი და გასარკვევია. საყვედურია ბევრი და რაღაც შეცდომებზე ლაპარაკი რექტორის მხრიდან, საბჭოს წევრებს შორის არის განსხვავებული აზრი, მაგრამ ამისთვის საჭიროა გარკვეული დრო, რომ ეს გავარკვიოთ. ჩვენ ვპირდებით სტუდენტებს, რომ როგორც ე.წ. ოდეერის შესახებ საკითხები, ისე თვითონ თვითმმართველობის შესახებ. ახლა, რასაკვირველია, რექტორთან დაკავშირებულ საკითხებს ჩვენ განვიხილავთ, შევისწავლით, ოღონდ ამისთვის გვჭირდება გონივრული ვადა,” – განაცხადა აკადემიური საბჭოს წევრმა.

კითხვაზე, თუ კონკრეტულად რა ვადაზეა საუბარი, ნუგზარ სურგულაძე ამბობს: “ვერაფერს გეტყვით. აკადემიურ საბჭოში 13 წევრია და ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ რაც შეიხლება სწრაფად მოხდეს.”

ნუგზარ სურგულაძე თვლის, რომ რექტორმა ამ პროცესებში დაიჭირა სტუდენტების ერთი ნაწილის პოზიცია. იმ შემთხვევაში თუ არ დაეთანხმებიან სტუდენტები აკადემიურ საბჭოს შეთავაზებას, სურგულაძე აცხადებს, რომ მერე ისევ შეიკრიბება აკადემიური საბჭო:

“მეც არ ვიცი, დაგვეთანხმებიან თუ არა. მე ვთვლი, რომ რექტორი დაეთანხმება ამას. სხვა გზა არ არის. თუ არსებობს სტუდენტების პრეტენზია, თუნდაც ერთი ჯგუფის, რექტორის მიმართ და საკმაოდ სერიოზული პრეტენზიებია, რომლის ნაწილსაც მეც ვეთანხმები. იმიტომ, რომ ვთვლი, რომ ნამდვილად, ერთ შემთხვევაში, რექტორი გამოჩნდა, როგორც მხარე ერთი დაჯგუფების. მე ასე ვთვლი და მიმაჩნია. აკადემიური საბჭოს წევრებს შორის განსხვავებული აზრი არსებობს. რადგან ასე გამოჩნდა, რომ ერთი მხარე დაიჭირა. რექტორისთვის დაუშვებელია ეს. იქ ყველა მისი სტუდენტია და მანვე უნდა მოაგვაროს ეს საქმე, პირველ რიგში. ახლა ჩვენ შევეცდებით, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, მაგრამ ახლა ჩვენ შევეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ… მართლა, ისიც გვესმის, რომ წარმოიდგინეთ, რექტორის გადადგომაც საკმაოდ დიდ პრობლემებს წარმოშობს. სიმართლე გითხრათ, აქამდე ვარწმუნებდი სტუდენტებს, რომ ეს არ მოხდეს. ეს გადაწყვეტილება უნდა გავაცნოთ სტუდენტებს. აკადემიურ საბჭოში არის 13 წევრი. აქ ყველას სხვადასხვა აზრი აქვს, აზრები იყოფა იქ და ამიტომ წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ერთი, შევთანხმდით იმაზე, რომ ნებისმეირ საკითხს ჩვენ განვიხილავთ. მათ შორის, რექტორის გადაყენების საკითხს. სხვა შემთხვევაში, ჩვენ სტუდენტებთან ამ პირობის გარეშე ვერც მივიდოდით. დანარჩენი, სამი დღეა ორივე ჯგუფის სტუდენტებთან დავდივარ, სამი ღამეა არ მიძინია.”

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადაყენებას სტუდენტური თვითმართველობის წევრები ითხოვენ, ხოლო სტუენტური გაერთიანება აუდიტორია #115-ის წევრები და მათი მხარდამჭერები პაპავას თანამდებობაზე დარჩენას თხოვენ.

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, შალვა საბაურმა განაცხადა, რომ აპირებს შიმშილობის დაწყებას რექტორ ლადო პაპავას გადადგომის მოთხოვნით. თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა 2015 წლის ოქტომბერშიც დაიწყეს, თუმცა მანამდე ვლადიმერ პაპავამ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებდა. სტუდენტური თვითმმართველობის შიმშილობა მაშინ რამდენიმე დღით გაგრძელდა, ხოლო პაპავა თანამდებობაზე დარჩა.

გუშინ, 15 მარტს, თსუ-ს რექტორის, ვლადიმერ პაპავას კაბინეტი თვითმმართველობის აქციის მონაწილეებმა დაიკავეს. პაპავა თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ თვითმმართველობის წევრები აკადემიური საბჭოს ოთახში დარჩებოდნენ და შიმშილობას გააგრძელებდნენ. რექტორის თქმით, მან პირობა მისცა სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს, რომ პოლიცია და უნივერსიტეტის დაცვა აკადემიური საბჭოს ოთახის დატოვებას მათ არ მოსთხოვდნენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების ქრონოლოგია იხილეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი