განათლების სამინისტროში შეხვედრის შემდეგ თსუ-ში აკადემიური საბჭო შეიკრიბა. შეკრებას აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავაც ესწრება.
თსუ-ს პრესსამსახურის განცხადებით, ეს არის სამუშაო შეხვედრა და არა სხდომა, რომელზეც საბჭოს წევრები იმსჯელებენ უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებაზე, იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სიტუაციის განმუხტვა და მხარეებთან კონსენსუსის მიღწევა. აკადემიური საბჭოს წევრები ამის შემდეგ გეგმავენ აუდიტორია 115-ის სტუდენტებთან და სტუდენტური თვითმმართველობის წევრებთან გასაუბრებას.
მანამდე აკადემიური საბჭოს წევრები, ისევე როგორც რექტორი, ანალოგიურ საკითხზე განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განაცხადა, რომ აკადემიური საბჭო უნივერსიტეტში არსებულ საკითხებს განიხილავს, მათ შორის იმსჯელებს რექტორის გადაყენების საკითხზეც, თუმცა ასეთი განხილვისთვის საბჭოს გონივრული ვადა და შესაფერისი გარემო სჭირდება. რამდენია გონივრული ვადა, არც მინისტრს და არც აკადემიური საბჭოს წევრებს არ დაუკონკრეტებიათ.
სამინისტროში გამართული შეხვედრა მის დასრულებამდე დატოვა თსუ-ს რექტორმა ლადო პაპავამ და განაცხადა, რომ სვეტიცხოველში მიდიოდა. მანამდე იგი შეხვდა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ დატოვა პაპავამ შეხვედრა ადრე, სანიკიძემ განაცხადა, რომ რექტორი წავიდა მნიშვნელოვან შეხვედრაზე, რომელიც ეხება ანალოგიურ, ანუ უნივერსიტეტის საკითხებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრმა, ნუგზარ სურგულაძემ თამარ სანიკიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დღეს უნივერსიტეტში არის უმართავი სიტუაცია. მისი თქმით, დღეს საბჭო იკვლევს იმ მიზეზებს, თუ რამ მიიყვანა უნივერსიტეტი ამ მდგომარეობამდე. თსუ-ს აკადემიური საბჭო სტუდენტებს გონივრულ ვადას სთხოვს ამ მიზეზების საკვლევად. სურგულაძის თქმით, სხვა საკითხებთან ერთად, საბჭო უნივერსიტეტის რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადაყენების საკითზეც იმსჯელებს.
თსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრი, ქეთევან მარშავა ამბობს, რომ აკადემიური საბჭოს შეხვედრა რექტორის კაბინეტში კვლავ გრძელდება.#TSU16 #თსუ #აქცია
Posted by netgazeti.ge on Wednesday, March 16, 2016