სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა რექტორს გადადგომის ვადა დღეს, 22:00 საათამდე მისცეს, თუმცა ვლადიმერ პაპავამ სტუდენტურ მოძრაობასთან – “სტუდენტები განათლების პოლიტიკის წინააღმდეგ” შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი გადადგომა გამოიწვევს სრულ დესტაბილიზაციას:
“არანაირ გადაწყვეტილებას გადადგომასთან დაკავშირებით არ ვიღებ. ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია და არა იმიტომ, რომ ლადო პაპავა გამოკიდებულია სკამს. არამედ იმიტომ, რომ დღეს რექტორის გადადგომა არის ახალი დესტაბილიზაცია უნივერსიტეტში. თუ რაიმე გასაკეთებელია, მე მზად ვარ, რომ გავაკეთო. გადადგომა გამოიწვევს საკმაოდ სერიოზულ ქაოსს. ჯერ უნდა აირჩეს მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც უნდა აირჩიოს მოქმედი კანონის მიხედვით მთელმა უნივერსიტეტმა. ამას დასჭირდება სერიოზული დრო. ამ დროს უნივერსიტეტი ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებს. მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება 6 თვის ვადით და მხოლოდ ამის შემდეგ ინიშნება ახალი რექტორი. თუკი რაიმეს გაკეთება შეიძლება, მე ამის მზაობას ვაფიქსირებ,” – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.
მისი თქმით, გუშინ საღამოს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ ისაუბრეს და განიხილეს უნივერსიტეტში არსებული პრობლემები.
“მე ველოდი, რომ ისინი დღეს მაინც ჩაატარებდნენ აქციას, თუმცა ნამდვილად არ ველოდი, რომ ჩატარდებოდა იმ სცენარით, რა სცენარითაც გუშინდელი აქცია. ჩვენი საუბარი იყო კონსტრუქციული, მათი დღევანდელი აქცია კი, დესტრუქციული,” – დაამატა რექტორმა.
უკვე მეორე დღეა თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა აქციას მართავს. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა უნივერსიტეტის რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადაყენებაა.
ამას გარდა, სტუდენტური თვითმმართველობა დოქტორანტურის სტუდენტებისათვის სწავლის გადასახადის მოხსნას, ინფრასტრუქტურისა და ჰიგიენური პირობების მოწესრიგებას, ადმინისტრაციის რეორგანიზებას, ბიუჯეტის გადახედვას, უღირსი და არაპროფესიონალი ლექტორების უნივერსიტეტიდან დათხოვნას, ლიტერატურის თარგმნასა და ინგლისური ენის სწავლების დაწყებას სერიოზულ დონეზე, ტენდერებისა გამჭვირვალობას, უნივერსიტეტის დეცენტრალიზებასა და გადაწყვეტილებების მიღებისას სტუდენტების მეტ ჩართულობას ითხოვენ.
აქცია 19 ოქტომბერს დაიგეგმა, მას შემდეგ, რაც სტუდენტური თვითმმართველობის შეხვედრამ რექტორთან ხმაურიანად ჩაიარა და როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მათ რექტორისგან ვერც ერთ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს.