ახალი ამბებისაზოგადოება

მანიფესტი #115 – თსუ-ში სტუდენტური გაერთიანების აქციები დასრულდა

16 მარტი, 2016 •
მანიფესტი #115 – თსუ-ში სტუდენტური გაერთიანების აქციები დასრულდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115-ის აქციები დასრულდა. ნეტგაზეთი სტუდენტების მანიფესტს უცვლელად გთავაზობთ:

16.03.2016

მანიფესტი #115

დღეს, 16 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები, ასევე, პროტესტის სხვა წევრები, რომლებიც 6 დღის განმავლობაში სრულ მხარდაჭერას გვიცხადებდნენ, ვაარსებთ მოძრაობას აუდიტორია #115, რომელიც განათლების სისტემის რეფორმის ფუნდამენტური ნაწილი გახდება.

აუდიტორია #115 შექმნის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეფორმირების საბჭოს, რომელშიც ფართოდ იქნებიან წარმოდგენილნი სტუდენტები და ლექტორები აუდიტორია #115-ის მოძრაობიდან. სტუდენტების მოთხოვნა უნივერსიტეტის ავტონომიურობის შესახებ გულისხმობს მართვის სისტემის დემოკრატიზაციას თითოეული სტუდენტისა და პროფესორის მაქსიმალური მონაწილეობით.

ძირეული ცვლილებების გატარება შეუძლებელია კლანების მიერ მართულ უნივერსიტეტში. ამიტომ, ამ დროისათვის, ჩვენი მთავარი და რადიკალური მოთხოვნაა: არა ცალკეული თანამდებობის პირების გადაყენება, არამედ მთლიანად აკადემიური საბჭოს დაშლა, მისი სტრუქტურისა და არჩევის წესის რეორგანიზება, როგორც ფუნდამენტური და პროგრესული ცვლილებების უპირველესი წინაპირობა.

ჩვენი დანარჩენი მოთხოვნები ძალაში რჩება: მოხდეს თვითმმართველობის სასწრაფო რეორგანიზაცია, განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის გზით; საკანონმდებლო ცვლილებები, აკადემიური საბჭოს გარდა, უნდა შეეხოს რექტორისა, სენატის და სხვა ინსტიტუტების არჩევის წესს. ამასთანავე, ჩვენ ვითხოვთ საგანმანათლებლო სივრცის სრულ გათავისუფლებას ე.წ. ოდეერებისგან.

აუდიტორია #115 მიზნად ისახავს გრძელვადიან თანამონაწილეობას განათლების სისტემის რეფორმის პროცესში. ამ მიზნით, უახლოეს დროში, შემუშავებული იქნება დეტალური ხელშეკრულება, კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმება მთავრობასა და ახალგაზრდებს შორის. ეს ხელშეკრულება არ უნდა ეფუძნებოდეს პარტიულ კონიუნქტურას და არ უნდა ექვემდებარებოდეს გადახედვას.

ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, უნივერსიტეტის რექტორი და წარმომადგენელი პირი მოძრაობიდან აუდიტორია #115.

#115 აუდიტორიაში მუშაობას დროებით ვწყვეტთ სასწავლო პროცესის აღდგენის მიზნით და ამასთანავე მოვუწოდებთ კონტრ-დემონსტრაციის მონაწილეებს, პატივი სცენ საგანმანათლებლო პროცესს.

19 მარტს, 18:00 საათზე, ვბრუნდებით აუდიტორია #115-ში მსჯელობის გასაგრძელებლად. თუ 16 აპრილამდე ვერ მოხერხდება ნახსენები ხელშეკრულების გაფორმება სამინისტროს და უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, ვიტოვებთ საერთო სტუდენტური გაფიცვის ორგანიზების უფლებას.

ყველა სტუდენტი და პროფესორი თანასწორია! ავტონომია უნივერსიტეტს!

აუდიტორია #115 თსუ-ში აქციებს წყვეტს და მანიფესტს აქვეყნებს, სადაც სამომავლო გეგმებსა და მოთხოვნებზე საუბრობს.#TSU16 #თსუ #აქცია #აუდიტორია115 #მანიფესტი

Posted by netgazeti.ge on Wednesday, March 16, 2016

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების ქრონოლოგია იხილეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი