თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის უკვე ყოფილი დირექტორი ზურაბ ოშხნელი წერს, რომ კოლეჯიდან „გააგდეს“ ე.წ. საკონკურსო შერჩევის ფორმით, მესამე მცდელობისას.
„მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს! გამაგდეს ისე, რომ იმის ღირსადაც არ ჩამთვალეს მიზეზი ეთქვათ! გამაგდეს ე.წ. საკონკურსო შერჩევის ფორმით, მესამე მცდელობისას. პირველი ორი მათთვის უშედეგოდ დასრულდა, რადგან მოტყუებით მიყვანილმა კანდიდატებმა რეალობის გაგებისას უარი განაცხადეს ჩემი ადგილის დაკავებაზე. ვაფასებ მათ ღირსეულ გადაწყვეტილებას!
მესამე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა – შვიდი თვის ძებნის შემდეგ, რის ვაი-ვაგლახით მონახეს კოლეჯის დირექტორის სკამის (ჩემი „გათლილი“ სკამის) დაკავების მსურველი! შესაბამისად, საკონკურსო კომისიას მხოლოდ მისი „გაპრავების“ ვალდებულებაღა დაუტოვეს!
მე არ ვიცი ამ გადაწყვეტილებით ვისი დაკვეთა შესრულდა! მკითხაობას ვერ დავიწყებ, თუმცა ზოგიერთი მოვლენის და ამ საქმეში მეტ-ნაკლებად გარეული ადამიანების გამონათქვამებით თუ ვიმსჯელებ, დავალება „ზემოდან“ მოვიდა!“ – წერს ოშხნელი სოციალურ ქსელში.
მის პოსტს ლევან ალიმბარაშვილი დაიკავებს. კოლეჯმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ „შედგა პირველი გაცნობითი შეხვედრა, სადაც დირექტორმა გუნდს კოლეჯის განვითარების სტრატეგიული ხედვა გაუზიარა“.
ოშხნელმა სოციალურ ქსელში ალიმბარაშვილის ოფიციალური განცხადების ფოტოც გაავრცელა. დოკუმენტი 22 სექტემბრით თარიღდება და გივი მიქანაძის სახელზეა შედგენილი. ერთწინადადებიან განცხადებაში რამდენიმე გრამატიკული შეცდომაა.
ზურაბ ოშხნელი ამბობს, რომ 1989 წლიდან მოყოლებული, ყოველთვის ცდილობდა ეთანამშრომლა „ქვეყნის მმართველ პოლიტიკურ ძალასთან პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის“. მისივე განცხადებით, ჯამში იმუშავა განათლების 22 მინისტრთან:
„იყო კომუნიკაცია, იყო აზრთა სხვადასხვაობაც, იყო გაუგებრობებიც, მაგრამ ყველამ იცოდა რომ ვაკეთებდი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საქმეს და არაფერს პირადულს! იგივე შეიძლება ითქვას „ქართული ოცნების“ დანიშნულ განათლების რამდენიმე მინისტრზეც.
არაკომპეტენტური პირების მხრიდან იმის მტკიცება, რომ „ავტორ ოპერატორი შეცვალა ვიდეოოპერატორმა და ამით არაფერი შეცვლილა“, აბსურდულია!“ – წერს ოშხნელი.
ოშხნელი აღნიშნავს, რომ არ აპირებდა სამუდამოდ ყოფილიყო დირექტორის პოსტზე და ჯერ კიდევ თებერვალში, გასაუბრებაზე, ერთ-ერთ პრიორიტეტად დააყენა „შემცვლელი ახალგაზრდა და განათლებული კანდიდატის სამინისტროსთან ერთობლივად შერჩევის საკითხი“.
„როგორც ჩანს, კოლეჯიდან ჩემი წასვლის ამ ვარიანტმა მხარდაჭერა არ მოიპოვა! […] P.S. არ შეშინდეთ, ბატონებო! მე არ დავბრუნდები კოლეჯში, რადგან პრინციპულად აღარ ვითანამშრომლებ „დიდი წითელი აგურის სახლში“ შეხიზნულ რიგით ოცდამეორესთან, რომელსაც არ შეძლებია “საკუთარი სამწყსოს” დაცვა „გარე შემოსევებისგან“! სამაგიეროდ, სულ მალე, კოლეჯში აუცილებლად დაბრუნდებიან ჩემზე განათლებული და ჩემზე კომპეტენტური, კოლეჯში აღზრდილი თაობები, რომლებსაც შორეული 37 წლის წინ (ისე ეს 37 წელიც რა სიმბოლურია) ვუწინასწარმეტყველე ბატონი ნოდარ დუმბაძის ზურიკელას ოცნების ახდენა – მალე მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით!“ – წერს ოშხნელი.
