ამ დროისთვის (17:25) თსუ-ს პირველ კორპუსში სტუდენტები, რომლებიც გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნასა და უნივერსიტეტის ავტონომიას ითხოვენ, სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ.
თსუ-ს სტუდენტი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სანდრო ტაბატაძე ნეტგაზეთთან მათი მოთხოვნების შესახებ საუბრობს:
- მივმართავთ ყველა შესაბამის უწყებას, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს უნივერსიტეტებში ე.წ. ოდეერების სისტემის საქმის გამოძიება.
- მივმართავათ აკადემიურ საბჭოს, კანცლერობის კანდიდატ გაფრინდაშვილთან შეხვედრის დროს მოუწოდოს მას, მოხსნას თავისი კანდიდატურა.
- დაიწყოს საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურისა და რეორგანიზების შესახებ.
- მივმართავთ ყველა დაინტერესებულ პირს, არ მოახდინონ საუნივერსიტეტო საზოგადოების პროტესტის გაიგივება რომელიმე პოლიტიკოსთან ან პოლიტიკურ პარტიასთან.
- სანამ არ შეწყდება სტუდენტების მოთხოვნები, ჩვენი საპროტესტო აქციები არ შეწყდება.
შეხვედრის დაწყებისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი შეხვდა. საია თსუ-ს სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს. როგორც ნაცვლიშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტებს იურიდიულ საკითხებში დახმარება დაჭირდებათ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მათ დაეხმარება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს. თსუ-ს სტუდე…
Posted by netgazeti.ge on Saturday, March 12, 2016
თსუ-ს ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტის სახვითი ხელოვნების მიმართულების ლექტორი, ლუიზა ლაფერაძე სტუდენტების პოზიციას თვითმმართველობის და ე.წ ოდეერის სისტემებთან დაკავშირებით იზიარებს. როგორც ლაფერაძე აცხადებს, პედაგოგიური მოღვაწეობის დროს მას ძალიან ხშირად უგვრძნია ზეწოლა:
“მე ვარ 2003 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში და თსუ-ში. ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის დროს ძალიან ხშირად მე თვითონ მიგვრძნია ზეწოლა, რაც თავისთავად გულისხმობს სასწავლო პროცესში ჩარევას და თავისუფლების შეზღუდვას. ეს საკითხი დაისვა და ჩემი აზრით, ის ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ საკითხის გამოძიებაზე, დროულად უნდა დაიწყონ ეს პროცესი და ეს გამოთქმული მოსაზრებები დაადასტურონ.”
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მესამე დღეა სტუდენტების აქცია მიმდინარეობს. 10 მარტს სტუდენტების პროტესტის გამო ჩაიშალა უნივერსიტეტის სენატის სხდომა, რომელზეც კანცლერი უნდა აერჩიათ.
სტუდენტები აპროტესტებენ კანცლერად გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის დასახელებას, რადგანაც მათი თქმით, ის იმ დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი იყო, რომელიც მათი აზრით ზეწოლას ახორციელებდა სტუდენტებზე. გარდა ამისა, სტუდენტები აცხადებენ, რომ გაფრინაშვილი უნივერსიტეტის ე.წ. ოდეერის მეგობარია.
“ოდეერების ინსტიტუტთან” დაკავშირებით გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება სტუდენტების ერთ-ერთი მოთხოვნაა. თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორმა ლადო პაპავამ ჯერ სტუდენტებთან და შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ უნივერსიტეტში “ოდეერის” ინსტიტუტი არსებობს, თუმცა სპეციალური უსაფრთხოების სამსახურმა ეს ინფორმაცია უარყო.
კანცლერობის კანდიდატურის გაპროტესტებამდე სტუდენტებმა უნივერსიტეტთან აქცია უნივერსიტეტის თვითმმართველობის წინააღმდეგ გამართეს. ისინი აპროტესტებდნენ თვითმმართველობის მიერ ბაკურიანში ჩატარებულ ტრენინგში 25 ათასი ლარის დახარჯვას.
სტუდენტები, რომლებიც მესამე დღეა აქციას მართავენ, ამბობენ, რომ თვითთმართველობა მხარს უჭერს გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას კანცლერის პოსტზე. პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გაფრინდაშვილს სთხოვა, რომ მოეხსსნა თავისი კანდიდატურა. გიორგი გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ ის ორშაბათს მიიღებს გადაწყვეტილებას, მოხსნის თუ არა თავის კანდიდატურას.