თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ ზოგადად განათლების რეფორმა საჭიროა, თუმცა კრიტიკულად უყურებს იმ პროცესს, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” წამოიწყო.
ჟორჟოლიანი, რომელიც 2012-2020 წლებში “ქართული ოცნების” სიით იყო პარლამენტის წევრი [მისი პარტია “სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის” იყო “ქართული ოცნების” ირგვლივ შექმნილი კოალიციის წევრი], ამბობს, რომ ვერ ხედავს კავშირს განათლების რეფორმასა და ქვეყნის განვითარების საერთო ხედვას შორის.
“მე მიმაჩნია, რომ საჭიროა უმაღლესი განათლების რეფორმა. მეტიც – საშურიც არის. მაგრამ ის უნდა უკავშირდებოდეს ქვეყნის განვითარების საერთო ხედვას. ასეთი მკაფიო კავშირი არ ჩანს ამ წამოწყებული პროცესით და კონცეფციით”, – უთხრა ჟორჟოლიანმა ნეტგაზეთს.
განათლების რეფორმის შესახებ საუბრისას ჟორჟოლიანი რამდენიმე ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას. პირველ რიგში, ის ხაზს უსვამს ამ პროცესის მიმდევრობის ლოგიკას – განათლების სამინისტრომ უკვე მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაიწყო დისკუსია უნივერსიტეტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან. ჟორჟოლიანმა ყურადღება გაამახვილა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტზეც, რომელშიც ამ რეფორმის შედეგად 60-მდე პროგრამა უქმდება. რჩება მხოლოდ პედაგოგიკა და საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მქონე STEM პროგრამა [მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა].
ჯერ გადაწყვეტილების მიღება და შემდეგ დისკუსია
“აქ არის მიმდევრობის შეცდომა: ჯობია ჯერ იმსჯელო და შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რათა არ აღმოვჩნდეთ, ვთქვათ, ისეთი ვითარებაში, როგორიც იყო იგივე ტექნიკურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით. მგონი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა იყოს ხაზგასმული. ამიტომ მე სრულად ვიზიარებ უნივერსიტეტის [თსუ-ის] სენატის პოზიციას, ჩვენს სოციალურ-პოლიტიკური ფაკულტეტსაც იგივე პოზიცია ჰქონდა – რომ მიზანშეწონილია შეჩერდეს რეფორმა და გაიმართოს ფართო დისკუსია ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლების ჩართულობით.
თუ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს და მხოლოდ შემდეგ დავიწყებთ ამაზე მსჯელობას, ცხადია, ეს სირთულეს შეუქმნის თავად რეფორმას, ხომ?! ამავე დროს, თუ მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რომელშიც არ იქნებიან ჩართული ის ადამიანები, რომლებმაც უნდა განახორციელონ ეს რეფორმა – ასწავლონ უკვე რეფორმირებული წესრიგის პირობებში. ცხადია, რომ ეს ადამიანები ეფექტურად ვერ განახორციელებენ თავიანთ საქმიანობას და მივიღებთ უარესს შედეგებს.
ანუ ცვლილება რომ საჭიროა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ცვლილება უკეთესობისკენ წაგვიყვანს. შეიძლება მოხდეს ისეთი ცვლილებები, რომლებმაც უარეს შედეგებამდეც მიგვიყვანოს”.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
“ეს რეფორმა ვერ დამთავრდება ერთ წელიწადში, ვერც ორში. მე ვფიქრობ, კიდევ ბევრი პერიპეტიები იქნება ამასთან დაკავშირებით. მაგრამ არის ისეთი საკითხებიც, რაც შეიძლება გაფუჭდეს და რისი გასწორებაც შეიძლება იყოს ძალიან ძნელი. არავითარი უკან მიწეული დისკუსია ამას არ უშველის. მე ვგულისხმობ ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა, მაგალითად, ილიას უნივერსიტეტის რიგი ფაკულტეტებისა და პროგრამების შეჩერების თაობაზე [ან ამ ეტაპზე შეჩერების თაობაზე].
ეს შეჩერება გამოიწვევს ძალიან სავალალო შედეგებს, რამდენადაც ბევრ ამ მიმართულებებში ილიას უნივერსიტეტში მიღწეული არის საკმაოდ მაღალი სასწავლო, აკადემიური და მეცნიერული დონე. მეცნიერება და სწავლება ერთმანეთთან არის აქ მჭიდროდ დაკავშირებული. შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ ამ ტიპის კვლევებს, რომლებიც მოდერნულია და რიგ მიმართულებებში წამყვანიც, ემუქრება შეჩერება. ამის აღდგენა იქნება ძალიან ძნელი.
შეიძლება მეც რაღაცის მიმართ კრიტიკული ვიყო, მაგრამ ადამიანები, რომლებსაც კვალიფიკაცია აქვთ მაღალი და რომელთა შეხედულებებიც აკადემიური თვალსაზრისით სავსებით ლეგიტიმურია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩემთვის მიუღებელი იყოს, არ შეიძლება რომ დადგეს ეჭვის ქვეშ. მით უმეტეს, არ შეიძლება ეჭვის ქვეშ დადგეს ის მიღწევები, რომლებიც ცალკეულ სფეროებშია გაკეთებული ჩვენს უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში.
ეს სივრცე ერთია. მეტი მეცნიერება აღარ არის. მეცნიერებათა აკადემია მხოლოდ საპატიო ორგანიზაციაა, სადაც მეცნიერებს ირჩევენ დამსახურების მიხედვით, თორემ მეცნიერული მუშაობა გადასულია უმაღლესი განათლების სივრცეში და ეს [რეფორმა] შეიძლება დაემუქროს ისეთ მიღწევებს, რომელთა შეჩერება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სავალალო შედეგების მომტანი შეიძლება იყოს”.
“შრომის ბაზრის მოთხოვნები”?
“საბჭოთა კავშირის შემდეგ მთელი რიგი მიმართულებები შეჩერდა. მაგალითად, ტექნიკური უნივერსიტეტის პრობლემა ის კი არ არის, რომ იქ რაღაც სხვა ფაკულტეტები დაამატეს (შეიძლება არ უნდა დაემატებინათ – ახლა ამაზე არ ვსაუბრობ), არამედ თვითონ ეს საინჟინრო-ტექნიკური კადრები შეჩერდა და ახლა მათი აღორძინებაა საჭირო. შეჩერდა არა იმის გამო, რომ პროფესორები არ ვარგოდნენ, არამედ იმის გამო, რომ მოთხოვნა არ იყო.
ხშირად ახსენებენ შრომის ბაზარს. ცხადია, შრომის ბაზარი გასათვალისწინებელია, მაგრამ ქვეყნის განვითარების მკაფიო ხედვა თუ არ არსებობს, მაშინ ჩვენ სწორად ვერ დავგეგმავთ უმაღლესი განათლების სფეროში საჭირო ცვლილებებს. ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცოდნის წარმოება, ცოდნის გადაცემა და ა.შ., ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, დგება ისეთი გამოწვევის წინაშე, როგორიც კაცობრიობამ არ იცის.
ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია და მხოლოდ ამ კონტექსტში არის შემდგომი ნაბიჯები გადასადგმელი. ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს, რომ განათლების სისტემა ცვლილებებს და რეფორმას საჭიროებს. მაგრამ ამ პროცესში საჭიროა გლობალური განვითარების ტენდენციებთან შესაბამისობაზე, უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ რესურსებზე დისკუსია”.
არსებობს თუ არა სივრცე უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესაცვლელად
“ცხადია, ეს სივრცე დარჩენილია. ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ საქართველოს ისტორია დასრულდა და ჩავიქნიოთ ხელი. ყველა შემთხვევაში ჩვენ უნდა გავაგრძელოთ, მათ შორის, კრიტიკული დამოკიდებულება. მაგრამ არამხოლოდ კრიტიკული, კონსტრუქციული სხვა გზების ძიებაც არის საჭირო. თუ ეს პროცესი დაიწყება, მე ვფიქრობ, რომ გარკვეული შედეგების, დადებითი შედეგების მიღწევა იქნება შესაძლებელი.
ხშირად გაიგონებთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მე ვიტყვი, რომ ბრძოლას კი არა, მოქმედებას აქვს ყოველთვის აზრი. ეს მოქმედება ხან შეიძლება ბრძოლა იყოს, ხან შეიძლება არ იყოს ბრძოლა. მაგრამ, მთავარია მოქმედება”.
ამავე თემაზე:








