ახალი ამბები

თსუ-ს რექტორატი და თვითმმართველობის წარმომადგენლები თამარ სანიკიძეს ხვდებიან

15 მარტი, 2016 •
თსუ-ს რექტორატი და თვითმმართველობის წარმომადგენლები თამარ სანიკიძეს ხვდებიან

საქართველოს განათლების მინისტრ თამარ სანიკიძესა და თსუ-ს რექტორატს, პროფესორებსა და თვითმმართველობის წევრებს შორის შეხვედრა დღეს, 15 მარტს, 20 საათზე დაიწყო.

შეხვედრას განათლების სამინისტროში თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა, რექტორის მოადგილე, აკადემიური საბჭოსა და სენატის წევრები, ასევე თვითმმართველობის ორი წარმომადგენელი დაესწრნენ. შეხვედრაზე არ მივიდნენ აუდიტორია #115-ის წევრები, რომლებმაც საკუთარი მოთხოვნები საჯაროდ წაიკითხეს თსუ-ს პირველი კორპუსის წინ.

შეხვედრის დაწყების წინ თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ უნივერსიტეტი ვერ ახერხებს ელემენტარული უსაფრთხოების ზომების მიღებას, ამიტომ საჭიროა გამოსავლის მოძებნა.

„დღესვე კარგი იქნება, თუ გადავწყვეტთ, რას ვაკეთებთ, იმიტომ, რომ ასე გაგრძელება ნამდვილად არ შეიძლება. თავის ფარგლებში უნივერსიტეტი ვერ უზრუნველყოფს გამომდინარე იქიდან, თუ რა პროცესები წავიდა, ელემენტარულ უსაფრთხოებასაც კი”, – განაცხადა მინისტრმა.

სანიკიძის თქმით, შესაძლებელია დასახონ მიზნები და გააკეთონ ის, რაც ევალებათ და არა ის, რაც აწყობთ ან მოსწონთ მხარეებს. მინისტრის თქმით, მან მოიწვია ის ადამიანები შეხვედრაზე, რომლებსაც შეუძლიათ პრობლემებზე ისაუბრონ.

„პრობლემების დასმა გასაგები იყო იმ აქციებით. დასვეს პრობლემები, მაგრამ მე ვერ ვხედავ, ამ აქციებით ეს პრობლემები როგორ უნდა გადაჭრან”,  განაცხადა თამარ სანიკიძემ.

თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ განაცხადა, რომ თუ არ დასხდებიან დიალოგის მაგიდასთან და მინისტრი ყველა მხარის მოსაზრებას არ მოისმენს, საერთო ენის გამონახვა ძნელი იქნება.

პაპავამ ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება მისთვის არ ყოფილა საწყენი. რექტორის თქმით, სამინისტროში შეხვედრა და პრემიერის განცხადება არ არის უნივერსიტეტის ავტონომიურობის დარღვევა.

“პრემიერის განცხადება არის საქმიანი განცხადება და მოწოდება, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ვის დაავალებდა? დაავალებდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელიც არის ჩვენი მაკონტროლებელი ორგანო”, – განაცხადა რექტორმა.

პაპავა ამბობს, რომ თამარ სანიკიძესთან არაერთხელ ჰქონია შეხვედრა და დარწმუნებულია, რომ ახლაც მოძებნის იმ მოდუსს, რომლითაც უნივერსიტეტის ავტონომიურობის დარღვევის განცდას არ გააჩენს.

თვითმმართველობის პრეზიდენტმა, შალვა საბაურმა, რომელიც შეხვედრაზე მივიდა, განაცხადა, რომ მათი მოთხოვნაა, გადადგეს რექტორი, რის შემდეგაც ისინი თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნებს გამოაცხადებენ.

“ყველანი ვხვდებით, რომ სიტუაცია უნდა განიმუხტოს, უბრალოდ,მთავარი არის, განსამუხტი ნაბიჯი რა იქნება. ამაზე გვაქვს განსხვავებული პოზიციები. შევთავაზე რექტორს, რომ თუ ის გადადგება და წამოვა კომპრომისზე, ამ შემთხვევაში ჩვენ სტუდენტური თვითმმართველობის ნაადრევ არჩევნებს გამოვაცხადებთ. ამ შემთხვევაში სტუდენტები გადაწყვეტენ, რომელი ფორმაციის სტუდენტური თვითმმართველობა არის ოპტიმალური. ვინც არჩევნებში გაიმარჯვებს, იმ ადამიანებმა დაალაგონ სტრუქტურა”, – განაცხადა საბაურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი