“დღეს, რეალურად, მიზეზიც არ არსებობს იმისათვის, რომ განსაკუთრებით #115-ის სტუდენტები იდგნენ ქუჩაში,” – ეს განცხადება განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ დღეს, 16 მარტს, თსუ-ს აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
“ერთადერთი საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ გადასაჭრელია და რომელსაც არ ეთანხმებიან და წამოვიდა მეორე ტალღა, არის მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები, რაც ვფიქრობ, რომ მიუღებელია იმიტომ, რომ რექტორს არ სჭირდება მხარდაჭერა და არც მოწინააღმდეგეები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც თვითონ მიიღო. ამის მოწინააღმდეგე არის სტუდენტების ერთი ნაწილი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აკადემიური საბჭო, ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო ჩაერთვება და იმსჯელებს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საუკეთესო ფორმატი,” – განაცხადა სანიკიძემ.
განათლების მინისტრ თამარ სანიკის განცხადებით, თსუ-ს აკადემიურ საბჭოს კონკრეტული შეთავაზება აქვს სტუდენტებთან. კერძოდ ისინი რექტორის საკითხზე მსჯელობისთვის გონივრულ ვადას მოითხოვენ.
“თუ დღის წესრიგში დგება რექტორის მუშაობის თუ არმუშაობის საკითხი, რომელსაც თვითმმართველობის წარმომადგენლები აყენებენ, ჩვენი პასუხიც არის შესაბამისი. ძალიან მნიშვნელოვანია რექტორის თემის განხილვა. აქედან გამომდინარე კონკრეტული შეთავაზება აქვს აკადემიურ საბჭოს სტუდენტებისთვის, რომ ისინი მოითხოვენ გონივრულ ვადას იმისთვის, რომ იმსჯელონ რექტორის საკითხზე. მიიღონ გადაწყვეტილება და აცნობონ სტუდენტებს”, – განაცხადა სანიკიძემ 16 მარტს მას შემდეგ, რაც სამინისტროში დასრულდა შეხვედრა აკადემიურ საბჭოსთან და უნივერსიტეტის რექტორთან. თუმცა ეს შეხვედრა უფრო ადრე დატოვა რექტორმა ლადო პაპავამ და სვეტიცხოველში წავიდა.
თამარ სანიკიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე აკადემიურმა საბჭომ გამოთქვა თავისი მოსაზრება და ისაუბრეს რიგ საკითხებზე, რომლებიც არის გადასაწყვეტი:
“ვფიქრობთ, რომ ეს საკითხები უნდა გადაწყდეს იმ ორგანოებში, რომლებიც ლეგიტიმურია. ამ შემთხვევაში ეს არის აკადემიური საბჭო”.
“ეს ადამიანები [აკადემიური საბჭოს წევრები] არიან, ვინც რექტორი აირჩიეს და კიდევ ერთხელ არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გვაქვს, რომ მივცეთ აკადემიურ საბჭოს შესაძლებლობა, რომ იმსჯელოს ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. მაგრამ ამისთვის ნამდვილად დასჭირდებათ გონივრული ვადა და აბსოლუტურად შეუფერებელია ის გარემო, რომელიც უნივერსიტეტში დღეს არის ამისათვის”, – განაცხადა სანიკიძემ.
მინისტრის განცხადებით, გონივრული ვადა შეიძლება იყოს ერთი კვირა, ორი კვირა, ერთი თვე : “დარწმუნებული ვარ, ამ საკითხზე აკადემიური საბჭო და სტუდენტები შეთანხმდებიან”.
ჟურნალისტების კითვაზე, რატომ დატოვა პაპავამ შეხვედრა, მინისტრმა ასე უპასუხა:
“იმიტომ, რომ აგვიანდებოდა ერთ-ერთ ასევე მნიშვნელოვან შეხვედრაზე, ამავე საკითხზე”. პაპავამ კი განაცხადა, რომ სვეტიცხოველში წავიდა შეხვედრაზე.
მისი თქმით, ხვალ უნივერსიტეტში ასევე გაიმართება შიდა შეხვედრა, რომელსაც თავად არ დაესწრება, რადგან “შიდა საქმეა”.