ახალი ამბები

თსუ-ს სტუდენტურმა თვითმმართველობამ რექტორს გადადგომისთვის ერთი საათი მისცა

16 მარტი, 2016 • 2076
თსუ-ს სტუდენტურმა თვითმმართველობამ რექტორს გადადგომისთვის ერთი საათი მისცა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ რექტორ ლადო პაპავას ულტიმატუმი წაუყენა და ერთ საათში გადადგომა მოსთხოვა.

ეს მოთხოვნა თვითმმართველობის წევრებმა, რომლებიც თსუ-ს პირველი კორპუსის წინ აქციას მართავენ, 13.50 საათზე წაუყენეს.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, რას მოიმოქმედებენ სტუდენტები იმ შემთხვევაში, თუ რექტორი არ გადადგება, სტუდენტური თვიმმართველობის წევრმა გიორგი ინაშვილმა უპასუხა, რომ შემდგომ დაგეგმავენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ თვითმმართველობის აქცია 16 მარტს, დილით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ისინი რექტორ ლადო პაპავას გადადგომას ითხოვენ.

თვითმმართველობის აქციის პარალელურად აუდიტორია #115-ის მხარდამჭერთა აქციაც მიმდინარეობს.

15 მარტს, თსუ-ში სტუდენტების აქციის მეექვსე დღეს პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა, სასწრაფოდ განემუხტა ვითარება უნივერსიტეტში და გაეძლიერებინა უსაფრთხოების ზომები. პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო პროცესების მშვიდ ვითარებაში ჩატარება, ამიტომაც მოუწოდა განათლების მინისტრს, რომ შეხვედროდა სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს. პრემიერის განცხადების შემდეგ ეს შეხვედრა დაინიშნა, თუმცა მას თსუ-ს აუდიტორია 115-ის წევრები არ დასწრებიან. განათლების მინისტრის მოადგილე გიორგი შერვაშიძე და თსუ-ს რექტორი ლადო პაპავა წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მოლაპარაკებას აწარმოებდნენ სტუდენტებთან, თუმცა შეთანხმებას მხოლოდ აუდიტორია 115-ის სტუდენტებთან მიაღწიეს. სტუდენტური თვითმმართველობის წევრები კვლავ დაჟინებით ითხოვენ რექტორის გადადგომას, ამიტომაც დღეს სტუდენტების ორივე ჯგუფი თსუ-სთან პარალელურ აქციებს მართავენ.


თსუ-ში მიმდინარე მოვლენების მოკლე  ქრონოლოგია

07.03.2016 –  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115-ის აქცია გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა 2 ამბავი გააპროტესტეს: 1. სტუდენტური თვითმმართველობის წევრებისთვის ბაკურიანში ჩატარებულ ტრენინგში უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან  24 600 ლარის დახარჯვა და თსუ-ს აკადემიურის საბჭოს მიერ უნივერსიტეტის კანცლერის კანდიდატად გიორგი გაფრინდაშვილის არჩევა.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ გაფრინდაშვილი თვითმმართველობის პირველი და მეორე მოწვევის წევრი იყო, ხოლო 2010-დან 2012 წლმადე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწედ მუშაობდა. მათი თქმით, 2011 წელს, სტუდენტური მოძრაობა “თარგმნეს” მიერ დაგეგმილი პრეზენტაციისას, თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობის აქტივისტებს. ჟურნალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ, გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ არავინ არავის სცემდა.

09.03.2016 თსუ-ს რექტორმა ლადო პაპავამ განაცხადა, რომ უნივერსიტეტში არსებობს ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი, რაც სპეციალური უსაფრთხოების სამსახურმა უარყო.

10.03.2016თსუ-ს კანცლერის არჩევნები სტუდენტების პროტესტის გამო ჩაიშალა. სტუდენტებს უნივერისტეტის სენატის სხდომაზე დასწრება სურდათ, თუმცა უნივერსიტეტის დაცვამ და შემდეგ პოლიციამ სტუდენტებს არ მისცა საშუალება აუდიტორიამდე მისულიყვნენ. საბოლოოდ, თსუ-ში სენატის სხდომა ჩაიშალა. სტუდენტების ნაწილმა ღამე თსუ-ს პირველი კორპუსში გაათენა.

11.03.2016ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა თსუ-ში მიმდინარე პროცესებზე მიმართვა გაავრცელეს, რომლითაც ისინი აცხადებენ, რომ უნივერსიტეტებში ცენზურა მიუღებელია.

11.03.2016  თსუ-ში სტუდენტებთან სოლიდარობის გამოსაცხადებლად რესპუბლიკური დავით ბერძენიშვილი მივიდა, თუმცა სტუდენტებმა განაცხადეს, რომ პროცესის პოლიტიზება არ სურდათ. უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ საუნივერსიტეტო საქმეებში არ ჩარეულიყვნენ.

11.03. 2016 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გაფრინდაშვილს სთხოვა, რომ თსუ-ს კანცლერის პოსტზე კანდიდატურა მოეხსნა.  სტუდენტები პრემიერ-მინისტრის განცხადებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას 14 მარტს მიიღებდა.

12.03.2016აუდიტორია #115-ში შეკრებილმა სტუდენტებმა განაცხადეს, რომ სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ შესრულდებოდა, საპროტესტო აქციები გაგრძელდებოდა. ისინი ე.წ. ოდეერის საქმის გამოძიებას, გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას კანცლერის არჩევნებიდან და თსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის რეორგანიზებას მოითხოვდნენ.

13.03.2016 თსუ-ს გაზეთის რედაქტორმა, ნინო კაკულიამ სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მას უნივერსიტეტის პრობლემების შესახებ ზოგიერთი სტატიის გამოქვეყნების უფლებას არ რთავდნენ. ერთ-ერთ იმ პირებიდან კი, ვინც, მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების დროს გაზეთს აკონტროლებდა, უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი იყო. სტუდენების აქცია 13 მარტსაც გაიმართა. სტუდენტების ნაწილმა ღამე კვლავ უნივერსიტეტში გაათია.

14.03.2016თსუ-ს პირველი კორპუსის წინ აუდიტორია #115-ის წევრებისა და სტუდენტური თვითმმართველობის აქციები პარალელურად დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.  თვითმართველობის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ვლადიმერ პაპავას გადადგომას მოითხოვეს. აქცია საღამოს რექტორის კაბინეტთან გაგრძელდა, სადაც სტუდენტური თვითმმართველობის აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ “გადადექი”, ხოლო სხვა სტუდენტები- “არ გადადგე”.  კაბინეტი საღამოს დატოვა რექტორმა ლადო პაპავამ და განაცხადა, რომ არ გადადგება.

იმავე საღამოს თვითმართველობის აქციის მონაწილეებმა ცადეს რექტორის კაბინეტის კარი შეემტვრიათ, თუმცა პოლიციამ ისინი ძალის გამოყენებით მოაცილა კაბინეტს. მანამდე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობაში გაურკვეველი პირები შევიდნენ, რომლებსაც სახე ნაწილობრივ ჰქონდათ დაფარული და თვითმმართველობის აქციის მონაწილეებთან იდგნენ. მათ შორის ზოგიერთმა ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალა.

პოლიციამ უნივერსიტეტის კარი ჩაკეტა და გარეთ დარჩენილმა სტუდენტებმა შესვლა ვეღარ მოახერხეს, ნაწილმა კი ღამე კვლავ თსუ-ს შენობაში გაათენა.

14.03.2015 გიორგი გაფრინდაშვილმა თსუ-ს კანცლერობის არჩევნებიდან თავისი კანდიდატურა მოხსნა.

15.03.2016 -თსუ-ს რექტორის, ვლადიმერ პაპავას კაბინეტი თვითმმართველობის აქციის მონაწილეებმა დაიკავეს. პროფესორ დიანა ძიძიგურის განცხადებით, პოლიციამ მათ ხელი არ შეუშალა. საბაურის განცხადებთ, სამართლებრივი წესრიგის დაცვა უნივერსიტეტში შეუძლებელი იყო და ამ სივრცეში დარჩებოდნენ, სანამ პაპავა გადადგომის გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. თსუ-ს თვითმმართველობის წევრებმა უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტის წინ სტუდენტების მხარდამჭერების დამონტაჟებული პლაკატები გამოაკრეს და შიმშილობის აქცია დააანონსეს.

15.03.2016 ლადო პაპავა თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ თვითმმართველობის წევრები აკადემიური საბჭოს ოთახში დარჩებოდნენ და შიმშილობას გააგრძელებდნენ. პაპავამ კვლავ განაცხადა, რომ არ გადადგება.  ხოლო აუდიტორია #115-მა სტუდენტურ თვითმმართველობის გარდა  თსუ-ს აკადემიური საბჭოს დაშლაც მოითხოვა.

15.03.2015 პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა,  სასწრაფოდ განემუხტა ვითარება უნივერსიტეტში და გაეძლიერებინა უსაფრთხოების ზომები. პრემიერმა ასევე განაცხადა,  რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო პროცესების მშვიდ ვითარებაში ჩატარება, ამიტომაც  მოუწოდა განათლების მინისტრს, რომ შეხვედროდა სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს. პრემიერის განცხადების შემდეგ ეს შეხვედრა დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი