აუდიტორია #115-ის წევრებს თამარ სანიკიძე ხვდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე ხვდება სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია #115”-ის წევრებს ხვდება.

როგორც თსუ-ს სტუდენტები ამბობენ, მათთან შეხვედრის სურვილი სანიკიძემ თავად გამოთქვა. დღევანდელი დახურული მსჯელობის შემდეგ სტუდენტები განათლების მინისტრთან შეხვედრას დათანხმდნენ.

“მინისტრმა შეხვედრაზე მზაობა თავად გამოთქვა, თუ ამას ჩვენ ვთხოვდით. გადავწყვიტეთ და მივიჩნიეთ, რომ მოსულიყო,” – ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ოთო კობახიძე.

სტუდენტური მოძრაობის კიდევ ერთი წევრის, გიორგი კოხოძის თქმით, სტუდენტები თამარ სანიკიძესთან შეხვედრის შემდეგ რაიმე ცვლილებას არ ელიან. როგორც კოხოძე ამბობს, განათლების მინისტრთან შეხვედრას მხოლოდ იმიტომ დათანხმდნენ, რომ მათი პოზიცია ღიად დაეფიქსირებინათ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მესამე დღეა სტუდენტების აქცია მიმდინარეობს. 10 მარტს სტუდენტების პროტესტის გამო ჩაიშალა უნივერსიტეტის სენატის სხდომა, რომელზეც კანცლერი უნდა აერჩიათ.

სტუდენტები აპროტესტებენ კანცლერად გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის დასახელებას, რადგანაც მათი თქმით, ის იმ დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი იყო, რომელიც მათი აზრით ზეწოლას ახორციელებდა სტუდენტებზე. გარდა ამისა, სტუდენტები აცხადებენ, რომ გაფრინაშვილი უნივერსიტეტის ე.წ. ოდეერის მეგობარია.

“ოდეერების ინსტიტუტთან” დაკავშირებით გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება სტუდენტების ერთ-ერთი მოთხოვნაა. თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორმა ლადო პაპავამ ჯერ სტუდენტებთან და შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ უნივერსიტეტში  “ოდეერის” ინსტიტუტი არსებობს, თუმცა სპეციალური უსაფრთხოების სამსახურმა ეს ინფორმაცია უარყო.

კანცლერობის კანდიდატურის გაპროტესტებამდე სტუდენტებმა უნივერსიტეტთან აქცია უნივერსიტეტის თვითმმართველობის წინააღმდეგ გამართეს. ისინი აპროტესტებდნენ თვითმმართველობის მიერ ბაკურიანში ჩატარებულ ტრენინგში 25 ათასი ლარის დახარჯვას.

სტუდენტები, რომლებიც მესამე დღეა აქციას მართავენ, ამბობენ, რომ თვითთმართველობა მხარს უჭერს გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას კანცლერის პოსტზე. პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გაფრინდაშვილს თხოვა, რომ მოეხსსნა თავისი კანდიდატურა. გიორგი გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ ის ორშაბათს მიიღებს გადაწყვეტილებას, მოხსნის თუ არა თავის კანდიდატურას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.