უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე მორიგ განცხადებას ავრცელებს და პარტნიორებთან ერთად „ანტიპუტინური კოალიციის“ შექმნაზე საუბრობს:
„ვესაუბრე შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას, ბრიტანეთის პრემიერ ბორის ჯონსონს. მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ შევაჩეროთ პუტინი, ომი უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ. ვაშენებთ პუტინის საწინააღმდეგო კოალიციას“, – წერს იგი.
პრეზიდენტი ზელენსკი მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუწესონ სანქციები რუსეთის ფედერაციას და უკრაინას გაუგზავნონ სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა. „დაკეტეთ საჰაერო სივრცე. მსოფლიომ რუსეთს უნდა დააძალოს მშვიდობა“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
მისი ეს განცხადება თბილისის დროით 10:06 საათზე გამოქვეყნდა.
Talked to @POTUS, @OlafScholz, @eucopresident, @AndrzejDuda, @BorisJohnson. Urge to stop Putin, war against ?? & the world immediately! Building an anti-Putin coalition. Immediate sanctions, defense & financial support to ??! Close the airspace! The world must force ?? into peace
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 24, 2022
24 თებერვლის დილას რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.
როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.
ვრცლად:
- რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო — განახლებადი [Live]
- რუსმა სამხედროებმა ლუგანსკის ორი სოფელი დაიკავეს — უკრაინის შსს
- ჩამოვაგდეთ რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი – უკრაინა
უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა რამდენიმე თვის წინ არაოფიციალურად დაანონსებული თანამშრომლობის ფორმატის შექმნა 1 კვირის წინ ოფიციალურად დაადასტურეს.
ქვეყნებმა ეკონომიკური, ენერგეტიკული, სავაჭრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებისთვის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი 17 თებერვალს დაიწყეს.