კომენტარი

„ნოვაია გაზეტას” ახალი ნომერი უკრაინულ ენაზეც გამოვა – მთავარი რედაქტორის მიმართვა

24 თებერვალი, 2022 • 1183
„ნოვაია გაზეტას” ახალი ნომერი უკრაინულ ენაზეც გამოვა – მთავარი რედაქტორის მიმართვა

უკრაინაში რუსეთის ომს ვიდეომიმართვით გამოეხმაურა მშვიდობის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, რუსეთის დამოუკიდებელი გაზეთის, „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი დმიტრი მურატოვი.

“დღეს ძალიან ადრე შევიკრიბეთ რედაქციაში, რადგან უბედურება დაგვატყდა თავს. ჩვენმა ქვეყანამ პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით დაიწყო ომი უკრაინასთან და არავინაა, ვისაც ომის შეჩერება შეუძლია. ამიტომაც, ტრაგედიასთან ერთად, გვრცხვენია. მთავარსარდალი ძვირადღირებული ავტომობილის გასაღებივით ატრიალებს ბირთვულ ღილაკს. ანუ შემდეგ ნაბიჯი ბირთვული დეტონატორია? სხვაგვარად როგორ უნდა აიხსნას პუტინის სიტყვები შურისძიების იარაღზე?! მაგრამ “ნოვაია გაზეტას” ეს ნომერი ორ ენაზე გამოვა, იმიტომ, რომ უკრაინას ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ მტრად და უკრაინულ ენას მტრულ ენად. დაბოლოს, ვფიქრობ, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების ანტისაომარ მოძრაობებს შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე ამ პლანეტაზე”.

დღეს, 24 თებერვლის დილით, რუსეთმა  უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

დმიტრი მურატოვი; ფოტო: AFP / Natalia KOLESNIKOVA

დმიტრი მურატოვი; ფოტო: AFP / Natalia KOLESNIKOVA

მასალების გადაბეჭდვის წესი