ახალი ამბები

რუსი ჟურნალისტები, მეცნიერები, აქტივისტები და სხვები აპროტესტებენ რუსეთის ომს უკრაინაში

24 თებერვალი, 2022 • 1571
რუსი ჟურნალისტები, მეცნიერები, აქტივისტები და სხვები აპროტესტებენ რუსეთის ომს უკრაინაში

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომისადმი წინააღმდეგობა არაერთმა რუსმა ჟურნალისტმა, მეცნიერმა, ხელოვანმა თუ აქტივისტმა გამოხატა.

The Moscow Times-ის მიხედვით, პოპ ვარსკვლავებმა, სატელევიზიო შოუების წამყვანებმა და რეჟისორებმა ომის გასაპროტესტებლად “ინსტაგრამის” პროფილებზე განათავსეს ფოტოები, რომლებზეც შავი კვადრატია გამოსახული.

გაზეთ “კომერსანტის” ჟურნალისტმა ელენა ჩერნენკომ შექმნა ომის საწინააღმდეგო პეტიციაც, რომელსაც სულ მცირე 100 ჟურნალისტი აწერს ხელს. ხელმომწერებს შორის არიან RBC-ს, Novaya Gazeta-ს, Dozhd-ის, Ekho Moskvy-ის, Snob-ისა and The Bell-ის თანამშრომლები.

უკრაინაში რუსეთის ომს ვიდეომიმართვით გამოეხმაურა მშვიდობის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, რუსეთის დამოუკიდებელი გაზეთის,  Novaya Gazeta-ს მთავარი რედაქტორი დმიტრი მურატოვი.

მისი თქმით, გაზეთის ახალი ნომერი უკრაინულ ენაზეც გამოვა.

“ჩვენმა ქვეყანამ პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით დაიწყო ომი უკრაინასთან და არავინაა, ვისაც ომის შეჩერება შეუძლია. ამიტომაც, ტრაგედიასთან ერთად, გვრცხვენია.

მთავარსარდალი ძვირადღირებული ავტომობილის გასაღებივით ატრიალებს ბირთვულ ღილაკს. ანუ შემდეგ ნაბიჯი ბირთვული დეტონატორია? სხვაგვარად როგორ უნდა აიხსნას პუტინის სიტყვები შურისძიების იარაღზე?!

…ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ უკრაინას მტრად და უკრაინულ ენას — მტრის ენად… ვფიქრობ, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების ანტისაომარ მოძრაობებს შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე ამ პლანეტაზე”, — აღნიშნა მურატოვმა.

უკრაინაში პუტინის ხელისუფლების ქმედებები გააკრიტიკა პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმაც, რომელმაც დასძინა, რომ აღნიშნულის შედეგები რუსებს წლების განმავლობაში გაჰყვებათ.

The Moscow Times-ის მიხედვით, თავიანთი უკმაყოფილება რუსმა მეცნიერებმა და სამეცნიერო ჟურნალისტებმაც ღია წერილით დააფიქსირეს, რომელშიც ისაუბრეს რუსეთის “უსამართლო და უაზრო” სამხედრო მოქმედებებზე უკრაინაში:

“ომის გაჩაღებით რუსეთმა გაწირა საკუთარი თავი საერთაშორისო იზოლაციისა და თაღლითური სახელმწიფოს პოზიციისთვის.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, მეცნიერები, სრულფასოვნად ვერ გავაკეთებთ ჩვენს საქმეს… რუსეთის იზოლაცია მსოფლიოსგან ნიშნავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ კულტურულ და ტექნოლოგიურ დეგრადაციას”.

კიდევ ერთი ღია წერილის ავტორები მუნიციპალიტეტების ადგილობრივი დეპუტატები არიან. 150-მდე მათგანი აცხადებს:

“ეს არის უპრეცედენტო სისასტიკე, რომლის გამართლება არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს… დარწმუნებულნი ვართ, რომ რუსეთის მოქალაქეებს მისთვის ასეთი მანდატი არ მიუციათ… რუსეთში კარგი ცხოვრების იმედი ჩვენს თვალწინ იშლება”.

პარალელურად, რუსული ვებგვერდი OVD-Info, რომელიც პოლიციის მოქმედებების მონიტორინგს ახორციელებს, არაერთი დაკავებულის შესახებ იტყობინება მოსკოვში, პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში, სადაც მოქალაქეები ცდილობდნენ, ინდივიდუალურად დაეფიქსირებინათ პროტესტი. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი მოსკოვში, პუშკინის მოედანზე მოხდა.

უფლებადამცველმა მარინა ლიტვინოვიჩმა მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებს, 24 თებერვალს, 19:00 საათზე, თავიანთი ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე გამოვიდნენ და პროტესტი გამოუცხადონ ომს.

“ვიცი, რომ ახლა ბევრ თქვენგანს აქვს სასოწარკვეთის, უძლურების, სირცხვილის განცდა ვლადიმერ პუტინის თავდასხმის გამო მეგობარ უკრაინელ ხალხზე.

მაგრამ მოგიწოდებთ, ნუ ჩავარდებით სასოწარკვეთაში და დღეს, 19 საათზე გამოდით თქვენი ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე, რათა ნათლად და მკაფიოდ თქვათ, რომ ჩვენ, რუსეთის ხალხი, წინააღმდეგი ვართ პუტინის მიერ გაჩაღებული ომის, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ამ ომს, ის არ მიმდინარეობს ჩვენი სახელით”, — დასძინა მან.

ტელეკომპანია Dozhd-ის მიხედვით, მოწოდების გახმიანებიდან მალევე ლიტვინოვიჩი საკუთარ სახლთან დააკავეს.

ფოტო: BBC Russian/Getty Images

რუსეთში ომის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს აკავებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი