თბილისის საქალაქო სასამართლოს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუსიკოს სოფიო ბათილაშვილის მიმართ დაიწყო.
სოფოს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული მუსიკალური კლიპის გამო ედავებიან, რომელშიც მან შსს-ს შეფასებით შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა.
დოკუმენტაციის მიხედვით, საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს, რაც განიმარტება როგორც საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და საზოგადოებრივი წესრიგის ან/და მოქალაქეთა სიმშვიდის დამრღვევი სხვა ამგვარი მოქმედება.
“სიმღერის გამო სასამართლოში ხალხის დაბარება დაიწყეს. დიახ, სწორად კითხულობთ. ტექნიკურად, დღეს დაიწყო სხდომები. ჰოდა, რადგან 2026 წლის საქართველოში ადამიანებს ამ სიმღერის გამო, ვიმეორებ, სიმღერის გამო, ასამართლებთ, მე, რომელსაც ოლე ოლები კაი ხნის მობეზრებული მქონდა და რახანია წაღიღინების სურვილიც კი არ გამჩენია, აგერ, უცებ, ინებეთ. ვპოსტავ სიმბოლურად 22:00-ზე, მაშინ, როცა აქციაზე ჩემი თანამებრძოლები ამ სიმღერას ყურში ჩამკივიან ხოლმე. მინდოდა დამეწერა, მღერიან მეთქი, მაგრამ მერე ფრჩხილებში მომიწევდა მიმეთითებინა: “ავად თუ კარგად”, “რა დროსაც მე ყურსასმენებს ვიკეთებ”, ან რამე ეგეთი და უნდა მეხარჯა ზედმეტი სიტყვები. მიხარია რომ არ დავწერე. (ჩვენში დარჩეს, არ გამოვრიცხავ, მაგ ნიშნით შეედგინათ ზოგზოგიერთებისთვის ოქმები, მაგრამ საინტერესოა, რომელი პოლიციელი გამომივიდა მარინა ბერიძე და მაგათ თავი ჯეოსტარში ხო არ ჰგონიათ?) ამ პოსტშივე გამოვუცხადებ სოლიდარობას კორძსაც და პოსტის მიწურულს დავწერ ამას: ვიცი, რამდენი რამეც განორმალურდა, ისიც ვიცი, როგორ გიპირისპირდებიან, თუ ხმას იღებ, მაგრამ უნდა შევიხსენოთ, რომ არაა ნორმალური როგორც ექცევიან ადამიანებს და რომ ჯერ ისევ გვაქვს ერთმანეთის ზურგი. სხვანაირად უბრალოდ აზრი არ აქვს და ოდესმე თქვენც აღმოჩნდებით იქ, სადაც მიხვდებით, რომ სხვანაირად აზრი არ აქვს”, – დაწერა სოფო ბათილაშვილმა.
საქმე, რომელიც მოიცავს ადმინისტრაციული საქმის მასალებს 10 ფურცლად და ორ მეხსიერების ბარათს, საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 21 ოქტომბერს გაეგზავნა. სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებს წარმოადგენს პოლიციის უფროსი ლეიტენანტი მარიამ კერესელიძე, რომელზეც უწყების მიერ გაცემულია შესაბამისი რწმუნებულება.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
